კალათბურთი

0:54 | 10.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია ევროლიგას გამოეთიშა, მარკოიშვილი პლეი-ოფში ითამაშებს

თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა” ევროლიგას გამოეთიშა. ბასკურ კლუბს პლეი-ოფში გასვლის შანსი მას შემდეგ მიეცა, რაც “ანადოლუ ეფესმა” “ფენერბაჰჩესთან” სტამბოლური დერბი წააგო, თუმცა, “ლაბორალ კუჩა” მალაგაში “უნიკახასთან” 84:93 დამარცხდა და F ჯგუფში თამაში მე-5 ადგილზე დაასრულა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 17:25 წუთში 9 ქულა, 3 მოხსნა (ყველა შეტევაში) და 1 დაფარება მოაგროვა. შენგელიამ 6-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

სტუმართაგან ფაბიენ კოსიე (21 ქულა), ფერნანდო სან ემეტერიო (16) და დარიუს ადამსი (12) გამოირჩნენ, ხოლო “უნიკახას” რაიან ტულსონმა (17), ჯეისონ გრეინჯერმა (15) და კალებ გრინმა (11) ულიდერეს. თბილისური “არმიას” ყოფილმა მოთამაშე, ქართული პასპორტის მქონე უილ ტომასმა მალაგელებს 14:11 წუთში 9 ქულა და 5 მოხსნა შესძინა.

F ჯგუფში პირველი პოზიცია დაიკავა და მეოთხედფინალში E ჯგუფის მეოთხეადგილოსან ათენის “პანათინაკოსთან” თამაში მოუწევს მანუჩარ მარკოიშვილის ცსკას. მოსკოველებმა 14 ტურში მე-12 გამარჯვება მილანში იზეიმეს, სადაც “ემპორიო არმანი” 88:79 დაამარცხეს.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 14:17 წუთი დაჰყო და 2 ქულა, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. მარკოიშვილმა ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, 2 პერსონალური მიიღო, მასზე კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა. ცსკა-ს რიგებში საუკეთესონი საშა კაუნი (19), ანდრეი ვორონცევიჩი (14) და ანდრეი კირილენკო (14) იყვნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115199