ამსტერდამის “აიაქსის” ლიდერმა, ნახევარმცველმა დევი კლაასენმა მუცელზე ოპერაცია გაიკეთა და გუნდს მიმდინარე სეზონში ვეღარ დაეხმარება.
22 წლის შემტევი ფეხბურთელი მუცელის არეში ტკივილს ამა წლის იანვრიდან განიცდის და სიტუაციიდან გამოსავალი ქირურგიული ჩარევა უნდა გამხდარიყო. გადაწყვეტილი იყო, რომ კლაასენი ოპერაციას სეზონის დასრულების შემდეგ გაიკეთებდა, მაგრამ რადგან ფრანკ დე ბურის გუნდს მიმდინარე სეზონში გადასაჭრელი აღარაფერი დარჩა, პროცედურის დაგეგმილზე ადრე ჩატარება გადაწყდა.
კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ნახევარმცველის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მალე აღდგენითი პროცესი დაიწყება. საჩქარო არაფერია, რადგან კლაასენს მიმდინარე სეზონში თამაში მაინც არ მოუწევს და პირდაპირ მომავალი გათამაშებისთვის მოემზადება.
ერედივიზიონის მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე ჯერ კიდევ ორი ტური დარჩა, მაგრამ “აიაქსს” მეორე ადგილი გარანტირებული აქვს და ჩემპიონობა პსვ-ს დაუთმო. ამრიგად, ის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. რაც შეეხება დევის, მან მიმდინარე სეზონში კლუბის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 40 მატჩში 8 გოლი გაიტანა და ათი საგოლე გადაცემა გააკეთა.