აზერბაიჯანის ქალაქ ნახიჭევანში მიმდინარეობს ტრადიციული საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც ქართველებიც მრავლად მონაწილეობენ.
სასიხარულოა, რომ ელიტარულ A ჯგუფში 6 ტურის თავზე მოწინავე სამეულში 2 ქართველი მოჭადრაკე – ლევან ფანცულაია (2603) და ირაკლი ბერაძე (2310) იმყოფება.
ფანცულაიამ შეჯიბრის სტარტზე ზედიზედ 5 გამარჯვება იზეიმა (მათ შორის საკმაოდ ძლიერ უკრაინელ ვლადიმირ ონიშჩუკთან, 2669) და მხოლოდ შემდეგ დამარცხდა აზერბაიჯანელ ელტაჯ საფარლისთან (2640). დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით, ლევანი პირველ პოზიციაზეა, ელტაჯი კი – მეორეზე.
ტურნირზე მხოლოდ 49-ე განთესვა გააჩნია ბერაძეს, რომელიც 4.5 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება. ირაკლის სტარტზე ყაიმი და მარცხი ჰქონდა, შემდეგ კი მიჯრით 4 პარტია მოიგო.
A ჯგუფში მოთამაშე სხვა ქართველთა შედეგები ასე გამოიყურება: 16. ლუკა პაიჭაძე (2556) – 4.0; 29. გიორგი სიბაშვილი (2361) – 3.0; 39. ბაჩანა მორჩიაშვილი – 3.0; 40. ნინო ხომერიკი (2228) – 3.0; 51. ნინო ხურციძე (2451) – 2.0;
ისიც ვთქვათ, რომ ნახიჭევანის ტურნირის ფავორიტებად უზბეკი რუსტამ კასიმჯანოვი (2715), ფრანგი ეტიენ ბაკრო (2704) და ქალთა შორის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ჩინელი იიფან ჰოუ (2686) ითვლებიან, რომლებიც შესაბამისად, მე-15, მე-19 და 23-ე პოზიციებზე იმყოფებიან.
B ჯგუფში საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი – გიორგი ხომერიკი ჰყავს, რომელიც 6 ტურის თავზე 4.5 ქულით მე-10 ადგილზეა.