ატლეტიკო-რეალი
1/4-ფინალური ეტაპის წილისყრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ წინა გათამაშების ფინალი ვერ განმეორდება. ამის მიზეზი ისაა, რომ გასულ წელს ლისაბონში მოთამაშე მადრიდული გუნდები ერთმანეთს უფრო ადრე დაუპირისპირდებიან და ერთ-ერთი მათგანი ასპარეზობას 1/4-ფინალიდან გამოეთიშება.
“ატლეტიკოს”, გასული წლის 24 მაისს განცდილი მტკივნეული მარცხისთვის, რევანში აქვს ასაღები. დიეგო სიმეონეს გუნდი 93-ე წუთამდე იგებდა, მაგრამ “რეალმა” გაათანაბრა, ხოლო დამატებით ტაიმებში მეტოქეს 3 უპასუხო ბურთი გაუტანა.
“რეალს”, თავის მხრივ, დასამტკიცებელი აქვს, რომ “ატლეტიკო” მისთვის დაუძლეველი ბარიერი არაა. მიმდინარე სეზონში, ეს გუნდები ერთმანეთს 6-ჯერ დაუპირისპირდნენ და კარლო ანჩელოტის შეგირდებმა ვერცერთ მათგანში ვერ იმარჯვეს. “ატლეტიკომ” თანაქალაქელებს ქვეყნის თასსა და სუპერთასზე აჯობა, ხოლო ლა ლიგაში ორივე თამაში მოუგო.
“რეალი” და “ატლეტიკო”, ევროტურნირებზე, ერთმანეთს მეხუთედ ხვდებიან. პირველი 3 დაპირისპირება 1959 წელს, ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში შედგა. “რეალმა” შინ 2:1 მოიგო და სტუმრად 0:1 წააგო. იმ დროს, სტუმრად გატანილი გოლის წესი არ მოქმედებდა და გადათამაშება დაინიშნა, რომელიც “სამეფო კლუბმა” სარაგოსაში 2:1 მოიგო. გუნდების მე-4 დაპირისპირება კი გასული გათამაშების ფინალში შედგა და “რეალმა” 120 წუთში 4:1 მოიგო.
“რეალი” და “ატლეტიკო”, ესპანეთის მასშტაბით, ერთმანეთს 201-ჯერ შეხვედრიან. უპირატესობა აქაც “სამეფო გუნდს” აქვს – 103 მოგება, 48 ფრე და 50 მარცხი.
“ატლეტიკოს”, ევროტურნირებზე, ესპანურ გუნდებთან სულ 15-ჯერ უთამაშია. “როხიბლანკომ” 7-ჯერ მოიგო, 3-ჯერ ფრედ ითამაშა და 5-ჯერ წააგო. საკუთარ კედლებში ჩატარებული 5 შეხვედრიდან “ატლეტიკომ” 4 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.
“რეალს”, ესპანურ გუნდებთან ევროტურნირებზე ჩატარებულ 16 შეხვედრაში 9 მოგება, 4 ფრე და 3 მარცხი დაუგროვდა. “სამეფო კლუბმა”, მეტოქის მოედანზე, 2-ჯერ მოიგო, ამდენჯერვე ფრედ ითამაშა და წააგო.
“რეალი” დღევანდელ მატჩს კარგი განწყობით ხვდება. კარლო ანჩელოტის გუნდმა, პრიმერას ბოლო 3 ტურში დამაჯერებლად იმარჯვა და ლიდერ “ბარსელონასთან” ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირა.
“ატელტიკომ”, ლა ლიგის ზედიზედ სამ შეხვედრაში მშრალად მოგების შემდეგ, გასულ უქმეებზე, მალაგაში ქულები დაკარგა და “ვალენსიას” ერთ ქულამდე მიახლოების საშუალება მისცა.
“რეალმა”, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ჯგუფი იოლად მოიგო. მადრიდელებმა, B ჯგუფში ექვსივე თამაშში იმარჯვეს. ტურნირის მოქმედმა გამარჯვებულმა 1/8-ფინალიც მაჟორულ ნოტაზე დაიწყო, მოიგო რა გელზენკირხენში 2:0. თუმცა, განმეორებით მატჩში, მადრიდელებმა გულშემატკივრები ძალიან ანერვიულებს. “შალკემ” “სანტიაგო ბერნაბეუზე” 4:3 მოიგო და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად გერმანელებს ერთი გოლი დააკლდათ.
თავისი ჯგუფი მოიგო “ატლეტიკომაც”, რომელმაც “იუვენტუსს”, “ოლიმპიაკოსსა” და “მალმიოს” აჯობა. სიმეონეს გუნდს, 1/8-ფინალში, თავიდანვე გაუჭირდა. მადრიდელებმა ლევერკუზენში 0:1 წააგეს და 1/4-ფინალის საგზურის მოსაპოვებლად მათ თერთმეტმეტრიანების სერია დაჭირდათ.
“რეალი” თანაქალაქელებს უდანაკარგოდ ეწვევა, “ატლეტიკოს” რიგებში კი რაულ გარსიას თამაშია საეჭვო. იმისათვის, რომ მომდევნო შეხვედრა არ გამოტოვონ, დღეს ყვითელი ბარათი კრისტიან ანსალდიმ, გაბიმ, ხესუს გამესმა, მარიო სუარესმა, ფერნანდო ტორესმა, ფაბიუ კოენტრაუმ, მარსელომ და ტონი კროოსმა არ უნდა მიიღონ.
- მიმდინარე სეზონში ამ გუნდებს შორის გამართულ 6 თამაშში “რეალს” მოგება არ აქვს;
- “ატლეტიკოს”, “რეალთან” ევროტურნირებზე აქამდე გამართულ ოთხივე თამაშში თითო გოლი გაჰქონდა;
- “რეალმა”, ევროტურნირებზე ესპანურ გუნდებთან გამართული ბოლო 7 თამაშიდან მხოლოდ 1 წააგო;
- “ატლეტიკოს”, ევროტურნირებზე ესპანურ გუნდებთან საკუთარ კედლებში ჩატარებულ 6 თამაშში 5 მოგება და 1 ფრე აქვს. “როხიბლანკომ” კარი მშრალად 4-ჯერ შეინახა;
- “ატლეტიკომ”, მიმდინარე გათამაშებაში, ოთხივე საშინაო თამაში მშრალად მოიგო;
- “რეალმა”, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 5 თამაში მოიგო და მათგან ოთხში კარი მშრალად შეინახა;
- “ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მეშვიდედ თამაშობს. “როხიბლანკო” ნახევარფინალში მეხუთედ გასვლას შეეცდება;
- “ატლეტიკომ”, ევროტურნირებზე გამართული ბოლო 23 საშინაო თამაშიდან 21 მოიგო;
- “რეალს” შანსი აქვს გახდეს პირველი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას (1992 წლიდან) ზედიზედ 2-ჯერ მოიგებს. კარლო ანჩელოტის კი შანსი აქვს გახდეს პირველი მწვრთნელი, რომელიც ამ ტურნირს 4-ჯერ მოიგებს;
- “რეალი” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ზედიზედ მეხუთედ გავიდა. მადრიდელები, წინა 4 შემთხვევაში, ამ ეტაპის დაძლევას ყოველთვის ახერხებდნენ;
- “რეალმა”, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 28 გასვლითი თამაშიდან გოლი 27-ში გაიტანა;
- კარლო ანჩელოტი და დიეგო სიმეონე ერთმანეთს ფეხბურთელობის დროსაც შეხვედრიან. 1991 წლის იანვარში, ანჩელოტის “მილანმა” სიმეონეს “პიზა” 1:0 დაამარცხა;
- ანჩელოტისა და სიმეონეს სამწვრთნელო დაპირისპირება მადრიდული დერბით შემოიფარგლება. 11 თამაშიდან 5 სიმეონემ მოიგო, 3 ანჩელოტიმ და სამიც ფრედ ადსრულდა;
- “ატლეტიკოს” მარჯვენა მცველი ხუანფრანი “რეალის” სკოლის აღზრდილია. მან, 2004-2006 წლებში, “სამეფო კლუბის” პირველი გუნდის მაისურით 6 თამაში ჩაატარა;
- კრიშტიანუ რონალდუმ, “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ჩატარებულ 20 თამაშში 16 გოლი გაიტანა.
სავარაუდო შემადგენლობები
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, გამესი, თურანი, გაბი, ტიაგო, კოკე, გრიზმანი, ტორესი.
რეალი (4-3-3): კასილიასი, კარვახალი, რამოსი, პეპე, მარსელო, მოდრიჩი, კროოსი, როდრიგესი, ბეილი, ბენზემა, რონალდუ.
მსაჯი: მილორადნ მაზიჩი (სერბეთი).
იუვენტუსი-მონაკო
ამ გუნდების მიერ მიმდინარე გათამაშებაში ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, დღეს ბევრ გოლს არ უნდა ველოდოთ. “იუვენტუსმა” და “მონაკომ”, ერთად აღებულმა, მეტოქეთა კარში მხოლოდ 19 გოლი გაიტანეს. შედარებისთვის, მხოლოდ “რეალმა” 21, ხოლო “ბაიერნმა” 23 გოლი გაიტანა. “იუვე” და “მონაკო” არც ბევრს უშვებენ. ტურინელებმა, 7 მატჩში, საკუთარ კარში 5 ბურთი მიიღეს, ხოლო მონაკოელებმა – 4.
“იუვენტუსი” და “მონაკო” ერთმანეთს მესამედ შეხვდებიან. პირველი თამაშები 1998 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში შედგა, როდესაც ტურინელებმა შინ 4:1 მოიგეს და სტუმრად 2:3 წააგეს.
“იუვენტუსი” საფრანგეთის წარმომადგენლებს 23-ედ ხვდება. წინა 22 მატჩიდან “ბებერმა სინიორამ” 13 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 5 წააგო. ტურინში ჩატარებული 9 შეხვედრიდან 7 მასპინძლებმა მოიგეს, ხოლო 2 ფრედ დასრულდა.
“მონაკოს”, იტალიის წარმომადგენლებთან ჩატარებულ 11 შეხვედრაში 3 მოგება, 2 ფრე და 6 მარცხი დაუგროვდა. მეტოქის მოედანზე გამართული 6 დაპირისპირებიდან “მონაკომ” 1 ფრედ დაასრულა, ხოლო 5 დათმო.
“იუვენტუსი”, სერია A-ს გასულ ტურში, ბოლოადგილოსან “პარმასთან” უქულოდ დარჩა. ტურინრელებმა იტალიის ჩემპიონატში არსებული 20-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს, მაგრამ ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ მასიმილიანო ალეგრის შეგირდები დღევანდელ მატჩზე ფიქრობდნენ. “ბებერ სინიორას” მიერ სკუდეტოს აღებას მხოლოდ გაოფიციალურებაღა აკლია და ტურინელებს შეუძლიათ აქცენტი სხვა ტურნირებზე გააკეთონ. მაგალითად იტალიის თასზე, რომლის ნახევარფინალშიც მათ “ფიორენტინა” ახლახანს დაამარცხეს.
“მონაკო” საფრანგეთის ჩემპიონატში 8 თებერვლის შემდეგ არ აგებს, მაგრამ ჟარდიმის შეგირდები ქულებს მაინც საკმაოდ ხშირად კარგავენ. ბოლო 3 შეხვედრიდან მათ მხოლოდ 1 მოიგეს, თუმცა მე-3 ადგილზე გადასასვლელად ესეც საკმარისი აღმოჩნდა.
“იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება A ჯგუფში დაიწყო, სადაც პირველი პოზიცია “ატლეტიკოს” დაუთმო, თავად კი მე-2 ადგილს დასჯერდა. 1/8-ფინალის პირველ მატჩში ალეგრის შეგირდებმა არცთუ სახარბიელო შედეგი აჩვენეს – საკუთარ კედლებში, “დორტმუნდთან”, 2:1 მოიგეს. თუმცა, განმეორებით შეხვედრაში მეტოქე 3:0 გაანადგურეს და საერთო ჯამში იოლად იმარჯვეს.
“მონაკომ”, C ჯგუფში, “ლევეკრუზენზე”, “ზენიტსა” და “ბენფიკაზე” კარგი შედეგი აჩვენა და პირველი ადგილი დაიკავა. ჟარდიმის შეგირდებმა, 1/8-ფინალის პირველი მატჩის შემდეგ ძალიან დიდი უპირატესობა მოიპოვეს, მოუგეს რა “არსენალს” ლონდონში 3:1. “მეთოფეებმა”, განმეორებით შეხვედრაში, ბოლომდე იბრძოლეს და 2:0 მოიგეს, მაგრამ სტუმრად გატანილი გოლის წესის წყალობით 1/4-ფინალის საგზური წილად მაინც “მონაკოს” ხვდა.
“იუვენტუსი” დღევანდელ მატჩს სერიოზული დანაკლისით ხვდება. ტურინელებს ასამოა, რომულო, კასერესი, პოგბა და მარონე არ ეყოლებათ. პირლოს საკითხი გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არაა. სტუმრებს ტრავმირებული ლასინა ტრაორე არ ეყოლებათ.
დისკვალიფიკაციის ზღვარზე მყოფი ფეხბურთელები ორივე გუნდს ჰყავს. მასპინძელთა მხრიდან ფრთხილად თამაში ლიხტშტაინერს, მორატას, პერეირასა და ვიდალს, ხოლო სტუმართაგან ფერეირა-კარასკოს, მოუტინიოსა და კურზავას მოუწევთ.
- “იუვენტუსმა”, საფრანგთის წარმომადგენლებთან გამართული ბოლო 6 თამაშიდან მხოლოდ 1 წააგო;
- “იუვენტუსს”, ფრანგულ გუნდებთან, საკუთარ კედლებში, არასდროს წაუგია;
- “მონაკომ”, იტალიურ გუნდებთან სტუმრად ჩატარებულ 6 თამაშში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა;
- “მონაკომ”, მიმდინარე გათამაშებაში, მხოლოდ 7 გოლი გაიტანა, რაც 1/4-ფინალისტებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ლეონარდუ ჟარდიმის გუნდის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი “იუვენტუსს” აქვს, რომელმაც მეტოქეთა კარი 12-ჯერ აიღო;
- “იუვენტუსი”, ევროტურნირის ფლეი ოფში, საფრანგეთის წარმომადგენელს მეთერთმეტედ ხვდება. ტურინელებმა წინა 10 ორრაუნდიანი დაპირისპირება მოიგეს;
- “მონაკომ”, მიმდინარე გათამაშებაში სტუმრად ჩატარებულ 4 თამაშში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა;
- “იუვენტუსის” მარცხენა მცველი პატრის ევრა, 2002-2006 წლებში, “მონაკოში” თამაშობდა;
- “იუვენტუსმა”, სერია A-ს გასულ ტურში, ბოლოადგილოსან “პარმასთან” წააგო და ამ ტურნირზე არსებული 20-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყვიტა.
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი, ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა, პერეირა, პირლო, მარკიზიო, ვიდალი, მორატა, ტევესი
მონაკო (4-3-3): სუბასიჩი, ფაბინიო, აბდენუ, უოლასი, კურზავა, ტულალანი, მოუტინიო, კონდოგბია, დირარი, ბერბატოვი, ფერეირა-კარასკო.
მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი).