ფეხბურთი

2:00 | 12.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფეიენოორდის განადგურება ყაზაიშვილმა დაიწყო

ჰოლანდიის ერედივიზიონის 33-ე ტურის დასკვნით მატჩში გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის “ვიტესი” “ფეიენოორდს” ესტუმრა და როტერდამელები 4:1 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ მე-12 წუთზე ანგარიში ყაზაიშვილმა გახსნა, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და მინდორი 76-ე წუთზე დატოვა, კაშია კი შეუცვლელად გაისარჯა. ვაკომ წინ გამოსული მეკარე შენიშნა და 25-ოდე მეტრიდან დიდებული დარტყმით ბურთი თავზე გადაუგდო.

პირველივე ტაიმში სტუმარმა ვან დერ ჰეიდენმა და მასპინძელმა ტოორნსტრამ გოლები გაცვალეს, შემდეგ კი მხოლოდ არნემელებს გაჰქონდათ. აჩენტეჰმა და ლაბიადიმ ფეინოორდის მეკარე ვერმეერი არ დაინდეს და როტერდამელთათვის სამარცხვინო ანგარიში დააფიქსირეს.

22 წლის ყაზაიშვილმა სეზონში მე-9 გოლი შეაგდო, ვიტესმა კი ევროპის ლიგის პირდაპირი საგზურის მოპოვების შანსი გაიჩინა. არნემელებს 57 ქულა მოუგროვდათ და მესამე-მეოთხე ადგილებზე მყოფ ფეინოორდს და ალკმაარს ორ-ორი ქულით ჩამორჩებიან.

ბოლო ტურში, 17 მაისს ქართველთა კლუბი “უტრეხტს” უმასპინძლებს და გამარჯვების და კონკურენტთა წაფორხილების შემთხვევაში, მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლებს, თუ არადა, ევროპის ლიგის პლეი-ოფში თამაში განაღდებული აქვს.

0.115769