კალათბურთი

17:22 | 22.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტრიოს “ორმაგი”

თბილისის სპორტის სასახლეში სტარტი საქართველოს საკალათბურთო პირველობის პლეი ოფის საჩემპიონო სერიამ აიღო. ჩვენი ქვეყნის თასის მფლობელი და შარშანდელი ჩემპიონატის გამარჯვებული თბილისის “დინამო” მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტ “შსს აკადემიასთან” გაარკვევს საქართველოს მორიგ ჩემპიონს. პრინციპში ლოგიკურიცაა, პლეი ოფის სუპერფინალში რეგულარულ ჩემპიონატში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები რომ გავიდნენ. სერია 3 მოგებამდეა და დღეს კოტე ტუღუშის გუნდმა სანუკვარი ტიტულის მოსაპოვებლად პირველი ნაბიჯი გადადგა.

“დინამოსა” და “შსს აკადემიას” დასკვნით საპლეიოფე დაპირისპირებაში გადამწყვეტ როლს ორივე გუნდის ლიდერები რომ შეასრულებენ, არავისთვის დავის საგანს არ წარმოადგენს. დღეს აკადემიელთა წამყვანი მოთამაშეები მოწინააღმდეგის საუკეთესო კალათბურთელებთან შედარებით უკეთ გამოიყურებოდნენ და სწორედ ნიკა მეტრეველის, გიორგი ცინცაძის და გიორგი შარაბიძის შედეგიანმა, საიმედო ასპარეზობამ გადაწყვიტა მატჩის ბედი.

შეხვედრაში თავიდანვე “შსს აკადემია” დაწინაურდა. მეტრეველის ზუსტი ტყორცნების შემდეგ ანგარიში 7:0 გახდა. პრაქტიკულად მთელი მატჩის მსვლელობისას “დინამო” მდევრის როლში იყო და ირაკლი ხოშტარიას შეგირდები დრო და დრო ანგარიშის გაყაიმებასაც ახერხებდნენ და რამდენჯერმე დაწინაურებაც მოახერხეს. “შსს აკადემიას” საბოლოო მოგება კი ლოგიკურია – ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, შეხვედრისთვის განკუთვნილი 40 სათამაშო წუთიდან ტუღუშის გუნდი წინ 34 წუთისა და 10 წამის განმავლობაში იყო. დინამოელები ბოლომდე იბრძოდნენ, ასპარეზობის ბედი კი საფინალო სირენამდე წუთითა და 10 წამით ადრე გადაწყდა, როდესაც გიორგი ცინცაძის ზუსტი ტყორცნის შემდეგ “აკადემია” 74:66 დაწინაურდა. მატჩის ბოლო წერტილი კვლავ აკადემიელებმა დასვეს, 77:66 მოიგეს (ასპარეზობის მსვლელობისას მოგებულის ყველაზე დიდი სხვაობაც სწორედ 11 ქულა გახლავთ, “დინამო” წინ რამდენჯერმე 2 ქულით გაიჭრა) და საჩემპიონო ტიტულისკენ პირველი ნაბიჯიც გადადგეს.

როგორც მოგახსენეთ, აკადემიელთაგან ყველაზე მეტად თავი მეტრეველმა, ცინცაძემ და შარაბიძემ გამოიჩინეს. განსაკუთრებით მეტრეველის გარჯა უნდა გამოვარჩიოთ. ნიკა მთელი მატჩის მსვლელობისას მაღალ დონეზე თამაშობდა - პირველ-მეორე ტაიმებში პრაქტიკულად იდენტური სტატისტიკა ჰქონდა. დიდ შესვენებამდე მის აქტივში 12 ქულა და 6 მოხსნა იყო, მესამე-მეოთხე პერიოდებში კი აქტივს 13 ქულა და 4 მოხსნა მიამატა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ჯამში 25 ქულას, 10 მოხსნას მოუყარა თავი და თავისი გუნდის მოგებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ასპარეზობის გადამწყვეტ მომენტებში ჩვეული ოსტატობით გამოირჩა გიორგი ცინცაძე (19 ქულა, 10 შედეგიანი გადაცემა), ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა აკადემიელთა მეფარე გიორგი შარაბიძემ (12 ქულა, 11 მოხსნა). დინამოელთაგან ყველაზე შედეგიანები ლაშა გამყრელიძე და რევაზ დიდია იყვნენ. ორივე მათგანის ანგარიშზე 12 ქულაა. ამასთან, გამყრელიძემ 7 შედეგიანი გადაცემაც შეასრულა, დიდიას ქულები კი ზუსტად შესრულებულ სამიანებზე მოდის. “ქუთაისის” ყოფილმა ფორვარდმა პერიმეტრს მიღმიდან ხუთჯერ გაისროლა და 4 მცდელობა წარმატებული გამოდგა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

კოტე ტუღუში (“შსს აკადემიას” მთავარი მწვრთნელი): “ჩემ გუნდს სერიის მოგებით დაწყებას ვულოცავ. მეტოქენი ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, რაც დღევანდელ მატჩში გამოჩნდა კიდეც. ხარისხიანი თამაში გამოვიდა, ამასთან, პირველ ტაიმში საკმაო რაოდენობის შეცდომაც დავუშვით. შესვებნების შემდეგ უკეთ ვითამაშეთ და შედეგიც სახეზეა. სერიაში ბრძოლა გრძელდება. “დინამოს” შესწევს უკეთ ითამაშოს და ალბათ, ასეც მოხდება. იმედია დასვენებისა და ხვალინდელი მატჩისთვის მომზადებიდ დრო გვეყოფა”.

ირაკლი ხოშტარია (თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი): „მსურს დავიტოვო იმედი, რომ შეგვიძლია წარმატებული თამაში ასეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. დღეს ბევრი ხარვეზი გვქონდა, ,,შსს აკადემია’’ ფლობდა უპირატესობას და ბოლო პერიოდში მისი დომინაცია გამყარდა. დავისვენებთ და ვიმედოვნებ, რომ სერიის მომდევნო მატჩებში წარმატებით ასპარეზობას შევძლებთ“.

ნიკა მეტრეველი: („შსს აკადემიას“ კალათბურთელი): „გადამწყვეტი სერიის პირველი თამაში მოვიგეთ, თუმცა ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ეს ნახევარი ნაბიჯიც არაა, წინ უფრო რთული და დაძაბული თამაშები გველის, ამიტომ კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ და შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ“.

დინამო – შსს აკადემია 66:77 (13:20, 25:18, 16:17, 12:22)

სერიის ანგარიში 0:1

0.393353