საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე ყაზანის “უნიკსში” აღარ ითამაშებს. აღნიშნულის შესახებ რუსული კლუბის პრეზიდენტმა ევგენი ბოგაჩოვმა business-gazeta.ru-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
“გუნდის შემადგენლობა გარკვეულწილად შეიკვეცა. აღნიშნულში უცხოელ კალათბურთელებს ვგულისხმობ. წავიდა ქართველი ვიქტორ სანიკიძე. მას მკურნალობა კიდევ 4 თვე მოუწევს”.
შეგახსენებთ, რომ სანიკიძემ მხრის ორთავა კუნთის ტრავმა ჯერ კიდევ იანვრის მიწურულს მიიღო და მას შემდეგ წამლობს. ვიქტორი ”უნიკსში” სეზონის წინ ბერძენი არგირის პედულაკისის მიწვევით მივიდა, ხოლო რაც ის რუსმა ევგენი პაშუტინმა შეცვალა, სათამაშო დრო საგრძნობლად შეუმცირდა.
ქართველმა ფორვარდმა ვთბ-ლიგაში 8 მატჩის ჩატარება მოასწრო, მისი საშუალო მონაგარი კი 4.5 ქულა და 4.0 მოხსნა იყო.