სხვა

14:30 | 13.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

დევიდ ზოლკვერი “თბილისი 2015”-ის გახსნა-დახურვის ცერემონიალის რეჟისორი იქნება 

დღეს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საკონფერენციო დარბაზში “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა ოფიციალურად წარადგინა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნა-დახურვის ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფი.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის “თბილისი 2015”-ის გახსნის და დახურვის საზეიმო ცერემონიალს ორგანიზებას საქართველოს კულტურის პალატა გაუწევს. საორგანიზაციო ჯგუფს საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი უხელმძღვანელებს.

კულტურის პალატამ აღნიშნული ღონისძიების რეჟისორად მსოფლიოში აღიარებული დევიდ ზოლკვერი მოიწვია.

ალექსი ახვლედიანი (“თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე): “როგორც იცით, თბილისი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ თამაშებს უმასპინძლებს. ფესტივალის გახსნა-დახურვის ცერემონიალს ორგანიზებას გაუწევს საქართველოს კულტურის პალატა, რომელსაც ბატონი დავით ოქიტაშვილი უხელმძღვანელებს. თავიდან, როცა გავიგე, რომ ფესტივალის გახსნა-დახურვის რეჟისორი დევიდ ზოლკვერი იქნებოდა, სიმართლე გითხრათ, არც დავიჯერე, მაგრამ ეს სიმართლეა. დევიდი ძალიან ცნობილი რეჟისორია, მას უამრავი დიდი სპორტული ღონისძიების გახსნაში მიუღია მონაწილეობა, მაგალითად - 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის. “თბილისი 2015”-ის გახსნა-დახურვის ცერემონიალს მსოფლიო დონის რეჟისორი უხელმძღვანელებს”.

დავით ოქიტაშვილი (საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი): “ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა იმ ადამიანთან, ვისაც სურვილი ექნება გახსნა-დახურვის ცერემონიალში მიიღოს მონაწილეობა. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ მოვიწვიეთ მსოფლიოში ცნობილი რეჟისორი ბატონი დევიდ ზოლკვერი. ის ბევრი დიდი სპორტული ღონისძიების რეჟისორი ყოფილა. დევიდმა 2 კვირაში მოიარა საქართველო, გაიცნო ჩვენი კულტურა. გახსნის ცერემონიალში აქტიურად იქნება გამოყენებული საქართველოს კუთხეების კულტურული ორნამენტები და ხასიათი. ბევრი სიურპრიზი იქნება, რომელსაც ახლა ვერ გავამხელ. როგორც იცით, 26 ივლისს “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე გაიმართება ფესტივალის გახსნა, უკვე გვაქვს მონახაზები, თუ როგორი განლაგება უნდა იყოს სტადიონზე. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მესიჯი ისიც იქნება, რომ საქართველო ევროპის ღირსეული ოჯახის წევრია. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად ჩაივლის”.

დევიდ ზოლკვერი (“თბილისი 2015”-ის გახსნა-დახურვის ცერემონიალის რეჟისორი): “ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოში ვიმყოფები და ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში ვარ ჩართული. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოვინახულე საქართველოს სხვადასხვა კუთხე, გავეცანი თქვენს კულტურას. ჩვენი მთავარი მესიჯი იქნება, რომ საქართველო ამაყია თავისი ისტორიით, კულტურით და სტუმართმოყვარეობით. 26 ივლისს თბილისში 4000-მდე თინეიჯერი ჩამოვა, ჩვენი მესიჯი მათდამი იქნება, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი. გახსნა იქნება ძალიან ხალისიანი. მადლობა საორგანიზაციო კომიტეტს და კულტურის პალატას, რომ აქ ვიმყოფები”.

დევიდ ზოლკვერი 1964 წელს მანჩესტერში დაიბადა. მას ნამუშევარი აქვს ისეთ პროექტებში, როგორებიცაა: 1997 წლის ჰონგ კონგის დიდი ბრიტანეთისგან ჩინეთისთვის გადაცემის ცერემონიალი, 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების გახსნა, 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნითი ღონისძიების შემოქმედებითი კონსულტანტი, 2009 წლის ფიფას კონფედერაციის თასის გახსნის ცერემონიალი, 2010 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის გახსნა. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების გახსნა.

დევიდ ზოლკვერს ფესტივალის ღონისძიების ორგანიზებაში დახმარებასა და კონსულტაციას გაუწევენ რეჟისორები დავით დოიაშვილი, ბასა ფოცხიშვილი. მხატვარი – თამარ ფოცხიშვილი.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საზეიმო გახსნა 26 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ფესტივალი 1 აგვისტოს დასრულდება. თბილისი ევროპის 50 ქვეყნიდან 4000-მდე ახალგაზრდა სპორტსმენს მიიღებს.

0.1282