ფეხბურთი

12:47 | 9.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” რევანშის აღებას ეცდება

ესპანეთის ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება, თუმცა გასარკვევი ჯერ კიდევ ბევრია. ჩემპიონობისთვის, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის და ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია შესული და თითოეული შეცდომა ძვირად ფასობს. 36-ე ტურის ცენტრალური მატჩი “სანტიაგო ბერნაბეუზე” შედგება, სადაც მადრიდის “რეალი” “ვალენსიას” უმასპინძლებს.


22:00 რეალი – ვალენსია

დღევანდელ შეხვედრას ორივე კლუბისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. “რეალი” საჩემპიონოდ იბრძვის და დღეს ქულების დაკარგვის შემთხვევაში ამის შანსი აღარ დარჩება, ხოლო “ვალენსია” ქულის ან ქულების აღების შემთხვევაში ფაქტობრივად მე-4 ადგილს დაიბევებს.

მადრიდელებს სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის ურთულესი მატჩის ჩატარება მოუწიათ ტურინში, ხოლო ოთხშაბათს საპასუხო შეხვედრა მადრიდში შედგება. აღნიშნული ფაქტორი კი, რასაკვირველია “ვალენსიას” წისქვილზე ასხამს წყალს, რადგანაც მეტოქეზე ბევრად დასვენებულებს მოუწევთ თამაში.

“ბლანკოსის” ბანაკში კარგი სიახლეა, ძირითადმა ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ ტრავმა მოიშუშა და თუ კარლო ანჩელოტი საჭიროდ ჩათვლის ითამაშებს კიდეც. სავარაუდოდ, სერხიო რამოსი მისთვის ჩვეულ ამპლუას დაუბრუნდება, ხოლო ნახევარდაცვაში ხამესი, კროოსი და ისკო ითამაშებენ. “რეალის” ერთადერთი სერიოზული დანაკლისი ლუკა მოდრიჩია, რომელიც მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.

“ვალენსიას” რიგებშიც სასიამოვნო სიახლეა, ნიჭიერმა მცველმა ხოსე ლუის გაიამ კონტრაქტი 2020-წლამდე გაახანგრძლივა და ბოლო მოუღო ჭორებს, რომლის მიხედვითაც “რეალში” გადადიოდა. “ღამურებს” არც ტრავმირებული ფეხბურთელები ჰყავთ. ერთადერთი მოთამაშე, რომელიც დღევანდელ მატჩს გამოტოვებს, როდრიგო მორენოა, რომელმაც არასპორტული საქციელის გამო 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაიმსახურა და მიმდინარე სეზონი ნაადრევად დაასრულა.

გეტყვით, რომ ლა ლიგაში “რეალმა” შინ “ვალენსიას” ბოლოს 2010 წლის 5 დეკემბერს მოუგო. მას შემდეგ “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარებული სამივე შეხვედრა ფრედ დასრულდა. პირველი წრის შეხვედრაში “ვალენსიამ” შინ 2:1 დაამარცხა “სამეფო კლუბი”.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3):
კასილასი, რამოსი, ვარანე, მარსელო, კარვახალი, კროოსი, ისკო, ხამესი, ბეილი, რონალდუ, ხ.ერნანდესი.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

ვალენსია (4-3-3): ალვეში, მუსტაფი, ოტამენდი, ბარაგანი, გაია, ფუეგო, გომეში, პარეხო, დე პაული, ფეგული, ალკასერი.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

მსაჯი: კლოს გომესი

20:00 ბარსელონა – სოსიედადი

“სანტიაგო ბერნაბეუზე” გასამართ შეხვედრამდე, ჩემპიონატის ლიდერი “ბარსელონა” შინ სან-სებასტიანის “რეალ სოსიედადს” მიიღებს. კატალონიელებისთვის ბასკური კლუბი უხერხული მეტოქეა კია, თუმცა ეს მხოლოდ საგარეო შეხვედრებზე ვრცელდება. უმეტეს შემთხვევაში, “ბლაუგრანა” შინ იოლად ჩაგრავს “ჩური ურდინს”. “ნოუ კამპზე” ჩატარებული უკანასკნელი 14 მატჩიდან 14 მოგება – ასეთია ამ კლუბების დაპირისპირების შედეგი. სამაგიეროდ, “სოსიედადი” “ანოეტაზე” ყოჩაღობს და “ბარსას” აღნიშნულ არენაზე 2007 წლის მერე არ მოუგია.

“ბარსელონას” ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს, ხოლო სტუმრებს ზურუტუზა ჰყავთ დაშავებული. პირველი წრის შეხვედრა “სოსიედადის” გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3):
ბრავო, პიკე, მასკერანო, ალბა, ალვეში, ბუსკეტსი, ხავი, რაფინია, მესი, ნეიმარი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

სოსიედადი (4-2-3-1): რული, მ.გონსალესი, ი.მარტინესი, კ.მარტინესი, დე ლა ბელა, პარდო, ბერგარა, გრანერო, ჩ.კასტრო, პრიეტო, ველა.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

მსაჯი: იგლესიას ვილანუევა

თეგებილა ლიგა
0.113223