ლიტვური კლუბის “ტრაკაის” ფეხბურთელი ნიკა აფაქიძე საქველმოქმედო ფონდ “თანადგომა 2014” ფინანსურად დაეხმარება. აღნიშნულ ცნობას სოციალურ ქსელში “თანადგომა 2014” ოფიციალური გვერდი ავრცელებს. სოციალურ ქსელში აფაქიძის გადაწყვეტილება ასევე გაავრცელა ფეხბურთელის ოფიციალურმა გვერდმა. ასევე ქვეყნდება ნიკას კომენტარი.
“ძალიან კარგი წამოწყებაა. მივესალმები და ვისურვებდი, რომ ჩემი სფეროდან გამომდინარე ბევრი ფეხბურთელი ჩაერთოს ამ კეთილ საქმეში და თუ თავადაც ესტუმრებიან ამ ოჯახებს, ძალიან გაახარებენ და ერთ უბრალო დღეს გაულამაზებენ მჯერა” – აღნიშნა ნიკა აფაქიძემ.
საქველმოქმედო ფონდი “თანადგომა 2014” სოციალურად დაუცველ ადამიანებს ეხმარება.
23 წლის აფაქიძე ამპლუით მცველია. მას საქართველოს 17, 19 და 21 წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია. რაც შეეხება საკლუბო კარიერას, “ბაიასა” და “ზუგდიდის” ყოფილი მოთამაშე 2014 წლიდან ლიტვიის ჩემპიონატის კლუბ “ტრაკაის” წევრია.