ბექა ბურჯანაძემ სეზონი შედეგიანი თამაშით დაასრულა. ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში ლაკორუნიულმა „ლეიმა ბასკეტმა" „პალენსიას" უმასპინძლა და ქართველი ფორვარდის დიდი დახმარებით დაძაბულ ბრძოლაში – 76:73 დაამარცხა.
მატჩის შედეგს მნიშვნელობა არ ჰქონდა. „პალენსიას" პლეი-ოფში გასვლა განაღდებული ჰქონდა, ხოლო „ლეიმა ბასკეტს" რომც მოიეგო, საუკეთესო 9 გუნდში ვერ მოხვდებოდა. მიუხედავად ამისა, ბურჯანაძის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და სეზონი ამაღლებულ ნოტაზე დაასრულა.
ბურჯანაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში 25 წუთი ითამაშა და მატჩი 20 ქულით, 6 მოხსნით, 2 ჩაჭრით და 1 პასით დაასრულა. ბურჯანაძემ 6-დან 3 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მეორე შედეგიანი მოთამაშე „ლეიმა ბასკეტში" ბალკანელი ალექსანდრ პეტროვიჩი გახლდათ.
ბურჯანაძის გუნდმა სეზონი 12 მოგებითა და 16 მარცხით, მე-10 ადგილზე დაასრულა და პლეი ოფში გამსვლელ მე-9 ადგილამდე 1 ნაბიჯი დააკლდა. ლიგის გამარჯვებული „ბურგოსი" გახდა, რომელმაც უმაღლესი ლიგის საგზური პირდაპირი გზით მოიპოვა, ხოლო მომდევნო 8 გუნდი კიდევ ერთი საგზურისთვის პლეი ოფში იბრძოლებენ.
www.gbf.ge