ბაიერნი-პორტუ (პირველი მატჩი 1:3)
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალების წილისყრის შემდეგ, “ბაიერნი” წყვილის გამოკვეთილ ფავორიტად დასახელდა. თუმცა, განმეორებითი შეხვედრის წინ, პეპ გვარდიოლას შეგირდები რთული ამოცანის წინაშე დგანან. “რეკორმაისტერმა” ორბურთიანი ჩამორჩენა უნდა აღმოფხვრას გუნდთან, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში ჯერ არ წაუგია. მართალია, ერთი კვირის წინანდელ მატჩში წაგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ “ბაიერნს” ბევრი ფეხბურთელი აკლდა, მაგრამ გერმანულ გუნდს საკადრო პრობლემები განმეორებითი თამაშის წინაც მომრავლებული აქვს, რაც 1/2-ფინალში მათი გასვლის შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
“ბაიერნმა”, არაერთი ლიდერის ტრავმის მიუხედავად, ბუნდესლიგის გასულ ტურში მოიგო და ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
ქვეყნის ჩემპიონატში მოიგო “პორტუმაც”, მაგრამ ხულენ ლოპეტეგის შეგირდები, გათამაშების დასრულებამდე 5 ტურით ადრე, ლიდერ “ბენფიკას” კვლავ 3 ქულით ჩამორჩებიან.
“ბაიერნს” პორტუგალიის წარმომადგენლებთან დიდი სხვაობით მოგების გამოცდილება კი აქვს, მაგრამ არა “პორტუსთან”. ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში სრული თანაფარდობაა – 2-2 მოგება ორივე მხარეს და 2 ფრე. ბალანსი დაცულია გატანილ ბურთებშიც – 8:8.
“ბაიერნს”, პორტუგალიურ გუნდებთან სულ ჩატარებულ 23 თამაშში 13 მოგება, 8 ფრე და 2 წაგება აქვს. მიუნხენელებმა 9-ჯერ მოიგეს იმ ანგარიშით, რომლის გამეორების შემთხვევაშიც ისინი მომდევნო ეტაპზე გავლენ. საკუთარ მოედანზე გამართული 10 თამაშიდან კი “ბაიერნმა” 8 მოიგო (5 დღეისთვის სასურველი ანგარიშით) და 2 ფრედ დაასრულა.
“პორტუს” გერმანიის წარმომადგენლებთან სულ 28-ჯერ უთამაშია. “დრაკონებს” 12 მოგება, 7 ფრე და 9 მარცხი დაუგროვდათ. “პორტუმ” მხოლოდ ერთხელ წააგო იმ ანგარიშით, რომლის დღეს დაფიქსირების შემთხვევაშიც ლოპეტეგის გუნდი 1/2-ფინალს მიღმა დარჩება. რაც შეეხება სტუმრად გამართულ 13 თამაშს – “პორტუს” 3 მოგება, 4 ფრე და 6 წაგება აქვს.
პეპ გვარდიოლა, ტრავმების გამო, დავიდ ალაბას, არიენ რობენს, მეჰდი ბენატიასა და ხავი მარტინესს ვერ დაიხმარს. ტრავმები აწუხებთ ხუან ბერნატს, ფილიპ ლამსა და ფრანკ რიბერისაც. დიდი შანსია, “პორტუს” წინააღმდეგ ვერც მათ ითამაშონ. რაც შეეხება ბასტიან შვაინშტაიგერს, ივარაუდება, რომ მას დღეს სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ.
“პორტუს” დანაკლისს კი განაპირა მცველები, ალექს სანდრო და დანილო შეადგენენ, რომლებიც დისკვალიფიკაციას იხდიან.
- “ბაიერნს” შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში ზედიზედ მეოთხედ გავიდეს;
- “პორტუ”, ბოლო 6 წლის განმავლობაში, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში პირველად თამაშობს;
- “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში 26-ედ თამაშობს. წინა 25 მცდელობიდან მიუნხენელებმა მომდევნო ეტაპზე გასვლა 16-ჯერ მოახერხეს;
- “ბაიერნმა”, მიმდინარე გათამაშებაში საკუთარ მოედანზე გამართული ბოლო 4 თამაში მოიგო. ამ 4 შეხვედრაში მიუნხენელებმა 13 გოლი გაიტანეს და 0 გაუშვეს. უკანასკნელი 3 მატჩის შედეგის გამეორება გვარდიოლას გუნდს დღეს აწყობს;
- “ბაიერნი”, ევროტურნირის ფლეი ოფში, პორტუგალიელებს მეცხრედ შეხვდება. წინა 8 შემთხვევაში მიუნხენელები მომდევნო ეტაპზე გასვლას ახერხებდნენ;
- “ბაიერნს”, ევროტურნირის ფლეი ოფში, მეტოქის მოედანზე გამართული პირველი თამაში, აქამდე, 20-ჯერ წაუგია. მიუნხენელებმა მომდევნო ეტაპზე გასვლა 9-ჯერ მოახერხეს. ბოლო 9 ასეთი შემთხვევიდან “რეკორდმაისტერი” ასპარეზობას 8-ჯერ გამოეთიშა. გერმანელებმა 1:3 პირველად წააგეს, მაგრამ ორბურთიანი სხვაობით მათ, აქამდე, 4-ჯერ წაუგიათ. ამ 4 შემთხვევიდან “ბაიერნმა” მომდევნო ეტაპზე გასვლა ვერცერთხელ მოახერხა;
- “პორტუმ”, მიმდინარე გათამაშებაში სტუმრად ჩატარებული 5 თამაშიდან 3 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა;
- “პორტუმ”, ევროტურნირის ფლეი ოფში, საკუთრ კედლებში გამართული პირველი თამაში 42-ედ მოიგო. წინა 41 შემთხვევაში უპირატესობის შენარჩუნება გუნდმა 34-ჯერ მოახერხა. ანგარიში 3:1 სამჯერ დაფიქსირდა და “დრაკონებმა” მომდევნო ეტაპზე გასვლა სამივეჯერ მოახერხეს. ორბურთიანი უპირატესობით 7-ჯერ მოგების შემდეგ კი “პორტუ” ასპარეზობას მხოლოდ ერთხელ გამოეთიშა;
- რიკარდო კუარეჟმამ, ბოლო 3 თამშში, 5 გოლი გაიტანა;
- “პორტუ” ერთადერთი 1/4-ფინალისტია, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში წაგება არ აქვს;
- მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი, 24-24 გოლი “ბაიერნმა” და “პორტუმ” გაიტანეს.
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-3-3): ნოიერი, რაფინია, ბოატენგი, დანტე, ბერნატი, ლამი, ალონსო, ტიაგო, მიულერი, ლევანდოვსკი, გიოტცე.
პორტუ (4-3-3): ფაბინიუ, პერეირა, ინდი, მაიკონი, მარკანო, ოლივერი, კაზემირო, ერერა, კუარეჟმა, მარტინესი, ბრაიმი.
მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).
ბარსელონა-პსჟ (პირველი მატჩი 3:1)
წყვილში, რომელიც თავიდანვე დიდ ინტერესს იწვევდა, შეიძლება ითქვას, ყველაფერი გადაწყვეტილია. პარიზში კატალონიელთა 3:1 მოგების შემდეგ, ძნელი წარმოსადგენია, რომ “პარი სენ ჟერმენმა” 1/2-ფინალში გასვლა მოახერხოს, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ კატალონიელებს დანაკარგი არ აქვთ, პარიზელებმა კი საკადრო პრობლემები მხოლოდ სანახევროდ მოაგვარეს.
“ბარსელონა” და პსჟ ერთმანეთს მეცხრედ ხვდებიან. წინა 8 თამაშიდან 3 “ბარსამ” მოიგო, ამდენივე ფრედ დასრულდა, ხოლო ორ შემთხვევაში გამარჯვება პარიზულ გუნდს დარჩა. პსჟ-ს “ბარსელონასთვის” არასდროს მოუგია იმ ანგარიშით, რომელიც ლორან ბლანის გუნდს დღეს აწყობს.
“ბარსელონასა” და საფრანგეთის წარმომადგენლების ურთიერთდაპირისპირების ისტორია 20 თამაშს ითვლის. კატალონიელებმა 11-ჯერ მოიგეს, 5-ჯერ ფრედ ითამაშეს და 4-ჯერ წააგეს. საკუთარ კედლებში გამართულ 9 მატჩში “ბარსას” 6 მოგება, 2 ფრე და ერთი მარცხი აქვს. ის ერთადერთი თამაში “ბარსამ” 1984 წელს, თასების მფლობელთა თასზე, “მეცთან” 1:4 წააგო.
პსჟ-ს, ესპანურ გუნდებთან გამართულ 23 თამაშში 10 მოგება, 6 ფრე და 7 წაგება დაუგროვდა. პარიზელებმა, მეტოქის მოედანზე, ოთხ-ოთხჯერ მოიგეს და წააგეს, ხოლო 2-ჯერ ფრედ ითამაშეს. “პარი სენ ჟერმენს” ესპანური გუნდისთვის 3-ჯერ მოუგია იმ ანგარიშით, რომელიც ბლანის გუნდს დღეს ხელს აძლევს, მაგრამ სამივეჯერ საკუთარ მოედანზე.
დღევანდელ შეხვედრას ორივე გუნდი კარგი განწყობით ხვდება. “ბარსელონამ”, პრიმერას გასულ ტურში, “ვალენსია” დაამარცხა და მდევარ “რეალთან” ორქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. პსჟ-მ კი, ლიგა ერთის ზედიზედ მე-3 თამაში მოიგო და ლიდერ “ლიონთან” ქულებით გათანაბრება მოახერხა.
დღევანდელ მატჩში “ბარსელონას” ერთადერთი დანაკლისი ტომას ვერმალენია, რომელსაც კატალონიური გუნდის მაისურით ჯერ ერთი თამაშიც არ ჩაუტარებია. ტრავმა აწუხებდა ანდრეს ინიესტასაც, მაგრამ მან ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღო. რაც შეეხება პსჟ-ს – პარიზელებს ტრავმირებული ტიაგუ მოტა და ტიაგუ სილვა, ასევე დისკვალიფიცირებული სერჟ ორიე არ ეყოლებათ. კარგი ამბავი ისაა, რომ დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ გუნდს მარკო ვერატი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაუბრუნდნენ.
- “ბარსელონამ”, ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ბოლო 31 საშინაო თამაშიდან მხოლოდ ერთი წააგო, უკანასკნელი 4 კი მოიგო;
- “ბარსელონას”, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, საკუთარ მოედანზე მხოლოდ 3-ჯერ წაუგია იმ ანგარიშით, რომელიც დღეს კატალონიელებს არ აწყობთ;
- “ბარსელონა”, ევროტურნირის ფლეი ოფში სტუმრად ჩატარებული პირველი თამაში, აქამდე, 36-ჯერ მოუგია და კატალონელები მომდევნო ეტაპზე 34-ჯერ გავიდნენ;
- პსჟ-მ, ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ბოლო 13 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 3 წააგო;
- პსჯ-მ, ევროტურნირის ფლეი ოფში საკუთარ კედლებში ჩატარებული პირველი თამაში მეოთხედ წააგო. წინა სამ შემთხვევაში პარიზელები ასპარეზობას ეთიშებოდნენ;
- “ბარსელონამ”, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ბოლო 36 თამაშიდან 32 მოიგო;
- ლუის სუარესმა, ბოლო 12 თამაშში 12 გოლი გაიტანა;
- ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 7 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო;
- “ბარსელონამ” ფრანგულ გუნდებთან გამართული ბოლო 12 თამაშიდან მხოლოდ 1 წააგო;
- “ბარსელონას”, ჩემპიონთა ლიგაზე, მოგებათა 7-მატჩიანი სერია აქვს;
- “ბარსელონა” ერთადერთი 1/4-ფინალისტია, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში მატჩი ფრედ ჯერ არ დაუსრულებია.
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, პიკე, მატიე, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ჩავი, მესი, სუარესი, ნეიმარი.
პსჟ (4-3-3): სირიგუ, ვან დერ ვილი, მარკინიოსი, ლუისი, მაქსველი, პასტორე, ვერატი, მატუიდი, მოურა, იბრაჰიმოვიჩი, კავანი.
მსაჯი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია).