“გუნდის შემადგენლობა გარკვეულწილად შეიკვეცა. აღნიშნულში უცხოელ კალათბურთელებს ვგულისხმობ. წავიდა ქართველი ვიქტორ სანიკიძე. მას მკურნალობა კიდევ 4 თვე მოუწევს”, - ეს განცხადება ყაზანის “უნიკსის” პრეზიდენტმა ევგენი ბოგაჩოვმა გააკეთა და კალათბურთის ქართველი ქომაგებიც ააფორიაქა.
მოგეხსენებათ, 2015 წლის ევროპის ჩემპიონატი 5-20 სექტემბერს გახლავთ დაგეგმილი, რუსული კლუბის ხელმძღვანელის განცხადებით კი, გამოდიოდა, რომ სანიკიძის ევრობასკეტზე თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა. მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ “უნიკსმა” ამით უბრალოდ ფონი შექმნა, რათა სანიკიძესთან კონტრაქტის გაწყვეტა გაემართლებინა...
აღნიშნული ფაქტით ფიბა-ევროპას ოფიციალური ვებ-გვერდიც დაინტერესდა და ქართველი გულშემატკივრების დაამშვიდა, სანიკიძის დროულად მომჯობინებას საფრთხე არ ემუქრებაო.
“29 წლის ფორვარდმა ტრავმა იანვრის მიწურულს ევროთასზე “ზენიტთან” მატჩში მიიღო და წინასწარი ვარაუდით, 6-8 კვირა უნდა დაესვენა, თუმცა, მარტში დაბრუნების ნაცვლად, მას იტალიაში ოპერაციის ჩატარება მოუხდა.
გასულ კვირას რუსულმა კლუბმა კიდევ უფრო უარესი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც ვიქტორს კიდევ 4-თვიანი უქმობა ელოდა, თუმცა, ქარიზმატული კალათბურთელთან დაახლოებული პირების განცხადებით და საქართველოს კალათბურთის ფედერაციიდან გამოსული ცნობების თანახმად, საქმე გაცილებით უკეთაა.
სანიკიძე სარეაბილიტაციო პერიოდს მაისის ბოლოს დაასრულებს და ინდივიდუალურ ვარჯიშსაც განაახლებს. ეს გაცილებით ადრეა, ვიდრე 24 ივლისი ანუ დღე, როდესაც საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის შეკრებას დაიწყებს, ამდენად, ვიქტორის წლის უმთავრეს ტურნირზე თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.
ამჟამად, ქართველი კალათბურთელი ბელგრადში იმყოფება და იმ სერბი ექიმების ხელში გახლავთ, რომლებიც მას ტრავმის მიღების შემდეგ, ჯერ კიდევ ყაზანშივე მკურნალობდნენ”, - ვკითხულობთ ფიბა-ევროპას ვებ-გვერდზე.
როგორც აღვნიშნეთ, სანიკიძემ მხრის ორთავა კუნთის ტრავმა იანვარში მიიღო, თუმცა, უკვე მაშინ მას კლუბში არცთუ ხშირად ენდობოდნენ. ვიქტორი "უნიკსში" სეზონის წინ ბერძენი არგირის პედულაკისის მიწვევით მივიდა, ხოლო რაც ის რუსმა ევგენი პაშუტინმა შეცვალა, სათამაშო დრო საგრძნობლად შეუმცირდა.
ქართველმა ფორვარდმა ვთბ-ლიგაში 8 მატჩის ჩატარება მოასწრო, მისი საშუალო მონაგარი კი 4.5 ქულა და 4.0 მოხსნა იყო. ევროთასზე ქართველი ფორვარდის სტატისტიკა ასეთი გახლდათ: 4.7 ქულა, 6.0 მოხსნა.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ სანიკიძე სულ სხვა მოთამაშეა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, სადაც უკეთესი სტატისტიკა აქვს და საერთოდაც, სხვა აღმაფრენით თამაშობს. ასე, მაგალითად, 2013 წლის ევრობასკეტზე ვიკას საშუალო მონაგარი 14.6 ქულა, 7.0 მოხსნა და 1.0 პასი იყო, 2015 წლის ევროპის პირველობის საკვალიფიკაციო რაუნდში კი, რომელიც ქართველმა კალათბურთელებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, სანიკიძე საშუალოდ 13.0 ქულას, 8.0 მოხსნას და 1.5 პასს აგროვებდა.
შეგახსენებთ, რომ მომავალ ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს თამაში ზაგრებში, C ჯგუფში მოუწევს, სადაც მასპინძელი ხორვატიის გარდა, მეტოქეებად მაკედონია, საბერძნეთი, სლოვენია და ჰოლანდია ეყოლება.