სოციალურ ქსელში ბათუმის “დინამოს” ოფიციალური გვერდი უმაღლესი ლიგის 27-ე ტურის წინ არჩილ სუხიაშვილს, თეიმურაზ შონიას, გელა გოგიტიძესა და გიორგი ქავთარაძეს ესაუბრა. აჭარული კლუბი შაბათს ტურის ცენტრალურ მატჩში “დინამო თბილისს” უმასპინძლებს.
“მძიმე, დაძაბული და საინტერესო მატჩი გველის. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ. მოგების შემთხვევაში ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ, რაც დამატებით სტიმულს გვმატებს. სამწუხაროა, რომ შეხვედრა გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის, თუმცა ჩვენი ერთგული ქომაგების მხარდაჭერას ყველგან ვგრძნობთ. მადლობა მათ ამისთვის”, - აღნიშნა არჩილ სუხიაშვილმა.
“ცარიელი ტრიბუნების წინაშე და სტადიონს მიღმა დარჩენილი გულშემატკივრებით ბრძოლას მაინც ვაგრძელებთ. მომავალ მატჩში გამარჯვებით, ჩემპიონობისკენ კიდევ ერთ სერიოზულ ნაბიჯს გადავდგამთ. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე გუნდს პატივს ვცემთ, გამარჯვებისთვის არაფერს დავიშურებთ. თუკი თითოეული ჩვენთაგანი 100 პროცენტით დაიხარჯება, წარმატება გარდაუვალი იქნება”, - განაცხადა გიორგი ქავთარაძემ.
“ორი “დინამოს” დაპირისპირებას სრულიად საქართველო ელოდება. თავისი მნიშვნელობით, ეს არა მარტო ტურის, არამედ მთლიანად ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრაა. ერთი სიტყვით, მოტივაციის ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით”, - აღნიშნა გოგიტიძემ.
“ყოველთვის დიდ მოტივაციას გაძლევს თბილისის “დინამოსთან” შეხვედრა და დღევანდელი სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე მატჩი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. რეალურად ამ მატჩის შედეგზეა დამოკიდებული, თუ როგორ გადანაწილდება საპრიზო ადგილები”, - განაცხადა თეიმურაზ შონიამ.
შეგახსენებთ, სატურნირო ცხრილს 54 ქულით “დილას” ლიდერობს, ბათუმის “დინამო” 51 ქულით მეორე ადგილზეა, მას ქულით ჩამორჩება თბილისის “დინამო”. ასე რომ, შაბათის მატჩს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მატჩი ქუბულეთის “ჩელე არენაზე” 17:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება გულშემატკივრებს არ შეეძლებათ.