დასასრულს უახლოვდება იტალიის საკალათბურთო პირველობის რეგულარული სეზონი, სადაც გიორგი შერმადინის “კანტუ” საპლეიფო რვეულში მოხვედრას ცდილობს. კანტუელები ამჯერად ”რეჯიო ემილიას” ესტუმრნენ და მართალია, პირველ ტაიმში 11 ქულითაც კი იგებდნენ, საბოლოოდ, 74:86 დამარცხდნენ.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და 20 წუთში 8 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.
“კანტუს” 13 მოგება და 15 მარცხი მოუგროვდა და 26 ქულით მე-9 ადგილზეა, თუმცა კი, ასეთივე მონაგარი გააჩნიათ მეშვიდე-მერვე პოზიციებზე მყოფ “ბოლონიას” და “პისტოიასაც”. მოკლედ, დარჩენილ ორ ტურში ქართველი კალათბურთელის კლუბს დიდი ბრძოლები ელის.
3 მაისს კანტუელები ერთ-ერთ აუტსაიდერ “პეზაროს” უმასპინძლებენ და წესით, გამარჯვება არ უნდა გაუჭირდეთ.