ეროვნული ჩემპიონატის ბოლო სამ ტურში წარუმატებლად მოასპარეზე ლანჩხუთის ,,გურიამ” სატურნირო ცხრილის მეზობელ ,,ზუგდიდს” უმასპინძლა. გურულებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.
არადა, შეხვედრის დებიუტი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მე-8 წუთზე მათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობაც მიეცათ. რიგვავას გადაცემის შემდეგ კუტალია მეკარის პირისპირ აღმოჩნდა და მახვილი კუთხიდან ძლიერი დარტყმა განახორციელა. თებიძემ სწორი პოზიცია შეარჩია და ნახტომით ბურთს დაეუფლა.
ლანჩხუთელთა საპასუხო შეტევა კი შედეგიანი გამოდგა. შალამბერიძე ბურთს საჯარიმოს კუთხესთან დაეუფლა, ოდნავ მარჯვნივ გადაადგილდა და შორეული ძელისკენ გამიზნულად გაისროლა. ბობღიაშვილმა თავგანწირული ნახტომით მხოლოდ ეპიზოდი გაალამაზა, თუმცა თავისიანების გადარჩენა ვერ მოახერხა - 1:0.
მომდევნო წარმატებას გურულებმა მე-18 წუთზე მიაღწიეს. ბენაშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა. მასპინძელთა ნახევარმცველი მოედნის ცენტრიდან დაიძრა და საჯარიმოს მიახლოვებულმა ყუმბარისებურად დააქუხა. ბურთი კარის ცხრიანში ისე შეფრინდა, რომ ბობღიაშვილმა მხოლოდ თვალი გააყოლა - 2:0.
ტაიმის შუაწელიდან ლანჩხუთელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. შალამბერიძის განივი გადაცემა ისიანმა საჯარიმოს ხაზთან მიიღო და გამიზნული დარტყმით მეტოქის კარის დალაშქვრა სცადა. ბურთმა ძელს სულ ახლოს ჩაუქროლა. თითქმის მაშინვე მოვლენების ეპიცენტრში კვლავ ისიანი აღმოჩნდა. ვილიმ დრიბლინგით რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა, საჯარიმოში შეიჭრა და ბურთი უკეთეს პოზიციაში მყოფ მოსიაშვილს დაუგორა, რომლის ძლიერი დარტყმა ბობღიაშვილმა ნახტომით კუთხურზე მოიგერია. 5 წუთში ისევ მოსიაშვილი ურტყამდა ხელსაყრელი მდგომარეობიდან, თუმცა მიზანში მოხვედრა ვერ მოახერხა. ბურთმა ხარიხას ზევიდან გადაუფრინა.
ტაიმის ბოლოს სტუმრებს ანგარიშის შემცირება შეეძლოთ. კუტალიას გადაცემით ენდელაძე ცდილობდა თავის გამოჩენას, მაგრამ მის დარტყმულს სიზუსტე დააკლდა.
მატჩის მეორე ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. შეხვედრის განახლებისთანავე შალამბერიძე ურტყამდა საჯარიმოს კუთხიდან, თუმცა კარს ააცილა. თითქმის მაშინვე შოთა ლომიას შეეძლო თანაგუნდელების წამოწყებული კომბინაცია დაეგვირგვინებინა, მაგრამ ოდიშელთა კაპიტანმა ბურთს ფეხი ხეირიანად ვერ დაუხვედრა. 51-ე წუთზე ჭეიშვილის ფლანგურ ჩაწოდებაზე შალამბერიძემ თავის მეურვეს დაასწრო, მაგრამ საბოლოო დარტყმა არ გამოუვიდა. ორ წუთში კუტალიას შესრულებულ საჯარიმოს ლანჩხუთელთა მეკარის ბაქანზე არეულობა მოჰყვა, თუმცა თებიძემ ხიფათი განმუხტა.
54-ე წუთზე შალამბერიძე - მჭედლიშვილი - ისიანის ჩინებული კომბინაციის შემდეგ ეს უკანასკნელი ურტყამდა ხელსაყრელი მდგომარეობიდან, მაგრამ ბობღიაშვილმა აკრობატულ ნახტომში თავისიანების გადარჩენა მოახერხა.
სამაგიეროდ მომდევნო ეპოზოდში ისიანმა იმარჯვა. ვილიმ თავისი მეურვე ჩამოიცილა და საჯარიმოში ფეხშედგმულმა სტუმართა კიპერს შორეულ კუთხეში აუღებელი დაურტყა - 3:0.
ამის შემდეგ ზუგდიდლებმა ფაქტობრივად წინააღმდეგობა შეწყვიტეს. 71-ე წუთზე დუბლი გაიფორმა ისიანმა. ჭეიშვილის გამჭოლ გადაცემაზე მან მცველებს დაასწრო და მეკარისგან დაუცველ კუთხეში გაიტანა - 4:0.
სამ წუთში ლანჩხუთელთა ფორვარდმა ასისტენტობა გასწია. მისი გადაცემა მოსიაშვილმა მახვილგონივრულად გაატარა და შეტევაში ჩართულმა ერეკლე კილაძემ ზუსტი დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:0.
მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:
გია ჩხაიძე (,,გურია”) - ,,ძალიან გახარებულები ვართ. მართალია გამარჯვება გულით გვეწადა, მაგრამ ასეთი ანგარიშით მოგებას არ ველოდით. ბიჭებმა დიდი შემართებით ითამაშეს და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ”.
ბესიკ შეროზია (,,ზუგდიდი”) - ,,მე თვითონ არ ვიცი რა დაგვემართა. წაგებაც არის და წაგებაც. არ მახსოვს, რომ ჩემს გუნდს ასე უნიათოდ ეთამაშოს. დავსხდებით, დამარცხების მიზეზებზე ვისაუბრებთ და იმედი მაქვს უახლოეს მატჩებში ყველაფერს უკეთესობისკენ შევცვლით”.
,,გურია’’ (ლანჩხუთი) – ,,ზუგდიდი” (ზუგდიდი) 5:0 (2:0)
1 მაისი. ლანჩხუთი. ,,ევგრაფი შევარდნაძე.’’ 2500 მაყურებელი.
,,გურია”: თებიძე, ჭეიშვილი, გოგიაშვილი (რეხვიაშვილი 46), ე. კილაძე, მჭედლიშვილი, შალამბერიძე, ზოზულია, კოშკაძე (კ) (ღაღანიძე 75), მოსიაშვილი, ბენაშვილი (მათიაშვილი 79), ისიანი;
მთ. მწვრთნელი: გიგლა იმნაძე
,,ზუგდიდი”: ბობღიაშვილი, მაჩაიძე, ლ. აკობია, ლ. ღონღაძე, რიგვავა (ფარჯიკია 78), ქირია, კუტალია, წურწუმია, შ. ლომია (კ) (ბულია 58), ენდელაძე, გუგუჩია (მეგრელიშვილი 46);
მთ. მწვრთნელი: ბესიკ შეროზია
გოლები: 1:0 შალამბერიძე (10), 2:0 ბენაშვილი (18), 3:0 4:0 ისიანი (55, 71), 5:0 ე. კილაძე (74);
გაფრთხილება: ლ. ღონღაძე (24), რიგვავა (32), რეხვიაშვილი (57), ე. კილაძე (81), ფარჯიკია (87), ბობღიაშვილი (89) შალამბერიძე (89), მაჩაიძე (89), ენდელაძე (90);
არბიტრი: გოგა კიკაჩეიშვილი
ავტორის ფოტოები