ფეხბურთი

20:04 | 16.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიამ სტუმრად მოიგო, სანაიამ და ბუკიამ რუსეთის პირველ დივიზიონში გაიტანეს

რუმინეთის საფეხბურთო პირველი ლიგის 32-ე ტურში “კლუჟმა”, სადაც გიორგი ჭანტურია გამოდის, სტუმრად “იასი” 3:0 დაამარცხა. ქართველი შემტევი ნახევარმცველი თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო. “კლუჟი” 27 ქულით 18 გუნდში მეთექვსმეტეა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის 34-ე ტურში, ბაქოს აზალ-ი სტუმრად “ხაზარ-ლენქორანთან” 0:1 დამარცხდა. ცენტრალურმა მცველმა ლაშა კასრაძემ ბაქოელებში პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა. აზალ-ი აზერბაიჯანის 10-გუნდიან ჩემპიონატში 35 ქულით მეექვსეა.

რუსეთის პირველი დივიზიონის 32-ე ტურში ტიხვინის “ტოსნომ” შინ ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგას” 1:0 მოუგო. მარცხენა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ და რუსეთის მოქალაქე მარჯვენა მცველმა გურამ თეთრაშვილმა ტიხვინელებში 90-90 წუთი იასპარეზეს. მეკარე ნუკრი რევიშვილი “ტოსნოს” თადარიგში იყო. თავდამსხმელი მერაბ ურიდია ნიჟნინოვგოროდელთა რიგებში მე-40 წუთზე გამოჩნდა. “ტოსნო” 64 ქულით 18 გუნდში მესამეა. “ვოლგას” 40 ქულით მე-9 პოზიცია უკავია.

ტომის “ტომსკმა” ასტრახანის “ვოლგარს” უმასპინძლა და ქულას დასჯერდა – 2:2. “ვოლგარში” რუსეთის მოქალაქე ნახევარმცველმა თორნიკე ბუკიამ თავიდან ბოლომდე ითამაშა და 48-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. ფორვარდი ანზორ სანაია, რომელსაც რუსული პასპორტი აქვს, “ტომსკელთა” რიგებში შესვენების მერე გამოჩნდა და 85-ე წუთზე თანაფარდობა აღადგინა. “ტომსკი” 60 ქულით მეოთხეა, ხოლო “ვოლგარი” 48 ქულით – მეშვიდე.

“სახალინმა” გასვლაზე იაროსლავლის “შინიკთან” 1:1 ითამაშა. ნახევარმცველები გოჩა ხოჯავა და გიორგი კახელიშვილი სახალინელთა 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდნენ. “სახალინი” 32 ქულით მეთექვსმეტეა.

ლატვიის ვირშლიგის მე-7 ტურში, რიგის “სკონტომ”, რომელსაც თამაზ პერტია წვრთნის, სტუმრად იურმალას “სპარტაკსთან” 0:1 წააგო. მცველმა ლევან მახარაძემ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, რიგელებში სრულად ითამაშა. “სკონტო” 11 ქულით 8 გუნდში მეოთხეა.

ლიტვის A ლიგის მე-13 ტურში, “თრაკაიმ” სტუმრად “სტუმბრასს” 3:2 აჯობა. გამარჯვებულთა თადარიგში მცველი ნიკა აფაქიძე და ნახევარმცველი ბესიკ ამაშუკელი იმყოფებოდნენ, რომელთაც არ უთამაშიათ. “თრაკაი” ლიტვის 10-გუნდიან ჩემპიონატს 34 ქულით ლიდერობს.

გერმანიის მე-3 ლიგის 37-ე ტურში, “უნტერჰახინგმა” სახლში “მიუნსტერს” 1:0 აჯობა. საქართველოს მოქალაქე ნახევარმცველი ლუკას ჰუფნაგელი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს. “უნტერჰახინგი” 39 ქულით 20 გუნდში მე-18 პოზიციაზე.

“ჰალეშერმა” თავის მოედანზე “მაინცი II”-თან 1:2 წააგო. გერმანიის მოქალაქე შემტევმა ნახევარმცველმა აკაკი გოგიამ მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშა და 84-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “ჰალეშერი” 53 ქულით მეცხრეა.

საფრანგეთის მე-3 ლიგის 33-ე ტურში “პარიზმა” “ბურჟ-პერონა” მიიღო და მატჩი 1:1 დასრულდა. მარცხენა მცველი ამირან სანაია პარიზელთა სამატჩო განაცხადში არ იყო. “პარიზი” 65 ქულით 18 გუნდში მეორეა.

0.121434