ფეხბურთი

13:15 | 8.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

პროფესორი

“ეფექტური” და “ეფექტიანი” – ერთდროულად ამ ორი სიტყვით საფეხბურთო სპეციალისტთა თუ გულშემატკივართა შორის არცთუ დიდი რაოდენობის მოთამაშის ასპარეზობა მოიხსენიება. მსოფლიოს ფეხბურთელთა ამ “ბედნიერ” მოკლე ჩამონათვალშიც კი ალექსანდრე ჩივაძეს ღირსეული ადგილი გარანტირებული აქვს. თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტნისა და წინამძღოლის გამოსვლას აღტაცებაში უთვალავჯერ მოუყვანია ფეხბურთის ქართველი თუ უცხოელი ქომაგი და მილიარდების საყვარელი თამაშის ჭეშმარიტი დამფასებელ-შემფასებელი. 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას ერთ-ერთმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბატონი ალექსანდრე “პროფესორად” მოიხსენია, რაც ლაკონურად და ზუსტად ასახავს ჩივაძის მრავალმხრივ საფეხბურთო ნიჭსა და უსაზღვრო სამოთამაშეო შესაძლებლობებს.

მინდორზე ალექსანდრე ჩივაძეს უკლებლივ ყველა საფეხბურთო ელემენტის შესრულება და მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე თანაბარი დიდოსტატური ძალით ასპარეზობა ხელეწიფებოდა. ჩვენი სიტყვების ნათელი დადასტურება ესპანეთში 1982 წელს ჩატარებული მსოფლიოს პირველობაა, რომლის მატჩების მსვლელობისას საბჭოთა ნაკრების კაპიტანი მოწინააღმდეგეთა (მათ შორის ბრაზილიელი სუპერვარსკვლავებიც იყვნენ) შეტევებს უნარიანად უმკლავდებოდა, გუნდის იერიშების წამოწყების ამპლუაშიც მოგვევლინა და შოტლანდიელებს გოლიც გაუტანა. იმ მატჩის პერიპეტიებს თავად ალექსანდრე შემდეგნაირად იგონებს: “ჯგუფური სტადიის მეორე შეხვედრაში ახალ ზელანდიელებთან 3:0 მოგების შემდეგ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად შოტლანდიის ნაკრებთან ფრეც გვაძლევდა ხელს. თამაშის მეთხუთმეტე წუთი იქნებოდა, როდესაც ჩვენი საჯარიმო მოედნის სიახლოვეს ბურთი მივიღე, მაგრამ ფეხი დამიცდა. დღემდე ვერ ამიხსნია, რა მოხდა. ჩემი შეცდომით ისარგებლა ჯო ჯორდანმა (იგი ერთადერთი შოტლანდიელი ფეხბურთელია, რომელმაც გოლის გატანა მსოფლიოს სამ ჩემპიონატზე მოახერხა) და რინატ დასაევთან პირისპირ შეყრილს გოლის გატანა დიდად არ გასჭირვებია. პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ. შესვენებაზე გასახდელში სამარისებულმა სიჩუმემ დაისადგურა. კაპიტნის სტატუსით ვისარგებლე, მწვრთნელებს სიტყვა ვთხოვე და ბიჭებს მივმართე – თუ მატჩი წავაგეთ და მეორე ეტაპზე ვერ გავედით, ფეხბურთიდან წავალ-თქო. თანანაკრებელებმა სრული მხარდაჭერა აღმითქვეს, რამაც ფსიქოლოგიურად საბრძოლველად განმაწყო. მეორე ნახევრის დასაწყისიდან იერიშებში ხშირად ვერთვებოდი, პარტნიორებიც ხედავდნენ, საკუთარი შეცდომის გამოსწორებას რომ ვცდილობდი და პასებსაც მაძლევდნენ. ამასთან, შოტლანდიელები ფარ-ხმლის იოლად დაყრას სულაც არ აპირებდნენ. სკოტები ყოველთვის საბრძოლო ჟინით გამოირჩეოდნენ და გამონაკლისი არც მალაგას “ლა როსალედაზე” ჩატარებული ასპარეზობა ყოფილა. ბრიტანელთა დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ტერიტორიული უპირატესობის მოპოვება მაინც მოვახერხეთ. ხელსაყრელი მომენტი შეექმნა თენგიზ სულაქველიძეს, 61-ე წუთზე კი ბესონოვის გადაცემა მივიღე და ჩემი “ეშმაკური” დარტყმის შემდეგ შოტლანდიელთა მეკარე უძლური აღმოჩნდა. საკუთარი უზუსტო თამაში თავადვე რომ გამოვასწორე, ფსიქოლოგიური დაძაბულობა მომეხსნა და მთლიანობაში გუნდმაც თამაში უფრო თავისუფლად განაგრძო. 86-ე წუთზე შენგელიამ სკოტთა ნახევარმცველებისა და უკანახაზელების დაუდევრობით სათანადოდ ისარგებლა და სლავა მეტრეველისა და ჩემ შემდეგ მესამე ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე გოლის გატანა მოახერხა”.

თვალის ერთი გადავლებით, ალექსანდრე ჩივაძის საფეხბურთო კარიერა უმტკივნეულოდ წარიმართა. 11 წლის საშა სახელგანთქმული 35-ე საფეხბურთო სკოლის მოსწავლე ხდება, ცოტა ხანში “ნორჩ დინამოელში”, 18 წლისა კი ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელის საოცნებო გუნდში, თბილისის “დინამოში” აიყვანეს. ეს 1973 წლის სეზონის მსვლელობისას მოხდა, მომდევნო ჩემპიონატის მსვლელობისას კი ჩივაძეს გუნდის იმდროინდელმა მთავარმა მწვრთნელმა გივი ჩოხელმა ძირითად შემადგენლობაში გამოსვლის პატივი მიანდო. “დინამოში” დამრიგებლები იცვლებოდნენ, მაგრამ უცვლელი რჩებოდა მწვრთნელთა დამოკიდებულება ახალგაზრდა ნახევარმცველისადმი. საშას იმედი ჰქონდა გამოცდილ მიხაილ იაკუშინს, რომელიც ახალგაზრდა შუახაზელს სასტარტო შემადგენლობისთვის ამზადებდა. 1976 წლის გაზაფხულიდან კი, “დინამოს” სათავეში ნოდარ ახალკაცის მოსვლის შემდეგ, ალექსანდრე ჩივაძის საფეხბურთო ცხოვრებაში სრულიად ახალი, თვისობრივად სხვა პერიოდი დადგა. თავის პირველ “ნამდვილ” სეზონში საშამ საკავშირო ჩემპიონატების ბრინჯაოს 2 მედალი და ქართველ ფეხბურთელთა 5 თაობის სანუკვარი ჯილდო, სსრკ-ის თასი მოიპოვა (1976 წლის 3 სექტემბერს მოსკოვის “ლუჟნიკის” მოედანზე ერევნის “არარატთან” ჩატარებულ ფინალში 6 ნომრით მოასპარეზე ნახევარმცველმა, თანაგუნდელებთან ერთად, მაღალ დონეზე ითამაშა). მომდევნო ჩემპიონატში “დინამოსა” და ჩივაძეს ვერცხლის მედლები ერგოთ, 1978 წელი კი ბატონი ალექსანდრეს საფეხბურთო ბიოგრაფიაში საეტაპო აღმოჩნდა. სეზონის პირველ ნახევარში ჩივაძე ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად ვერ ხვდებოდა. ზაფხულის დასაწყისში ტრავმა მიიღო წამყვანმა ცენტრალურმა მცველმა შოთა ხინჩაგაშვილმა და ნოდარ ახალკაცმა გამოცდილ ფირუზ კანთელაძეს სწორედ ჩივაძე შეუწყვილა. ერთი შეხედვით მოულოდნელი გადაწყვეტილება (საშას უკანახაზელის პოზიციაზე მანამდე არასდროს ეთამაშა) ბრწყინვალე გამოდგა. ჩივაძემ ორგანულად მოირგო ახალი სათამაშო ამპლუა. იგი არამარტო მეტოქის შეტევათა ჩამშლელად მოგვევლინა, კვლავინდებურად გუნდის იერიშების ორგანიზატორად და დამაგვირგვინებლადაც დარჩა. როდესაც ხინჩაგაშვილი მწყობრში ჩადგა და მინდორს დაუბრუნდა, სათადარიგოთა შორის გადანაცვლება კანთელაძის მოუწია, შოთასა და საშას ტანდემი კი, ცენტრალურ მცველთა შორის, თბილისის “დინამოს” ისტორიაში უდავოდ საუკეთესოა.

მანუჩარ მაჩაიძესთან, ვიტალი დარასელიასა და დავით ყიფიანთან ერთად ალექსანდრე ჩივაძე გუნდის იმ მთავარ ღერძს ქმნიდა, რომლის ირგვლივაც იქმნებოდა “დინამოს” თამაში. სწორედ ცენტრალური მცველი იწყებდა შეტევათა უმრავლესობას და ხშირად მათივე დამაგვირგვინებლის როლშიც გვევლინებოდა. მარტო საკავშირო ჩემპიონატების მატჩებში ჩივაძეს 44-ჯერ აქვს თავი გამოჩენილი, სათასო, სანაკრებო და საერთაშორისო მატჩების გათვალისწინებით კი 80 გოლზე მეტი გაუტანია. ამ რაოდენობის გოლების ავტორს “ბომბარდირად” მოიხსენიებენ, არადა, ალექსანდრე ჩივაძე ამპლუით მცველი იყო. “ფეხბურთის პროფესორად” წოდებულმა დიდოსტატმა არაერთი უმნიშვნელოვანესი და ულამაზესი ბურთი გაახვია მოწინააღმდეგეთა კარის ბადეში. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავი 1979 წლის შემოდგომაზე “ლივერპულთან” ჩემპიონთა თასის მეთექვსმეტედფინალური ეტაპის 2 მატჩში გატანილი 2 გოლია (“ენფილდ როუდსა” და თბილისში), 1981 წლის თასების თასის მეოთხედფინალში “ვესტ ჰემის” (ლონდონის “აპტონ პარკზე”) და თბილისში, 1980 წლის საკავშირო თასის მეოთხედფინალში კიევის “დინამოს” მეკარეთა დამწუხრება გახლავთ. ამ შეხვედრებში ბატონმა საშამ ნამდვილი საფეხბურთო ფოიერვერკი მოაწყო, ფეხბურთის ჭეშმარიტ გურმანთა გემოვნებაც ბოლომდე დააკმაყოფილა და აღაფრთოვანა კიდეც.

ჩივაძის უდიდეს ავტორიტეტზე ისიც მეტყველებს, რომ იგი 1980 წელს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს (ბატონ ალექსანდრესთან ერთად, ცენტრალურ მცველთაგან ამგვარი პატივი მხოლოდ ალბერტ შეტერნიოვს ხვდა წილად), 1981 წელს კი “ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვაში თბილისის “დინამოს” კაპიტანს მერვე ადგილი ერგო. სპეციალისტებმა ჩივაძე ექვსჯერ დააყენეს თავის პოზიციაზე პირველ ნომრად (“33 საუკეთესოთა” შორის), ხოლო 2004 წელს ფიფამ ბატონ იალექსანდრე, ფეხბურთში გაწეული ღვაწლისთვის, ლალის ორდენით დააჯილდოვა.

ალექსანდრე ჩივაძე წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში მუშაობდა და მისი ხელმძღვანელობით ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა რამდენიმე ისეთი შეხვედრა ჩაატარა, რომელთა მსვლელობისას ქართველმა ფეხბურთელებმა მაღალი სათამაშო პოტენციალი ბოლომდე გამოავლინეს – უელსთან (თბილისსა და კარდიფში), ბულგარეთთან (სოფიასა და თბილისში), უნგრეთთან ჩატარებული ასპარეზობები გულშემატკივრებს სამუდამოდ დაამახსოვრდათ.

დღეს ბატონ საშას დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდა. 8 აპრილი ალექსანდრე ჩივაძისთვის არა მხოლოდ საიუბილეო თარიღია. 34 წლის წინათ, სწორედ ამ დღეს თბილისის “დინამომ” თასების თასის ნახევარფინალის პირველ მატჩში როტერდამის “ფეიენოორდი” 3:0 დაამარცხა და პრესტიჟული თასის დაუფლების “რიხიანი განაცხადი” გააკეთა, რაც 13 მაისს დიუსელდორფის “რაინშტადიონზე” ტრიუმფით დაგვირგვინდა.

“მსოფლიო სპორტის” რედაქცია, მრავალრიცხოვანი მკითხველის სახელით, ქართული ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშე ალექსანდრე ჩივაძეს დაბადების დღეს ულოცავს, უსურვებს ჯანმრთელობას და ჩვენი ფეხბურთის სამსახურში კვლავაც დიდხანს ყოფნას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116975