კალათბურთი

1:18 | 20.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინმა და პულენმა მეოთხედფინალი მარცხით გახსნეს

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში სტარტი აიღო მეოთხედფინალურმა სერიებმა, რომლებშიც გიორგი შერმადინის “კანტუ” და ჯეიკობ პულენის “ენელ ბრინდისიც” ჩაერთვნენ.

კანტუელები “უმანა ვენეციას” ესტუმრნენ და 70:79 დამარცხდნენ. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და 24 წუთში 8 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მიითვალა.

შერმადინმა 5-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.

სტუმრებს 22 ქულით ამერიკელმა დარიუს ჯონსონ-ოდომმა ულიდერა.

სერიის პირველ მატჩში მარცხი შეემთხვა “ენელ ბრინდისისაც”, რომლის რიგებში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი გამთამაშებელი ჯეიკობ პულენი ირიცხება.

მისმა კლუბმა “რეჯიო ემილიასთან” გასვლითი თამაშში 76:78 წააგო, არადა, პირველი მეოთხედის შემდეგ, მეტოქეს 30:7 (!) ამარცხებდა.

პულენმა მოედანზე 34 წუთი დაჰყო და 16 ქულა, 2 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ჯეიკობმა 6-დან 2 ორქულიანი, 10-დან 3 სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და მის წინააღმდეგ თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.

ამ სერიებში მომდევნო მატჩები 21 მაისს შედგება და საქართველოს ნაკრების კალათბურთელთა გუნდები ისევ სტუმრად ითამაშებენ.

0.115329