იტალიის სერია A-ს XXXV ტურმა სტარტი ტრადიციულად ორი მატჩით აიღო. საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ ჩემპიონის რანგში პირველად ითამაშა ტურინის "იუვენტუსმა", ხოლო “მილანმა” ტურის ერთ-ერთ საინტერესო მატჩში “რომას” უმასპინძლა.
როგორც იქნა გამარჯვების მოპოვება შეძლო “მილანმა”. “როსონერიმ” საკუთარ კედლებში “რომას” აჯობა და 5 მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. არადა, ეს მატჩი მასპინძელთათვის სატურნირო ცხრილის თვალსაზრით ბევრს არაფერს წყვეტდა, აი სტუმართათვის კი უმნიშვნელოვანესი თამაში იყო. მასპინძლები პირველ ტაიმში ჰოლანდიელმა ვან გინკელმა დააწინაურა, ვინაც ახლო ძელთან ჩასაფრებულმა კეისუკე ჰონდას კარგი გადაცემა ერთი შეხებით დააგვირგვინა. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ იაპონელმა ჩინებული მატჩი ჩაატარა და თავისი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. სწორედ ჰონდამ ჩაიწერა აქტივში მეორე საგოლე გადაცემაც, რომელიც პირველის ანალოგი გამოდგა – აზიელმა ისევ მარჯვენა ფლანგზე გაილაღა და საგოლედ მატია დესტროს ჩაუწოდა, რომელმაც ყოფილი გუნდის კარში თავით ზუსტად დაარტყა – 2:0. დარჩენილ დროში “რომამ” მხოლოდ ანგარიშის შემცირება შეძლო. 73-ე წუთზე მოედანზე ახლადგამოსულმა ფრანჩესკო ტოტიმ თერთმეტრიანი ზუსტად დაარტყა. “მილანისთვის” ამ სამ ქულას მნიშვნელოვნად არაფერი შეუცვლია, ხოლო “რომა” ისევ მეორე ადგილზე დარჩა, თუმცა შესაძლოა მხოლოდ ერთი დღით.
ტურის პირველ მატჩში კი ტურინის “იუვენტუსმა” ჩემპიონის რანგში გასავარდნ ზონაში მყოფ “კალიარის” უმასპინძლა. მასიმილიანო ალეგრიმ თითქმის მთელი ძირითადი შემადგენლობა დაასვენა. სამაგიეროდ, გუნდს 52 დღიანი იძულებითი პაუზის მერე პოლ პოგბა დაუბრუნდა. სწორედ ფრანგმა გაიტანა ტურინელთაგან ერთადერთი გოლი, რომელიც პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გავიდა. მისი შორეული დარტყმა კარამდე სტუმართა მცველ ჩეპიტელის შეეხო და ისე აღმოჩნდა ჟელკო ბრკიჩის კარში. მეორე ტაიმში ალეგრიმ პოგბასთან ერთად კლაუდიო მარკიზიოც შეცვალა, რამაც სარდინიელებს უპირატესობის მოპოვების საშუალება მისცა. 85-ე წუთზე კი ჯანლუკა ფესტას შეგირდებმა სასიცოცხლო მნიშვნელობის გოლი გიატანეს. სტანდარტის შემდეგ ლუკა როსეტინიმ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, თუმცა მისი დარტყმული ძელს მოხვდა, მისდა გასახარად ბურთი ისევ მას მიუვიდა და დაუცველ კარში უკვე ფეხით გადაგზავნა ბურთი. მსაჯის კომპესირებულ წუთებზე კი “კალიარის” მოგებაც შეეძლო, მაგრამ მარკო საუმ ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა და თავის გუნდს ვინძლო საბედისწერო ორი ქულა დააკარგვინა. “კალიარი” სამშვიდობოს მყოფ “ატალანტას” 5 ქულით ჩამორჩება.
“იუვენტუსი” – “კალიარი” 1:1 (1:0)
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”
მაყურებელი: 38.000
“იუვენტუსი” (4-3-3): სტორარი; რომულო, ბარძალი, ოგბონა, პადოინი; პერეირა (ვიტალე 75), მარკიზიო (სტურარო 59), პოგბა (დე ჩელიე 63); პეპე, მატრი, კომანი
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
“კალიარი” (4-3-1-2): ბრკიჩი; ბალცანო, როსეტინი, ჩეპიტელი (დიაკიტე 73), აველარი; კრესეტიჯი, ჟოაო პედრო, ეკდალი; დონსა (საუ 68); ფარიასი, კოპი (ლონგო 77)
მწვრთნელი: ჯანლუკა ფესტა
გოლები: 1:0 პოგბა (45), 1:1 როსეტინი (85)
გაფრთხილება: მარკიზიო (57) – აველარი (32)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 14 (7) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 8:3 გაფრთხილება: 1:1
მსაჯი: სებასტიანო პერუცო
“მილანი” – “რომა” 2:1 (1:0)
მილანი, “სან სირო”
მაყურებელი: 36.000
“მილანი” (4-3-3): დიეგო ლოპესი; აბატე, პალეტა, ალექსი (მექსე 86), ანტონელი (ბოკეტი 67); პოლი, დე იონგი, ვან გინკელი; ჰონდა, დესტრო (პაცინი 74), ბონავენტურა
მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი
“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; ფლორენცი, მანოლასი, ასტორი, ტოროსიდისი; ნაინგოლანი, დე როსი, პიანიჩი (ტოტი 70); იბარბო (იტურბე 61), დუმბია, ჟერვინიო (ლიაიჩი 30)
მწვრთნელი: რუდი გარსია
გოლები: 1:0 ვან გინკელი (40), 2:0 დესტრო (59), 2:1 ტოტი (73, პენ)
გაფრთხილება: დესტრო (71), ალექსი (72), აბატე (89), მექსე (90) - ტოროსიდისი (44), ფლორენცი (61), პიანიჩი (64)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 15 (4) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 6:5 გაფრთხილება: 4:3
მსაჯი: ტალიავენტო
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 20 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 18, ლუკა ტონი (“ვერონა”) – 18, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 16, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 16.