მადრიდის “რეალი” ევროლიგის ჩემპიონია. ესპანურმა გრანდმა გადამწყვეტ მატჩში პირეოსის “ოლიმპიაკოსი” 78:59 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული მეცხრედ გახდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.
საბოლოო ანგარიში თამაშის მიმდინარეობას კარგად ვერ ასახავს. ბერძნული გუნდი “ოთხთა ფინალის” მასპინძლებს საკმაოდ გაუძალიანდა, თუმცა, დასკვნით ხუთიოდ წუთში ვეღარ გაძლო და 19 ქულის სხვაობით წააგო.
“ოთხთა ფინალის” უძვირფასესი მოთამაშე “რეალის” არგენტინელი ფორვარდი ანდრეს ნოჩიონი გახდა, რომელმაც ნახევარფინალში “ფენერბაჰჩესთან” 12 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა, ფინალში კი 12 ქულას და 7 მოხსნას გამორჩა.
მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი ამერიკელი ჯეისი კეროლი იყო 16 ქულით, “ოლიმპიაკოსს” კი 17 ქულით მისმა თანამემამულე მეტ ლოესკიმ ულიდერა.
ისიც ვთქვათ, რომ ცსკა-სთან ნახევარფინალური მატჩის გმირმა ვასილის სპანულისმა თამაშიდან ერთადერთი ბურთი ჩააგდო და 3 ქულას დასჯერდა.