იტალიის სერია ა-ში დასკვნითი 30-ე ტურის მატჩები გაიმართა და გაირკვა, რომ გიორგი შერმადინის და საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელის ჯეიკობ პულენის გუნდები პლეი-ოფში ითამაშებენ.
შერმადინის “კანტუ” “ასეა რომას” სტუმრობდა და 78:75 სძლია, ქართველი ცენტრი კი სასტარტო ხუთეულში იყო და 16 წუთში 4 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. გიორგიმ 4-დან 1 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
კანტუელებმა 15-15 მოგება-წაგება მოაგროვეს და მე-7 პოზიციაზე გავიდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მეოთხედფინალში მეორეადგილოსან “უმანა ვენეციას” ეთამაშებიან.
მე-3 საფეხურზე გასულ “რეჯიო ემილიას” დაუპირისპირდება პულენის “ენელ ბრინდისი”, რომელიც დასკვნით ტურში, სწორედ ხსენებულ კლუბთან გასვლითYმატჩში 63:67 დამარცხდა.
ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ჯეიკობმა 28 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 3 პასი მიითვალა. მან 5-დან 1 ორქულიანი, 7-დან 4 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2-ჯერ დაუფარეს და ამდენივე შეცდომა დაუშვა.
მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩები 18-19 მაისს შედგება.