ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ნელ-ნელა ცნობილი ხდება იმ კალათბურთელთა ვინაობა, რომლებიც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე თანხმობას აცხადებენ. ცხადია, ამ შემთხვევაში აქცენტი ნბა-ში მოასპარეზე ევროპელებზეა, რადგანაც პრობლემატური სწორედ მათი ოკეანის გადმოღმა გამომგზავრებაა ხოლმე.
ამჯერად, კარგი სიახლეა საფრანგეთის ნაკრების გულშემატკივართათვის. ევრობასკეტ-2015-ზე თამაშის სურვილი დაადასტურეს “იუტა ჯაზის” და “დენვერ ნაგითსის” “მაღლებმა” – რუდი გობერმა და ჟოფრე ლოვერნმა.
მიმდინარე სეზონში გობერის საშუალო მონაგარი 8.4 ქულა, 9.5 მოხსნა და 2.3 დაფარებაა, ხოლო ლოვერნმა, რომელიც დენვერელებს თებერვალში რუსული “ხიმკიდან” შეუერთდა, 24 მატჩში საშუალოდ 3.9 ქულას და 3.2 მოხსნას აგროვებდა.
სპეციალური განცხადება გააკეთა “ოკლაჰომა სიტი სანდერის” ცენტრმა ენეს კანტერმაც. თურქი კალათბურთელის თქმით, სექტემბრისთვის ის ეროვნული ნაკრების რიგებში იქნება.
შეგახსენებთ, რომ თურქები ჯგუფში ესპანეთთან, იტალიასთან, სერბეთთან, გერმანიასთან და ისლანდიასთან ითამაშებენ. რაც შეეხება საფრანგეთის ნაკრებს, მას მეტოქეებად რუსეთი, პოლონეთი, ისრაელი, ბოსნია-ჰერცეგოვინა და ფინეთი ეყოლება.
სხვა წამყვანი ნაკრების ბანაკებიდან გამოსული ცნობების თანახმადაც, იმ ვარსკვლავთა რაოდენობა, რომლებიც ევრობასკეტის გამოტოვებას აპირებენ, მინიმალურია. ამდენად, 5-20 სექტემბერს ოთხ ქვეყანაში (გერმანია, საფრანგეთი, ხორვატია, ლატვია) დაგეგმილი ტურნირი უკანასკნელ წლებში უძლიერესი უნდა იყოს.