მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ყაზახურ “ასტანას” ვთბ-ლიგის მეოთხედფინალის მე-3 მატჩიც იოლად მოუგო და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. მოსკოველებმა სტუმრად გამართულ თამაშში მეტოქე 111:75 გაანადგურეს და სერიაში 3:0 იმარჯვეს.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 19:33 წუთში კი 9 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. მანუჩარმა 5-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
ცსკა-ს მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა განაცხადაში მყოფი 12-ვე კალათბურთელი დატვირთა, 10 და მეტი ქულა ერთბაშად ექვსმა მოთამაშემ მიითვალა, საუკეთესო კი ანდრეი ვორონცევიჩი იყო 19 ქულით.
ნახევარფინალურ სერიაში მარკოიშვილის გუნდის მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა. ლევან ფაცაციას ყოფილი კლუბი “ნიჟნი ნოვგოროდი” სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” 2:1 ამარცხებს და მიზნამდე 1 გამარჯვება აშორებს.