რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის 30-ე ტურში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ” თავის მოედანზე ორნებურგის “გაზოვიკთან” 1:3 წააგო.
მარჯვენა მცველი კახა ალადაშვილი და რუსეთის მოქალაქე ნახევარმცველი გუჯა რუხაია მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. პირველმა მათგანმა 23-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 64-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორემ მოედანი 65-ე წუთზე დატოვა. ნახევარმცველი გოგიტა გოგუა მასპინძელთა რიგებში მეორე ტაიმში გამოჩნდა. ფორვარდი ლაშა იმედაშვილი “სკა-ენერგიას” თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია. ხაბაროვსკელები 30 ქულით 18 გუნდში მე-16 ადგილზე იმყოფებიან.
ტიხვინის “ტოსნომ” მახაჩყალის “ანჟი” მიიღო და 1:0 გაიმარჯვა. რუსეთის მოქალაქე მცველმა გურამ თეთრაშვილმა მასპინძლებში სრულად ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები მეკარე ნუკრი რევიშვილი და მარცხენა მცველი გიორგი ნავალოვსკი თადარიგში ჯდომით შემოიფარგლნენ. “ტოსნო” 58 ქულით მე-3 პოზიციაზეა.
ტომსკის “ტომმა” შინ კალინინგრადის “ბალტიკასთან” 0:1 წააგო. რუსეთის მოქალაქე ფორვარდი ანზორ სანაია მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. მეკარე გიორგი შელია, რომელსაც რუსული პასპორტი აქვს, კალინიგრადელთა სათადარიგოში იყო, მაგრამ მოედანზე გასვლა არ მიუწია. “ტომსკი” 56 ქულით მეოთხეა, ხოლო “ბალტიკა” 33 ქულით – მეთოთხმეტე.
“სახალინმა” გასვლაზე “სიბირს” 3:1 აჯობა. ნახევარმცველი გოჩა ხოჯავა გამარჯვებულთ სასტარტოში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს. კიდევ ერთი ქართველი შემტევი შუახაზელი გიორგი კახელიშვილი სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა. “სახალინი” 31 ქულით მეთხუთმეტეა.
ძერჟინსკის “ხიმიკმა” სახლში ასტრახანის “ვოლგართან” 2:3 წააგო. ცენტრალური მცველი გიორგი ჯიქია, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, მასპინძლების 18-კაციან განაცხადში არ იყო. ნახევარმცველმა თემურ ბუკიამ “ვოლგარის” რიგებში 78-ე წუთიდან ითამაშა. “ხიმიკი” 24 ქულით ბოლოსწინაა, “ვოლგარი” კი, 46 ქულით – მეშვიდე.
ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგამ” სტუმრად სარატოვის “სოკოლთან” 1:1 ითამაშა. ფორვარდი მერაბ ურიდია ნიჟნინოვგოროდელებში შეცვლაზე მე-60 წუთზე შევიდა, ხოლო 66-ეზე შეცვალეს. “ვოლგა” 40 ქულით მეცხრეა.