კალათბურთი

19:29 | 4.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის 18 ქულა და ცსკა-ს იოლი გამარჯვება

მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ვთბ-ლიგის მეოთხედფინალში ყაზახურ “ასტანას” მე-2 მატჩიც იოლად მოიგო, რაშიც ქართველმა კალათბურთელმა სოლიდური წვლილი შეიტანა.

მოსკოველებმა მეტოქე 110:60 გაანადგურეს, მარკოიშვილი კი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, მასპინძელთა შორის ყველაზე შედეგიანი გახლდათ – მანუჩარმა 21:56 წუთში 18 ქულა და 2 პასი მოაგროვა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

ქართველმა მცველმა 2-ვე ორქულიანი, 6-დან 4 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

შეგახსენებთ, რომ პირველ თამაშში ცსკა-მ 103:58 იმარჯვა და მაშინ მარკოიშვილმა 16:44 წუთში 15 ქულა მიითვალა, მოკლედ, საქართველოს ნაკრების ლიდერი მეოთხედფინალური სერიის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა, რაც უდავოდ სასიხარულო ფაქტია.

7 მაისს გუნდები ერთმანეთს ასტანაში დაუპირისპირდებიან და თუკი რუსულმა გრანდმა იქაც იმარჯვა, სერიას ვადაზე ადრე დაასრულებს. ცნობისთვის, ნახევარფინალში ცსკა-ს მეტოქე სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” და “ნიჟნი ნოვგოროდის” წყვილში გამარჯვებული იქნება. ამ სერიაში ანგარიში 1:1 გახლავთ.

0.119271