საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში აღმასკომის სხდომა გაიმართა. განსახილველი თემა მოახლოებული ბაქოს ევროპული თამაშები გახლდათ. აღმასკომს ესწრებოდნენ იმ სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, რომელ სახეობებშიც საქართველო ბაქოში იასპარეზებს.
ევროპული თამაშები წელს პირველად ჩატარდება. იგი აზერბაიჯანის დედაქალაქში სტარტს 12 ივნისს აიღებს და 28 ივნისს დასრულდება. საქართველო ამ შეჯიბრებაში მონაწილეობას 13 სხვადასხვა სპორტულ სახეობაში 104 სპორტსმენით მიიღებს. სულ კი ქართულ ოლიმპიურ სოფელში სპორტსმენებისა და დელეგაციის სხვა წევრების შემადგენლობით 170 ადამიანი იცხოვრებს.
104 სპორტსმენიდან 43 წარმოდგენილი მძლეოსნობაში იქნება. ქართული დელეგაცია ყველაზე დიდ იმედს ძიუდოზე ამყარებს, რომელშიც ჩვენი ქვეყნის ღირსებას 10 მონაწილე დაიცავს, აქედან 9 ვაჟთა შორის იასპარეზებს, ხოლო ერთი ნატურალიზებული სპორტსმენი ქალთა შორის.
ოლიმპიური კომიტეტი სპორტსმენებს სპორტულ ეკიპირებას საზეიმოდ 8 ივნისს გადასცემს, ღია ცის ქვეშ, ოლიმპიური კომიტეტის ეზოში.
ბაქოს ევროპულ თამაშებში ძიუდოს ტურნირი, პარალელურად, ევროპის ჩემპიონატის სახელსაც ატარებს და მეტწილად ამ სახეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ქართული დელეგაცია მედლებს ძიუდოს გარდა, სამბოს, კლასიკური და თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრებიდანაც ელის. ამ ღონისძიებაზე საქართველო მონაწილეობას კანოეში, წყალში ხტომაში, ცურვაში, მხატვრულ ტანვარჯიშში, კარატეში, კრივში, მშვილოდსნობაში, ველოსპორტში, საჭიდაო სახეობებსა და მძლეოსნობაშიც მიიღებს.
ქართული დელეგაციის პირველი ნაკადი აზერბაიჯანის დედაქალაქს 11 ივნისს ეწვევა (30 სპორტსმენი), ხოლო ყველაზე გვიან ოლიმპიურ სოფელს ძიუდოისტები და მძლეოსნები შეუერთდებიან.
აღმასკომის სხდომაზე სკანდალური განცხადებით გამოვიდა ოლიმპიური ნაკრებების მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი, რომლის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც რამდენიმე სპორტსმენი დოპინგ კონტროლის გავლას შეჯიბრების დაწყებამდე აუცილებლად საჭიროებს.
“სერიოზული ტრავმებია თავისუფალ ჭიდაობაში, თუმცა დრო ჯერ კიდევ არის. ძიუდოში უშანგი მარგიანი ბაქოში იჭიდავებს, მას ტრავმა ჰქონდა, თუმცა მანამდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს. რაც შეეხება მიკროტრავმებს, ასეთი გუნდში თითქმის არაა. მინდა ვთქვა, რომ დოპინგზე რამდენიმე სპორტსმენის გადამოწმება აუცილებელი იქნება, იმიტომ, რომ იქ პრობლემები და სკანდალი თავიდან ავირიდოთ. ვეჭვობ, მათ ხელმეორე შემოწმება უნდა ჩაუტარდეთ. პირველი შემოწმება უკვე იყო, თუმცა მას შემდეგ გაჩნდა ეჭვი მოკლევადიანი პრეპარატების გამოყენებისა. ასეთი დაახლოებით 20 სპორტსმენია. გასარისკი ნამდვილად არ გვაქვს და აჯობებს მათი ხელმეორე დოპინგკონტროლი. საქართველოს ჩემპიონატზე რამდენიმე სპორტსმენმა მიზნობრივად წააგო თავიანთი ასპარეზობები”, - განაცხადა კახაბრიშვილმა.
ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომას ასევე ესწრებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეიჩიკაშვილი, რომელიც სპორტულ ფედერაციებს თანამშრომლობას, გვერდში დგომას დაპირდა.
“ურთიერთთანამშრომლობით შევძლებთ, რომ წარმატებული პერიოდი ჩავატაროთ. ჩვენ და ოლიმპიურმა კომიტეტმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ წარმატებებს მიავღწიოთ. ჩვენ ყველა სპორტულ ფედერაციასთან თანამშრომლობას და მათ გვერდში დგომას ვაპირებთ. მთავრობა ამისათვის ყოველთვის მზად იქნება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო შეჯიბრებების მასპინძლობაც”, - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.
ბაქოს ევროპული თამაშები ისტორიაში პირველად ტარდება. რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, მეორედ ანალოგიური შეჯიბრება 4 წლის შემდეგ, 2019 წელს გაიმართება და მას ჰოლანდია უმასპინძლებს.