ფრანგული “ლილი” მთავარ მწვრთნელ რენე ჟირართან ურთიერთობას წყვეტს. როგორც L'Equipe იტყობინება, ჟირარი კლუბის პრეზიდენტს მიშელ სეიდუს შეხვდა და მხარეები სეზონის ბოლოს კომპენსაციის გარეშე კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ. 61 წლის ფრანგ სპეციალისტს, რომელიც “ლილს” 2013 წლიდან წვრთნიდა, კლუბთან ხელშეკრულების ვადა 2016 წლის ზაფხულში ეწურებოდა.
ფრანგული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ჟირარის შესაძლო მემკვიდრეთა შორის კოტ დივუარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერვე რენარი, ბელგიური “ზულტე ვარეგემის” თავკაცი ფრანკ დიური და “გენგამის” დამრიგებელი ჟოსლენ გურვენეკი სახელდებიან.
ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე “ლილი” სატურნირო ცხრილში 53 ქულით მერვე ადგილზე იმყოფება.