გიორგი შერმადინის “კანტუმ” იტალიის ჩემპიონატში მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. კანტუელებმა ერთპიროვნულ ლიდერ “ემპორიო არმანის” სეზონში მე-3 მარცხი (83:64) აგემეს და სწორედ იმ მე-8 ადგილზე დამკვიდრდნენ, რომელიც პლეი-ოფში თამაშის უფლებას იძლევა.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე 16 წუთი გაატარა და 5 ქულა, 11 მოხსნა (5 შეტევაში) და 1 პასი მოაგროვა. შერმადინმა 5-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.
კანტუელთა რიგებში საუკეთესო სტეფანო ჯენტილემ 20 ქულა ჩააგდო, ერიკ უილიამსმა 15 ქულა მოაგროვა, დარიუს ჯონსონ-ოდომმა და მეტა უორლდ პისმა კი – 13-13.
შერმადინის კლუბმა 14 მარცხის წილ მე-12 გამარჯვება იზეიმა და როგორც აღვნიშნეთ, მე-8 პოზიციაზე გადაინაცვლა. “კანტუს” მომდევნო მატჩი 20 აპრილს ელის, როდესაც მე-7 ადგილზე მყოფ და იდენტური მონაგარის მქონე “ვანოლი კრემონას” უმასპინძლებს.