იტალიის სერია A-ში XXV ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა. გენუაში, ადგილობრივმა “ჯენოამ” ჩემპიონატის აუტსაიდერ “პარმას” უმასპინძლა.
მიმდინარე სეზონის აუტსაიდერმა “პარმამ” მორიგი საოცრება ვეღარ ჩაიდინა. ცნობილია, რომ რობერტო დონადონის გუნდმა წინა ტურში ლიდერ “იუვენტუსს” მოუგო, ხოლო უკანასკნელ 3 შეხვედრაში 7 ქულა ჰქონდა დაგროვილი. “ჯენოამ” მეტოქეს ადვილად აჯობა. ჯამპიერო გასპერინის გუნდმა სტუმრებს თითო ტაიმში თითო გოლი აკმარეს. ანგარიში მე-14 წუთზე იაგო ფალკემ გახსნა. მარკო ბორიელომ მარჯვენა ფლაგნზე იაქტიურა და ესპანელსაც ისღა დარჩენოდა ახლო მანძილიდან გაეტანა. მეორე გოლი მასპინძლებმა 76-ე წუთზე შეაგდეს. ამჯერად უკვე დიეგო პეროტის კარგი გადაცემა რიკარდო პავოლეტიმ შეირგო, ვინაც გენუური გუნდის მაისურით პირველი გოლი გაიტანა. მატჩიც საბოლოოდ “ჯენოამ” ანგარიშით, - 2:0 მოიგო და სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაიუმჯობესა. “პარმა” კი სერია A-ში წელს მხოლოდ მოვალეობის გამო თამაშობს.
“ჯენოა” – “პარმა” 2:0 (1:0)
გენუა, “მარასი”
მაყურებელი: 19.000
“ჯენოა” (3-4-3): ლამანა; რონკალია, ბურდისო, დე მაიო; ტამბე (კუჩკა 61), რინკონი, ბერტოლაჩი (მანდრაგორა 82), ბერგდიხი; იაგო ფალკე, ბორიელო (პავოლეტი 17), პეროტი
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
“პარმა” (3-5-2): მირანტე; სანტაკროჩე (კასანი 52), ლუკარელი, ფედალი; ვარელა, ლოდი (ხორკერა 64), ნოჩერინო, ლილა (მაური 80), გობი; გეძალი, ბელფოდილი
მწვრთნელი: რობერტო დონადონი
გოლები: 1:0 იაგო ფალკე (14), 2:0 პავოლეტი (76)
გაფრთხილება: რონკალია (45), იაგო ფალკე (62), კუჩკა (83) – ლილა (19), ბელფოდილი (55), ნოჩერინო (71), ხორკერა (80), ლუკარელი (84)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (4) – 7 (3) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 7:2 გაფრთხილება: 3:5
მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 17 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 16, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 16, ლუკა ტონი (“ვერონა”) – 15, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 13, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 13.