ფეხბურთი

12:35 | 23.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ჯაკობია: "ორი ქართველი ევროპის მაღალი დონის ჩემპიონატში ითამაშებს"

ფოთის “კოლხეთისა” და “ზესტაფონის” ფეხბურთელები ლევან შენგელია და გიორგი ბერიძე კარიერას ევროპაში გააგრძელებენ. “მსოფლიო სპორტს” სამენეჯერო კომპანია Vision Foot-ის წარმომადგენელი საქართველოში ლაშა ჯაკობია ესაუბრა, რომლის დახმარებითაც მოხდა შენგელიასა და ბერიძის გასინჯვა ფრანგულ კლუბში.

“ბერიძე და შენგელია “ლილში” ძალიან მოეწონათ. ასაკიდან გამომდინარე ბერიძით უფრო დაინტერესდნენ, რადგან მას შეუძლია ჯერ დუბლებში დაიწყოს თამაში. ბერიძემ ფიზიკური ტესტები გაიარა და უკვე კონტრაქტის დეტალებზე მიდის საუბარი. ასევე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა შენგელიამ. ადრეც ვამბობდი ერთ-ერთი ბელგიური კლუბი მზად იყო შენგელიასთან ხელშეკრულების გასაფორმებლად.

მათ “ლილის” ამხანაგურ მატჩში მიიღეს მონაწილეობა. ამ მატჩს არამარტო ის ბელგიური გუნდი დაესწრო, რომელიც შენგელიას კონტრაქტს სთავაზობდა, არამედ კიდევ ერთი ფრანგული კლუბი. ასე რომ, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ახალ სეზონს შენგელია ბელგიურ ან ფრანგულ კლუბში დაიწყებს. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ სჯობს კლუბის დასახელება.

“ლილს” სურს ბერიძესთან გააფორმოს კონტრაქტი. გიორგის ასევე აკვირდება “ანდერლეხტი,” მაგრამ სავარაუდოდ “ლილის” ვარიანტს აირჩევს. ღმერთს მადლობა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

ყველაფერი 10 ივნისისთვის გადაწყდება. მიხარია, რომ მოეწონათ ორივე ფეხბურთელი. ახალი სეზონიდან 2 ქართველი იქნება ევროპის მაღალი დონის ჩემპიონატში. ასევე მიდის მოლაპარაკება კიდევ ორ ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ მათი დასახელებისგან” – დაასრულა ჯაკობიამ.

18 წლის გიორგი ბერიძე ბოლოს “ზესტაფონში” თამაშობდა, 19 წლის ლევან შენგელიამ კი მიმდინარე სეზონი ფოთის “კოლხეთში” დაჰყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.142478