რეალი-ატლეტიკო (პირველი მატჩი 0:0)
ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების ფინალისტების დაპირისპირება მოლოდინს ამართლებს. ერთი კვირის წინათ გუნდებმა დაძაბული თამაში შემოგვთავაზეს და 1/2-ფინალისტის ვინაობის გამოვლენა დღეისთვის გადადეს.
“ვისენტე კალდერონზე” გამართულ შეხვედრაში “რეალი” დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ კარლო ანჩელოტის შეგირდებმა ამის გამოყენება ვერ მოახერხა. შესაძლოა, “სამეფო კლუბი” ამის გამო დღეს დაისაჯოს, რადგან “რეალს” სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს, “ატლეტიკომ” კი ასეთ მდგომარეობაში მყოფ თანაქალაქელებთან თამაში ძალიან კარგად იცის. ამის მტკიცებულება თებერვლის დასაწყისში გამართული მატჩია, რომელშიც “როხიბლანკომ” არაერთი დანაკლისის მქონე მეტოქე 4:0 გაანადგურა.
“ატლეტიკო” და “რეალი”, ევროტურნირებზე, ერთმანეთს მეექვსედ ხვდებიან. წინა 5 დაპირისპირებიდან 3 “რეალმა” მოიგო, ერთი ფრედ დასრულდა და ერთხელ გამარჯვება “ატლეტიკოს” დარჩა. “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ ორივე დაპირისპირებაში მასპინძლებმა იმარჯვეს.
“რეალს”, ესპანურ გუნდებთან ევროტურნირებზე გამართულ 17 თამაშში 9 მოგება, 5 ფრე და 3 მარცხი დაუგროვდა. საკუთარ კედლებში ჩატარებული 7 დაპირისპირებიდან “სამეფო კლუბმა” 4 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 1 დათმო.
“ატლეტიკო” ესპანურ გუნდს ევროტურნირებზე მეჩვიდმეტედ შეხვდება. წინა 16 თამაშიდან მადრიდელებმა 7 მოიგეს, 4 ფრედ ითამაშეს და 5 წააგეს. სტუმრად ჩატარებულ 6 თამაშში “ატლეტიკოს” 1 მოგება, 2 ფრე და 3 მარცხი აქვს.
სულ გამართული 202 მადრიდული დერბიდან 103 “რეალმა” მოიგო, 50 – “ატლეტიკომ”, ხოლო 49 ფრედ დასრულდა.
ერთი კვირის წინათ გამართული შეხვედრის შემდეგ, ესპანეთის ჩემპიონატში ორივე გუნდმა მოიგო. “რეალმა” საკუთარ კედლებში “მალაგა” დაამარცხა, ხოლო “ატლეტიკომ” “დეპორტივოს” გასვლაზე სძლია და მე-3 ადგილი გაიმყარა.
დღევანდელ შეხვედრაში, “რეალს”, საკადრო პრობლემები როგორც დაცვის, ასევე შეტევის ხაზში აქვს. მარსელო დისკვალიფიცირებულია, ხოლო ფაბიუ კოენტრაუს მცირე ტრავმა აწუხებს. თუმცა, ანჩელოტიმ პორტუგალიელი მარცხენა მცველი განაცხადში მაინც შეიყვანა და ის, სავარაუდოდ, სასტარტო შემადგენლობაში იქნება. კოენტრაუსგან განსხვავებით, განაცხადს მიღმა დარჩნენ ლუკა მოდრიჩი, გარეთ ბეილი და ქარიმ ბენზმა.
“ატლეტიკოს” ერთადერთი დანაკლისი დისკვალიფიცირებული მარიო სუარესია.
- ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ორივე მადრიდული დერბის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა;
- მიმდინარე სეზონში გუნდები ერთმანეთს 7-ჯერ დაუპირისპირდნენ და “რეალს” ჯერ მოგება არ აქვს;
- “რეალმა”, ევროტურნირებზე ესპანურ გუნდებთან გამართული ბოლო 8 დაპირისპირებიდან მხოლოდ 1 წააგო;
- “ატლეტიკოს”, ევროტურნირებზე ესპანურ გუნდებთან ჩატარებულ უკანასკნელ 10 შეხვედრაში მხოლოდ 1 წაგება აქვს;
- “ატლეტიკოს” მიერ ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ ბოლო 4 თამაშში მხოლოდ 2 გოლი გავიდა;
- კარლო ანჩელოტის შანსი აქვს გახდეს პირველი მწვრთნელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას 4-ჯერ მოიგებს. “რეალს” კი შანსი აქვს გახდეს პირველი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას (1992 წლიდან) ზედიზედ 2-ჯერ მოიგებს;
- “რეალმა” ევროტურნირის ფლეი ოფში სტუმრად ჩატარებული პირველი თამაში ფრედ 23-ედ დაამთავრა. წინა 22 შემთხვევიდან მადრიდელები მომდევნო ეტაპზე 21-ჯერ გავიდნენ. ამ 22 შემთხვევიდან 8-ჯერ ანგარიში 0:0 იყო და “სამეფო კლუბი” შემდეგ ეტაპზე 7-ჯერ გავიდა;
- “ატლეტიკოს”, ევროტურნირის ფლეი ოფში, საკუთარ კედლებში გამართული პირველი თამაში ფრედ, აქამდე, 8-ჯერ ჰქონდა დამთავრებული. “როხიბლანკომ” მომდევნო ეტაპზე გასვლა 5-ჯერ მოახერხა. 0:0 სამჯერ დაფიქსირდა და მადრიდელები შემდეგ ეტაპზე სამივეჯერ გავიდნენ;
- “ატლეტიკოს”, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, 10 თამაშია არ წაუგია;
- ევროტურნირების ფლეი ოფების ისტორიის გათვალისწინებით, პირველ მატჩში დაფიქსირებული შედეგი “რეალს” მომდევნო ეტაპზე გასვლის 67%-იან შანსს აძლევს.
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-4-2): კასილიასი, კარვახალი, რამოსი, ვარანი, კოენტრაუ, ისკო, ილიარამენდი, კროოსი, როდრიგესი, რონალდუ, ერნანდესი.
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, სიკეირა, თურანი, გაბი, ტიაგო, კოკე, გრიზმანი, მანჯუკიჩი.
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).
მონაკო-იუვენტუსი (პირველი მატჩი 0:1)
“იუვენტუსი”, პირველი თამაშის შემდეგ, წყვილის ფავორიტად რჩება, თუმცა “მონაკოს” კვლავ აქვს შანსი გახდეს საფრანგეთის პირველი წარმომადგენელი, რომელიც “ბებერ ქალბატონს” ევროტურნირიდან გამოაგდებს.
დღევანდელი შეხვედრა გუნდების ურთიერთდაპირსიპირების ისტორიაში მეოთხეა. წინა 3 მატჩიდან 2 “იუვენტუსმა” მოიგო, ხოლო ერთი “მონაკომ”. მონაკოში გამართული ერთადერთი მატჩი მასპინძელი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.
“მონაკოს” ფრანგულ გუნდებთან სულ 12-ჯერ უთამაშია. ამ გუნდის მონაგარი 3 მოგება, 2 ფრე და 7 წაგებაა. საკუთარ კედლებში გამართული 5 თამაშიდან “მონაკომ” 3 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და ერთიც დათმო.
“იუვენტუსს”, საფრანგეთის წარმომადგენლებთან გამართულ 23 თამაშში 14 მოგება, 4 ფრე და 5 მარცხი დაუგროვდა. ტურინელებმა, საფრანგეთში ჩატარებული 9 შეხვედრიდან 3 მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.
ერთი კვირის წინათ ტურინში წაგების შემდეგ, “მონაკომ” საფრანგეთის ჩემპიონატშიც წარუმატებლად ითამაშა. ჟარდიმის გუნდმა, “რენთან” საკუთარ კედლებში გამართულ შეხვედრაში ქულები დაკარგა და საჩემპიონო ბრძოლას კიდევ უფრო ჩამოშორდა.
“იუვენტუსს”, შიდა ასპარეზზე, საქმეები კარგად მისდის. ტურინელებმა, გასულ შაბათს, მეორეადგილოსანი “ლაციო” 2:0 დაამარცხეს და ალეგრის გუნდს სკუდეტოს მოგებამდე მხოლოდ 6 ქულა აშორებს.
დღევანდელ მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. მასპინძლებს, ტრავმების გამო, ლასინა ტრაორე, ჟოფრი კონდოგბია და ჟერემი ტულალანი არ ეყოლებათ. სტუმრები, იმავე მიზეზით, კვადვო ასამოას, რომულოს, მარტინ კასერესსა და პოლ პოგბას მოისაკლისებენ.
- “იუვენტუსმა”, ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ბოლო 6 თამაშიდან 5 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა;
- “მონაკოს” შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში 2004 წლის შემდეგ პირველად ითამაშოს;
- “მონაკომ”, იტალიურ გუნდებთან აქამდე გამართული 6 ორრაუნდიანი დაპირისპირებიდან მხოლოდ 1 მოიგო;
- “მონაკოს”, ევროტურნირის ფლეი ოფში სტუმრად ჩატარებული პირველი მატჩი, აქამდე, 16-ჯერ წაუგია. ფრანგებმა მომდევნო ეტაპზე გასვლა 5-ჯერ მოახერხეს. ანგარიშით 0:1 ექვსჯერ წაგების შემდეგ, “მონაკო” ასპარეზობას 4-ჯერ გამოეთიშა;
- “იუვენტუსს” შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში 2003 წლის შემდეგ პირველად გავიდეს. მას შემდეგ, ტურინელები ასპარეზობას 1/4-ფინალიდან სამჯერ გამოეთიშნენ;
- “იუვენტუსმა” ფრანგულ გუნდებთან გამართული ათივე ორრაუნდიანი დაპირისპირება მოიგო;
- “იუვენტუსმა”, ევროტურნირის ფლეი ოფში, საკუთარ კედლებში გამართული პირველი თამაში მეორმოცედ მოიგო. წინა 39 შემთხვევიდან ტურინელები მომდევნო ეტაპზე 31-ჯერ გავიდნენ. 1:0 8-ჯერ დაფიქსირდა და “ბებერი ქალბატონი” შემდეგ ეტაპზე 4-ჯერ გავიდა;
- “მონაკოს”, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ბოლო 4 საშინაო შეხვედრაში მოგება არ აქვს;
- ჯანლუიჯი ბუფონს გოლი უკვე 6 თამაშია არ გაუშვია;
- ევროტურნირების ფლეი ოფების ისტორიის გათვალისწინებით, ერთი კვირის წინათ 1:0 მოგება “იუვენტუსს” 1/2-ფინალში გასვლის 58%-იან შანსს აძლევს.
სავარაუდო შემადგენლობები
მონაკო (4-2-3-1): სუბასიჩი, ტურე, აბდენუ, უოლასი, კურზავა, ფაბინიო, მოუტინიო, კარვალიო, სილვა, ფერეირა-კარასკო, ბერბატოვი.
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი, ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა, პერეირა, პირლო, მარკიზიო, ვიდალი, მორატა, ტევესი.
მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია).