საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ ლიგაში მოასპარეზე “გაგრას” პრეზიდენტმა ბესო ჩიხრაძემ უკრაინულ ინტერნეტპორტალ football.ua-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში საშუალო ევროპული დონის ნაკრების ჩამოყალიბება შეიძლება.
- პისკოვეცის დაბრუნება წარსულს მიბრუნების საკადრო გადაწყვეტილება იყო, მან ხომ “გაგრას” საქართველოს თასი მოაგებინა და ევროთასზე გაიყვანა. მას ზამთარში ლატვიის უმაღლესი ლიგის გუნდი უნდა ჩაებარებინა და თქვენთან როგორ მოხვდა?
- ლატვიაში კონტრაქტი გაფორმებული ჰქონდა, მაგრამ ამ კლუბმა უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის ლიცენზია ვერ მიიღო და ამიტომ, ხელშეკრულება ძალაში არ შესულა. დიდი ხანი ვფიქრობდი, მთავარ მწვრთნელად ვინ მიმეწვია. ახლა კრიზისია, ამიტომ გადაწყვეტილება დიდხანს მწიფდებოდა და საბოლოოდ გეგმა შევიმუშავე. ახლა “გაგრა” უმაღლეს ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს და 10 დღის წინ, პისკოვეცთან თანამშრომლობის განახლება გადავწყვიტეთ. რამდენიმე უკრაინელი ლეგიონერი მოვიწვიეთ და შევეცდებით ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩენილი დრო ნაყოფიერად გამოვიყენოთ.
- თავის დროზე, ამ უკრაინელ სპეციალისტს როგორ დაეკონტაქტეთ?
- მან ორი თვის განმავლობაში აზერბაიჯანულ “სიმურგში” კარგი გუნდი შეკრიბა და უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა. “გაგრაშიც” ადგილობრივ მოთამამაშეებს ორი უკრაინელი ორდინსკი და ნაკონეჩნი დაამატა, რის შედეგად, გუნდმა უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა, საქართველოს თასი მოიგო და ევროთასის გამოცდილება მიიღო.
- “გაგრის” “უკრაინული ლეგიონი” წარმოგვიდგინეთ. ისინი როგორღა მოძებნეთ?
- პისკოვეცმა შეკრიბა. ჩემთან კონცულტაციას გადიოდა, მაგრამ საბოლოოდ თვითონ ირჩევდა. მეკარე იაროსლავ ბურდეინი (“ვორკსლას” სკოლა გაიარა, მეორე ლიგის “კრემენსა” და “არსენალ-კიევშჩინაში” თამაშობდა), მცველი ევგენი მალიკი “ვოლინის” ახალგაზრდულ გუნდს და უკრაინის ჭაბუკთა ნაკრებში გამოდიოდა), ნახევარმცველი ამბერკი ინჯიბაშვილი (მეორელიგელი ძერჟინსკის “სტალი”, “ედნისტი”, “ობოლონ-ბროვარი”, “ენერგია”), არტურ კუპრი (“ობოლონ-ბროვარი”, “მიკოლაევი”), რომან მირონენკო (ალჩევსკისა და დნეპროძერჟინსკის “სტალი”, “ავანგარდი”, “სლავუტიჩი”).
- თავის დროზე, “გაგრაში” ნიგერიელმა ფორვარდმა ოვონიკოკო გამოირჩეოდა. ახლაც მუშაობთ ახალგაზრდა აფრიკელ ტალანტებთან თუ ქართველებს ამჯობინებთ?
- უფრო მეტს ქართველებთან და უკრაინელებთან ვიმუშავებთ. თუმცა, “ახალი ოვონიკოკოც” გვყავს 21 წლის თავდამსხმელ ჯონი ჯერემიას სახით. ის იჯარით უმაღლესი ლიგის “ზესტაფონში” თამაშობს. რაც შეეხება ოვონიკოკოს, ლუცკის “ვოლინში” თამაშის შემდეგ, ცოტა ხანი დაგვიბრუნდა და ნახევარ წელიწადში 13 გოლი გაიტანა. მან მალტის “ვალეტაშიც” ითამაშა და ამჟამად, პორტუგალიურ “მირანდელაში” გამოდის.
- საქართველოსა და უკრაინის პირველ ლიგებს შორის რა პარალელს გაავლებდით?
- ინფრასტრუქტურულ საკითხებს თუ განვიხილავთ, უკრაინის პირველ ლიგაში ისინი გაცილებით უკეთესადაა მოგვარებული. ფინანსებს რაც შეეხება, ამჟამად, საქართველოს პირველი ლიგა უკრაინულს შეედრება, მაგრამ ცნობილ მოვლენებამდე უკრაინული გაცილებით მდიდარი იყო. დონით უკრაინის პირველი ლიგა უფრო მაღალია, მაგრამ ქართულშიც არიან საინტერესო მოთამაშეები.
მცველ გადრანის მაგალითს მოვიყვან, რომელიც ჩვენი პირველი ლიგის “გაგრადან” ოდესის “ჩერნომორეცში” გადავიდა. ის მაშინვე პირველ გუნდში მოხვდა და არა დუბლებში.
5 დღის წინ, ჩვენმა ცენტრალურმა მცველმა გიორგი ჯგერენაიამ კონტრაქტი კიევის “დინამოსთან” გააფორმა, მაგრამ პირველ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.
-კლუბი “გაგრა” ისეთივე სიტუაციაშია, როგორშიც ამჟამად დონეცკის “შახტარი”, ლუგანსკის “ზორია” და დონბასის სხვა კლუბები აღმოჩნდნენ. “საფეხბურთო ლტოლვილობის” პერიოდი როგორ გადალახეთ?
- თავდაპირველად, როგორც ლტოლვილები, სხვა ქალაქში ვიყავით. გარკვეული პერიოდი ის არ არსებობდა და 2004 წელს ავაღორძინეთ. რა თქმა უნდა, ვოცნებობთ, რომ ოდესმე ევროთასების მატჩები ჩვენს მშობლიურ ქალაქში ჩავატაროთ. ევროპის ლიგაში ერთხელ უკვე ვითამაშეთ და ძალიან ბენდიერნი ვიყავით, როდესაც უეფას გენერალურ მდივან ჯანი ინფანტინოს კენჭისყრის დროს ხელში ფურცელი ეჭირა წარწერით – Gაგრა (Gეორგია). ასე რომ, დონბასის კლუბებს თავის ქალაქებსა და სტადიონებზე მალე დაბრუნებას ვუსურვებ.
- მიმდინარე სეზონში საქართველოში ბევრი უკრაინელი ლეგიონერი თამაშობს. ზოგიერთი სამშობლოში უცნობია, რასაც “შახტიორისა” და უკრაინის ნაკრებს პუკანიჩზე ან ახალგაზრდა ზაპოროჟიელ მეკარე შევჩენკოზე ვერ იტყვი, რომლის სატრანსფერო უფლებები კიევის “დინამოს” ეკუთვნის. უკრაინელები საქართველოს ჩემპიონატში თავს როგორ ავლენენ?
- პუკანიჩს “შუქურაში” საუცხოო დებიუტი ჰქონდა და იმედია, კიდევ უფრო მოუმატებს. დანარჩენებიც ადაპტაციას გადიან. უკრაინელ ფეხბურთელებს ქართულ ფეხბურთში შეუძლიათ ახალი კარგი ელემენტები შეიტანონ - ბრძოლისუნარიანობა, უბურთოდ თამაში, ჟინი. როგორც ქართველებს, ასევე უკრაინელებს ფეხბურთში თავისი პლუსები აქვთ. ამ პლუსების შერწყმით ძალიან კარგი სიმბიოზი გამოვა.
- ამჟამად, საქართველოს უმაღლეს ლიგაში მხოლოდ ერთი უკრაინელი სპეციალისტი ვლადიმირ ლობასი მუშაობს. მისი საქმე როგორ მიდის?
- ლობასმა კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ ჩემპიონატში ბრძოლა გამწვავდა და ახლა მისი გუნდი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. მწვრთნელს საზღვარგარეთ განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება, რადგან მისი ყოფა უფრო რთულია, ვიდრე მოთამაშე ლეგიონერის.
- საქართველოს ამჟამამინდელი ჩემპიონატი უფრო ძლიერია, ვიდრე 5 წლის წინ იყო?
- სამწუხაროდ არა. საქართველოს დიდი საფეხბურთო პოტენციალი აქვს და ხარისხიანი სისტემის ე.წ. პირამიდის შემქნის პირობებში ჩვენი ჩემპიონატი ჩეხეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის დონის იქნებოდა. შესაძლოა, უფრო ძლიერიც. ახლაც კი, არსებული ფეხბურთელებით საშუალო დონის ევროპული ნაკრების ჩამოყალიბება შეიძლება.
ბავშვთა ფეხბურთს სისტემურობა აკლია. არცთუ მყარ საძირკველზე დიდი სახლის აშენება გვინდა. ახლა საკმაოდ კარგი დონის მოთამაშეები გვყავს. თუმცა, მჯერა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით ისეთ საფეხბურთო მოდელს შევქმნით, რომლის დახმარებით ჩვენი ნიჭიერი მოთამაშეების პოტენციალი მაქსიმალურად განვითარდება.
- გერმანიაში ქართველი ლეგიონერების წარმატების ფენომენი რაში მდგომარეობდა? თავის დროზე, “ფრაიბურგში” ბუნდესლიგის დონეზე მთელმა პლეადამ ითამაშა - იაშვილი, კობიაშვილი, ცქიტიშვილი. იგივე, თარგამაძე კარიერას ამ კლუბში იწყებდა...
- ისე მოხდა, რომ ერთმა თავი გამოიჩინა და სხვებიც ჩავიდნენ. სკაუტებმა და მენეჯერებმა კარგად იმუშავეს. მინდა გითხრათ, რომ მათ გარდა, თავი საზღვარგარეთ მხოლოდ კალაძემ, ქინქლაძემ, არველაძემ, ქეცბაიამ და დემეტრაძემ გამოიჩინეს. ასეთი მოთამაშეები ბევრი გვყავს, მაგრამ პოტენციალს ყველა ვერ ავლენს.
მაგალითად, ოქრიაშვილი ავიღოთ. 19 წლის ბიჭი ისეთ კლუბში მოხვდა როგორიც “შახტარია” და მას მხრებზე ბევრი რამ დააწვა - წარმოუდგენელი კონკურენცია, დიდი ხელფასი, ნაკრებში მოხვედრის პერსპექტივა. ამიტომ, მას უნდა გაფრთხილებოდნენ.
თავის საუკეთესო სეზონში მას ბრაზილიელებზე უკეთესი მაჩვენებლები ჰქონდა, მაგრამ დონეცკურ კლუბში ვერ დამკვიდრდა და “ილიჩევეცშიც” რაც შეეძლო, ბოლომდე ვერ აჩვენა.
თუ დიდი კლუბები და მწვრთნელები მას უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევნდნენ, უფრო გაიხსნებოდა. თუ თავის შეცდომებსა და წარსულს გაითვალისწინებს, შეუძლია ბელგიაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს.
ლევან ყენია ავიღოთ. ძალიან ნიჭიერია და პატარა ასაკში ისეთ ფეხბურთს თამაშობდა, რომელზეც სხვები მხოლოდ იოცნებობდნენ. თუმცა, “შალკეში” მაგათთან მოხვდა. იცით ეს მწვრთნელი რითაა განთქმული? ბიჭმა ყველაფერი “დაიმტვრია” რაც შეეძლო.
იმავე გადრანს “ჩერნომორეცში” ენდნენ და კიევის “დინამოსთან” სადებიუტო მატჩში კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
თუმცა, ცუდი ისაა, რომ “ჩერნომორეცი” ოდესაში ვერ თამაშობს. ეს ქალაქი უკრაინული აღარაა? ჯერ სცადონ მშობლიურ სტადიონზე გულშემატკივრების გარეშე თამაში. დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ასეთ საუცხოო ქალაქში ფეხბურთს დააბრუნებენ.
- უკრაინის ჩემპიონატში გადრანის თამაში ეროვნულ ნაკრებში მის მოხვედრას ხელს შეუწყობს? ჩვენ ჩემპიონატი ხომ საქართველოში მაღალი დონისად ითვლება?
- რა თქა უნდა. ამჟამინდელი პრობლემების მიუხედავად, უკრაინის ჩემპიონატი ძლიერია. ამიტომ, ვფიქრობ გადრანი თავს ეროვნულ ნაკრებშიც წარმოაჩენს. ახალგაზრდულში უკვე თამაშობს. ის უკვე პირველი ნაკრების კანდიდატებს შორისაა. უბრალოდ, ჩვენ ცენტრალური მცველების ძალიან კარგი თაობა გვყავს და ამ პოზიციაზე ბევრი ღირსეული კანდიდატია. თუმცა, გიორგი “ჩერნომორეცში” თუ ითამაშებს, შანსს საერთაშორისო არენაზეც მიიღებს.