ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ჩემპვილი” ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალისკენ მიიწევს. ქართველი კალათბურთელის კლუბმა “მუტაჰედს” გასვლით მატჩში 92:88 სძლია და მეოთხედფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა, რაშიც “სკიტას” წვლილი უდიდესი გახლდათ.
ცქიტიშვილმა მოედანზე 39 წუთი გაატარა და 24 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. ნიკოლოზმა 3-დან 2 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 12-დან 11 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 8-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 37-ს უწია და ასეთივე მაჩვენებელი ჰქონდა “მუტაჰედის” ამერიკელ ლეგიონერ დევარიკ სპენსერს, რომელმაც 40 ქულა მიითვალა.
მეოთხედფინალის მორიგი მატჩი 16 აპრილს შედგება და ამჯერად, მასპინძელი “ჩემპვილი” იქნება.