პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში ქართველი ფეხბურთელის კლუბმა ევროპალიგის (წარსულში მას უეფას თასი ეწოდებოდა) ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ჯაბა კანკავას "დნიპრომ" შინ 1:0 დაამარცხა "ნაპოლი" (პირველი მატჩი ნეაპოლში ფრედ 1:1 დასრულდა). საპასუხო მატჩში ერთადერთი გოლი 58-ე წუთზე სელეზნიოვმა გაიტანა. ქართველმა საყრდენმა სრულად ითამაშა, 75-ე წუთზე კი გააფრთხილეს. კანკავა პირველ ტაიმში აქტიურობდა, მეორე ტაიმში კი უმეტესად დაცვითი ფუნციების შესრულებაზე იყო ორიენტირებული. ფინალური მატჩი "სევილიასა" და "დნიპროს" შორის 27 მაისს ვარშავაში გაიმართება.
29 წლის კანკავას საფეხბურთო კარიერაში მხოლოდ ერთი ტიტული აქვს მოპოვებული. 2004 წელს "დინამო თბილისთან" ერთად საქართველოს თასი მოიპოვა. ასევე აღსანიშნავია, რომ შემდეგ სეზონში "დინამომ" დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია და უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. იმ დროს 18 წლის ჯაბა კანკავამ გია გეგუჩაძის გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
დანიის პირველი დივიზიონის 29-ე ტურში "ფრედერიკამ" სტუმრად 1:0 დაამარცხა "ორჰუსი." ორჰუსის" შემადგენლობაში ვაწაძემ სრულად ითამაშა, დავით სხირტლაძე კი 82-ე წუთზე ჩაერთო თამაშში.გუნდს ტრავმის გამო დავით დევდარიანი კვლავ ვერ ეხმარება. დანიის პირველი დივიზიონის 12 გუნდიან ჩემპიონატში "ორჰუსი" 55 ქულით მეორე ადგილზეა.
ფინეთის ვეიკაუსლიგის მე-7 ტურში ტურკუს "ინტერმა" შინ 4:1 დაამარცხა "კტპ," რომლის შემადგენლობაში გიორგი ოსიტაშვილმა სრულად ითამაშა. ფინეთის 12 გუნდიან ჩემპიონატში "კტპ" 5 ქულით მე-11 ადგილზეა.
ირაკლი სირბილაძის "კუპსი" სტუმრად "როვანიემთან" 0:1 დამარცხდა. ქართველი ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა, თუმცა 21-ე წუთზე მცირე დაზიანების გამო შეცვალეს. "კუპსი" 10 ქულით მე-6 ადგილზეა.