ქართველი საკალათბურთო და მთლიანად სპორტული საზოგადოება დიდი იმედით ელოდება ევროპის მომავალ ჩემპიონატს. გულშემატკივარს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებსა და შემდეგ საფრანგეთის ლილში ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატებით გამოსვლის საფუძვლიანი ოპტიმიზმი აქვს. ზაზა ფაჩულია, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, თორნიკე შენგელია და მათი თანანაკრებელები თავიანთ წონად სიტყვას წლეულსაც იტყვიან და უახლოესი სეზონების განმავლობაშიც, თუმცა მათი ღირსეული შემცვლელების მოძიება-აღზრდა-დაფრთიანების პროცესიც მიმდინარეობს და რაოდენ სასიხარულოა, ამ მხრივ საქმე კარგად რომ გვაქვს. ჩვენი სიტყვების ნათელი დადასტურება 18 წლის სოსო მაჭავარიანია, რომელიც იტალიაში, „ტიგულიოში“ ასპარეზობს და ამ აპენინური კლუბის 19 წლამდელთა გუნდის წამყვანი მოთამაშეა.
„ტიგულიო“ იტალიის ასაკობრივი ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალშია გასული, სოსო მაჭავარიანმა და მისმა პარტნიორებმა კი წინასაფინალო სერია ლამაზი, დამაჯერებელი მოგებით გახსნეს. ტიგულიოელებმა „რივერა დელ ფიორი“ 67:55 დაამარცხეს და ამ წარმატებში ლომის წილი სწორედ ჩვენმა თანამემამულემ დაიდო. სოსომ პარკეტზე 28 სათამაშო წუთი დაჰყო და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო გახლდათ. ამპლუით მსროლელმა-მსუბუქმა ფორვარდმა მაჭავარიანმა მატჩი 19 ქულით, 13 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ბლოკ-შოტით დაასრულა.
სოსო მაჭავარიანის თაობაზე ქართულ სპორტულ მედიაში პირველად ჩვენმა კოლეგა ვაჟა სიმონიშვილმა დაწერა და გულშემატკივარსაც ნიჭიერი, პერსპექტიული კალათბურთელის კარიერის საწყისი პერიოდი გააცნო. სოსომ კალათბურთის ანბანის შესწავლა „ჰიუნდაიში“, ლაშა თოიძის დამრიგებლობით დაიწყო და საქართველოს 16 წლამდე ნაკრებშიც აიყვანეს. შემდეგ იყო თურქეთის „ეფეს პილსენი“, რომლის რიგებშიც მაჭავარიანს დიდხანს არ უთამაშია. მიზეზი ბევრისთვის ტრივიალურია - თურქებმა ქართველს მოქალაქეობის შეცვლა მოსთხოვეს, რასაც არც თინეიჯერი კალათბურთელი დასთანხმდა და არც მისი ოჯახის წევრები. ამის შემდეგ სოსომ სლოვენიაში, ქართველთათვის კარგად ნაცნობ ლიუბლიანის „ოლიმპიაში“ გააგრძელა კარიერა. მაჭავარიანი ვლადიმერ სტეფანიასა და ვლადიმერ ბოისას ყოფილი კლუბის ჭაბუკთა გუნდში გამოდიოდა და ბალკანელთა მეზობელი ქვეყნის, იტალიის „ტიგულიოს“ სკაუტთა ყურადღება დაიმსახურა. ამ გუნდში სხვა ქვეყნის (ამერიკელი, სერბი, დომინიკელი) ლეგიონერებიც ირიცხებიან, სოსო კი მათ ფონზეც გამორჩეულად ასპარეზობს. 200 სმ სიმაღლის მაჭავარიანი „ტიგულიოს“ 19 წლამდე და ძირითადი გუნდების ღირსებას ერთდროულად იცავს, რეგულარულად გამოდის სხვადასხვა ტურნირზე. სერია C-ში მისი საშუალოსათამაშო მონაცემები ასე გამოიყურება: 22,4 წუთი, 14,7 ქულა, 5,2 მოხსნა, 2,4 პასი. 19-წლამდელთა გუნდში შედეგიანობა უფრო შთამბეჭდავია: 31,3 წუთი, 18,3 ქულა, 8,2 მოხსნა, 4,3 პასი, 2,6 ჩაჭრა, 1,5 დაფარება.
იტალიის 19 წლამდელთა საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის მეორე შეხვედრა სოსო მაჭავარიანის დაბადების დღეს, 14 მაისს (სოსო 1996 წელსაა დაბადებული) ჩატარდება. გამარჯვებული 2 მოგებით ვლინდება, ჩვენ კი სოსოს ფინალში გასვლა და პირველობისთვის ბრძოლის გადამწყვეტ სერიაშიც წარმატება ვუსურვოთ.
ტურნირის დასრულების შემდეგ კი სოსო მაჭავარიანს ახალი საკალათბურთო გამოცდა ელის. ნიჭიერ ქართველს თვალი იტალიის სხვა კლუბებმაც დაადგეს - სოსო ვენეციისა და როზეტოს გუნდებშია მიწვეული სინჯებზე.