ქართველმა ჩოგბურთელებმა წარმატებული სტარტი აიღეს იტალიურ კასერტაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.
მე-4 ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ და სოფო შაფათავამ იტალიელებს – ფერანდოს და პაოლინის 6:3, 7:6 სძლიეს და მეოთხედფინალში არგენტინელ პოდოროსკას და მექსიკელ ზარაზუას ეთამაშებიან.
გამარჯვება იზეიმეს სოფო ქვაცაბაიამ და ბულგარელმა იზაბელა შინიკოვამაც. მათ პარაგვაელი გონსალესი და უკრაინელ კოვალეცი 6:3, 6:7 (2:7), 10:7 დაამარცხეს და ასევე მეოთხედფინალში იასპარეზებენ, სადაც მათი მომავალი მეტოქეების მოგვიანებით გაირკვევა.
ერთეულთა ტურნირში ძალებს მხოლოდ შაფათავა და გორგოძე სცდიან. მე-5 ნომრად განთესილი შაფათავას მოწინააღმდეგე კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – არგენტინელი ნადია პოდოროსკა იქნება, ხოლო გორგოძე “იღბლიანი წაგებულის” სტატუსის მქონე უნგრელ ვანდა ლუკაჩს გაეჯიბრება.