ფეხბურთი

19:25 | 24.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩიხურამ” სათასო რეპეტიცია წარმატებით ჩაატარა

რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმების მიუხედავად, ქუთაისის “ცენტრალური” საფეხბურთო არენა ჩინებულ ფორმაში შეხვდა საქართველოს ჩემპიონატის მორიგ მატჩს. თან მატჩის წინ წვიმამ გადაიღო და ფეხბურთელებს გაცილებით უკეთეს პირობებში მოუწიათ ასპარეზობა. გუნდებს მატჩის წინ განსხვავებული განწყობა გააჩნდათ. ქუთათურები ბოლო ტურებია აღმავლობით თამაშობენ და მათი წინსვლა თვალსაჩინოა. რაც შეეხება საჩხერლებს, მათ ბოლო ტურში დასანანი მარცხი იწვნიეს “ცხინვალისაგან”. ამას დამატებული ზემო იმერლებს რამდენიმე დღეში ძალიან მნიშვნელოვანი, განმეორებითი სათასო პაექრობა ელით სამტრედიაში. მოგეხსენებათ, პირველ მატჩში საჩხერლებმა შინ მინიმალური ანგარიშით დათმეს შეხვედრა, საპასუხოში კი სოსო ფრუიძის შეგირდებს “სამტრედიასთან” აუცილებელი გამარჯვება ესაჭიროებათ.

მატჩი უფრო აქტიურად მასპინძლებმა დაიწყეს, თუმცა სათამაშო ტემპი მაღალი არ ყოფილა. სადებიუტო წუთებში არც მომენტების შექმნით შეუწუხებიათ ერთმანეთი გუნდებს. პირველი დარტყმა კი მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით სტუმრებმა შეასრულეს. დაახლოებით 25 მეტრიდან ღონღაძემ შეამოწმა ქუთაისელთა კიპერის ალექსეი შევჩენკოს საიმედოობა, რომელსაც დებიუტი ჰქონდა “ტორპედოს” შემადგენლობაში. უკრაინელმა კარის დარაჯმა დაკისრებულ მოვალეობას თავი ჩინებულად გაართვა და ბურთს იოლად დაეუფლა.

ამის შემდეგ თამაში უფერულად მიმდინარეობდა. რაიმე განსაკუთრებულს გუნდები ვერ აჩვენებდნენ. მოედანზე ძირითადად ორთაბრძოლები იყო. პირველი სახიფათო მომენტი კი 32-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც შეტევის მარცხენა ფლანგიდან ტროიანოვსკიმ გადაცემა დეკანოიძის მისამართით გააკეთა. საჩხერელთა შემტევმა ნახევარმცველმა ბურთი ცენტრალური მცველების გარემოცვაში მიიღო. მან მოხდენილი მოძრაობით მეურვეებიც ჩამოიშორა და ცაციათი საპენალტედან არც თუ ისე ძლიერად დაარტყა. ტორპედოელთა მეკარე ამჯერადაც საიმედო იყო. შევჩენკო ნახტომში დაეუფლა ბურთს. ამის საპასუხოდ რამდენიმე წუთში კლიმიაშვილი ურტყამდა საჩხერელთა საჯარიმოს შიგნიდან, მაგრამ მახვილი კუთხიდან დარტყმული ლაშა ჭელიძეს მოხვდა და ბურთი კუთხურზე გადავარდა.

ყველაზე რეალური შანსი რიონისპირელებს ტაიმის ბოლო წუთზე მიეცათ, როდესაც კირკიტაძის ჩინებული გადაცემის შემდეგ ზაზა ჭელიძეს თავურით შეძლო ეხეირა, მაგრამ ქუთაისელთა საყრდენის მიერ ოდნავ მახვილი კუთხიდან დარტყმული მცირე მანძილით ასცდა სტუმართა კარს.

მეორე ნახევარი ქუთაისელთა სახიფათო მომენტით დაიწყო. შეტევის მარჯვენა ფლანგზე კირკიტაძე-კანკიას კარგად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, კანკიამ ჩინებული გადაცემა გაუკეთა მეტოქის საჯარიმოში კარგ დასარტყმელ პოზიციაზე მყოფ ტუღუშს, რომელმაც მეტისმეტად არაზუსტად დაარტყა. ცოტა ხანში ისევ ტუღუში დაემუქრა ზემოიმერელთა კარს საჯარიმოს გარედან, თუმცა ბურთი მცირე მანძილით ასცდა “ჩიხურას” კარს.

ფაქტობრივად, სტუმართა პირველივე გადასვლა მეორე ტაიმში გოლით დასრულდა. საჩხერელთა სწრაფი იერიშისას ჩიკვაიძემ შეტევის მარცხენა ფლანგიდან ისეთი გადაცემა გაუკეთა “ტორპედოს” კარის წინ მდგარ ოდიკაძეს, რომ ქუთაისელთა მცველები უსაქმოდ დატოვა. გამოცდილმა კაპიტანმა კი ახლო მანძილიდან თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა და ანგარიში გახსნა – 0:1.

გაშვებულმა გოლმა ქუთათურები ცოტათი დააბნია და მათ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში მოწინააღმდეგის კართან ღირებული არაფერი შეუქმნიათ. პირველი სახიფათო მომენტი კი ადამაძის კარგ, შორეულ გადაცემას მოჰყვა, როდესაც ზაზა ჭელიძეს მიეცა გატანის შანსი, მაგრამ მისი გამოზომილი დარტყმა ზარქუას იოლი ნადავლი შეიქმნა. 65-ე წუთზე კანკიას შორეული ჩაწოდებისას, გამოსვლაზე ზარქუა აშკარად შეცდა, რომლის შედეგადაც ბურთი მოწინააღმდეგის ცარიელ კართან დარჩენილ ადამაძეს და კვარაცხელიას დარჩათ. საბოლოო დარტყმა ქუთაისელთა ახალგაზრდა კაპიტანმა, გურამ ადამაძემ იკისრა და წონასწორობაც აღადგინა – 1:1.

ანგარიშის გათანაბრების შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ, თუმცა ეს უპირატესობა საგოლე მომენტებში თვალსაჩინოდ არ გადაზრდილა. ერთადერთხელ კირკიტაძემ ითამაშა კარგად, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მეურვეს დაასწრო და იოლად ჩამოიტოვა კიდეც, მაგრამ დათოს ცაციათი დარტყმა აღარ გამოუვიდა. თანდათანობით სიტუაცია საჩხერლებმაც გამოასწორეს საეპილოგე წუთებამდე ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანაც მოახერხეს. მათ რამდენიმეჯერ სახიფათო მომენტის განვითარების საშუალებაც ჰქონდათ, მაგრამ ბოლო პასი არ გამოდიოდათ. ყველაზე სახიფათო დარტყმა “ჩიხურას” ფეხბურთელებმა 77-ე წუთზე განახორციელეს, როდესაც კაკაშვილი დაემუქრა უძლიერესი დარტყმით ტორპედოელთა კარს, მაგრამ ბურთი მცირე მანძილით აცდა შევჩენკოს დასაცავ ობიექტს. ცოტა ხანში მასპინძლებს მიეცათ ზედ საჯარიმოს ხაზიდან ჯარიმის შესრულების უფლება, თუმცა კირკიტაძის დარტყმული მცირე მანძილით გადაცდა ხარიხას.

დასკვნით წუთებზე განსაკუთრებული გამოყოფის ღირსია კვერნაძის მიერ ახლო მანძილიდან გაცუდებული მომენტი, როდესაც ტანმაღალმა ფორვარდმა, ქიმაძის დიდებული გადაცემის შემდეგ, დასწრებაზე ითამაშა, თუმცა ოთარს მიზანმა უმტყუნა. 87-ე წუთზე საჩხერლებმა გოლიც კი გაიტანეს, მაგრამ რეფერის ასისტენტმა ჩიკვაიძის პასის დროს ბურთის კარის ხაზს იქთ გადასვლა დააფიქსირა და შესაბამისად გოლიც არ ჩაითვალა.

თითქოს მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ სტუმრები ასე არ იყვნენ განწყობილნი. სათამაშო დროის ამ მონაკვეთში მათ მეტი მონდომება ეტყობიდათ. ფეხბურთელებს შორის არბიტრის მიერ დამატებით დროში სიტუაცია დაიძაბა. მსაჯს ყვითელი ბარათების ჩვენებაც კი მოუხდა. დამატებულ მესამე წუთზე კი ტორპედოელთა საჯარიმოს სიახლოვეს ბურთი სარდალიშვილმა მიიღო, ცრუ მოძრაობით მეურვე ჩამოიშორა და მოჭრილი დარტყმით შევჩენკოს ულამაზესი გოლი გაუტანა. უკრაინელი კიპერის თავგანწირული ნახტომი ამაო გამოდგა. ბურთი ძელს შეეხო და ქუთაისელთა კარში შევიდა - 1:2.

“ტორპედო” – “ჩიხურა” 1:2 (0:0)

24 აპრილი. 17:00. ქუთაისი. “ცენტრალური”. 1500 მაყურებელი

“ტორპედო”: შევჩენკო, კირკიტაძე, მირცხულავა, ქიმაძე, ადამაძე, ზაზა ჭელიძე (ბაბუნაშვილი, 65), პუხაევი (კვერნაძე, 54), ტუღუში, კანკია, კლიმიაშვილი, კვარაცხელია (მამასახლისი, 80).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია

“ჩიხურა”: ზარქუა, ღონღაძე, ბაჯელიძე, ლაშა ჭელიძე, კუჭუხიძე, დეკანოიძე, კორიფაძე, ტროიანოვსკი (სარდალიშვილი, 70), ჩიკვაიძე, ოდიკაძე (კაკაშვილი, 60), დობროვოლსკი.

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გოლი: 0:1 ოდიკაძე (51), 1:1 ადამაძე (66), 1:2 სარდალიშვილი (90+3)

გაფრთხილება: ჩიკვაიძე (25), ტროიანოვსკი (37), ბაჯელიძე (65), ადამაძე (90+2), სარდალიშვილი (90+2).

არბიტრი: ლაშა სილაგავა (თბილისი)

მეგოლეები:

12 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

9 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი)

8 - დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი)

7 – ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია), ნიკა კაჭარავა, ლაშა შინდაგორიძე (ორივე – ცხინვალი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.109865