მადრიდის “მასტერზ1000”-ის ფინალში ასპარეზობის უფლება რაფა ნადალმა და ენდი მარეიმ ორსეტიანი ნახევარფინალური მატჩების მოგების შემდეგ დაიმსახურეს. მალიორკელმა გამოცდილ ჩეხ ტომაშ ბერდიხს 7:6, 6:1 სძლია, შოტლანდიელმა კი იაპონელ კეი ნიშიკორის გადამწყვეტ მატჩში გამოსვლის შანსი არ დაუტოვა 6:3, 6:4.
“ბოლო შეხვედრებში კარგად ვთამაშობ. ყოველდღიურად ვუმატებ. ცხადია, ფინალში გასვლა მახარებს - მადრიდში ხომ განსაკუთრებულად მიჭერენ მხარს და აქ გამოსვლისგან დიდ სიამოვნებას ვიღებ. ვერ გეტყვით, როგორ გამოვალ ფინალში, მაგრამ ბერდიხის წინააღმდეგ კარგად ვითამაშე, რაც დამატებით დამაჯერებლობას და ძალას მმატებს”, - აცხადებს ნადალი.
“წინასასეზონოდ ბევრი ვიმუშაო, რათა ოდინდელი სპორტული ფორმა დამებრუნებინა. რაფას წინააღმდეგ ურთულესი ფინალის ჩატარება მომიწევს, განსაკუთრებით იმ ფონზე, გადამწყვეტი მატჩი ესპანეთის დედაქალაქში რომ ტარდება. ნადალი ამ კვირის განმავლობაში მეტად მაღალ დონეზე ასპარეზობს, მე კი ვიმედოვნებ მას თავს ჩემი თამაში მოვახვიო”, - როგორც ხედავთ, მარეი უიმედოდ განწყობილი სულაც არაა.
აქვე მოგახსენებთ, რომ ნადალი მადრიდის “მასტერზ1000”-ის ოთხგზის ჩემპიონია (2005, 2010, 2013, 2014), მარეიმ კი კასტილიისა და სრულიად ესპანეთის დედაქალაქში 2008 წელს იმარჯვა.