ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის მესამე სათამაშო დღე “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული შეხვედრით გაიხსნა, სადაც მადრიდის “რეალმა” ანდალუსიური “გრანადა” მიიღო და შავი დღე აყარა.
ბოლო პერიოდში მადრიდული გრანდი არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, რაც სატურნირო ცხრილშიც აისახა და ლიდერობა “ბარსელონას” გადაულოცა. როგორც ჩანს, კარლო ანჩელოტის გუნდს სანაკრებო პაუზამ არგო და “ბლანკოსმა” საკუთარ პუბლიკას საოცარი ფეხბურთი შესთავაზა. “რეალმა” ლა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი “გრანადა” უმოწყალოდ გაანადგურა და ცხრა (!!!) გოლი გაუტანა.
ხუთი გოლის გატანა მოახერხა კრიშტიანო რონალდუმ, რომელსაც ლა ლიგაში 36 გოლი დაუგროვდა და ლიონელ მესის ბომბარდირთა დავაში ოთხი გოლით გაუსწრო. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელმა რვა წუთში მოახერხა სამი გოლის გატანა, რაც ესპანეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკია. მასზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ფერნანდო იეროს აქვს, რომელმაც 1992 წელს ექვს წუთში მოახერხა სამი გოლის გატანა. ასევე, რონალდუმ კარიერის განმალობაში პირველად შეძლო ერთ მატჩში ხუთი გოლის გატანა. ორი გოლი ქარიმ ბენზემას ანგარიშზეა, ხოლო ერთი გარეტ ბეილი. მადრიდელებს ავტოგოლით შეეწია სტუმართა მცველი დიეგო მაინცი. “გრანადას” რიგებიდან კი პრესტიჟის გოლი გატანა ახალგაზრდა რობერტო იბანესმა მოახერხა – 9:1.
გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა “ვალენსიამ”, რომელმაც ვალენსიურ დერბიში შინ “ვილიარეალს” ვერ მოუგო და მესამე ადგილი “ატლეტიკოს” დაუთმო. “ღამურებმა” მიმდინარე სეზონში “მესტალიადან” სხვა გუნდს მესამედ გაატანეს ქულა. აქედან, მეორეჯერ კი (პირველად “ბილბაოსთან”) უგოლო ფრედ ითამაშეს. ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი ლოგიკური გახლდათ, რადგან რეალური საგოლე მომენტები თითქმის არ ყოფილა. ყველაზე სახიფათო ეპიზოდი მასპინძლებს ჰქონდათ 71-ე წუთზე: შეცვლაზე შემოსულმა როდრიგო მორენომ მარჯვენა ფლანგზე კარგად ითამაშა, ერთი მეტოქე ჩამოიშორა, ცენტრისკენ შეიწია და ძლიერად დაარტყა, სერხიო ასენხიომ ბურთი გაჭირვებით მოიგერია, დამატებაზე ყველას პაკო ალკასერმა დაასწრო და თავით გადაგზავნა კარში, თუმცა წაქცეულმა მეკარემ ფეხით მოიგერია ბურთი – 0:0. მეოთხე ადგილზე დაქვეითებული “ვალენსია” ქულით ჩამორჩება “ატლეტიკოს”, ხოლო “სევილიას” სამი ქულით უსწრებს.
ლა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი კლუბების ჯახი შედგა “კოლიზეუმ ალფონსო პერესზე”, სადაც “ხეტაფემ” ლა კორუნიის “დეპორტივო” მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა. მასპინძლებმა პირველი ნახევარი ალექსისისა და ესკუდეროს გოლებით მოიგეს, ხოლო მეორე ტაიმში ერთი ბურთის გაქვითვა ტოჩემ მოახერხა – 2:1. “ხეტაფემ” 32 ქულა დააგროვა და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა მდგომარეობა. მადრიდული კლუბი საშიშ ზონას შვიდი ქულით დაშორდა. სამაგიეროდ, ცუდ დღეშია “დეპორტივო”. გალისიელები მე-17 ადგილზე არიან და გასავარდ ზონას მხოლოდ ქულით უსწრებენ.
დღის ბოლო შეხვედრა “ესტადიო ბალაიდოსზე” ჩატარდა, სადაც ადგილობრივმა “სელტამ” გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი “ბარსელონა” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. მასპინძლები მთელი შეხვედრის განმალობაში ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ და მრისხანე მეტოქეს ტოლ-სწორად ეთამაშებოდნენ. პირველი რეალური საგოლე შანსიც გალისიელებს ჰქონდათ, მე-10 წუთზე ხოაკინ ლარივეის დარტყმული კლაუდიო ბრავომ მოიგერია. “სელტას” იერიშს მალევე ლიონელ მესიმ უპასუხა, რომელმაც რამდენიმე მეტოქეს აუარა გვერდი და მეტოქის კარის მიმართულებით ძლიერად დაარტყა, მაგრამ სერხიო ალვარესმა აჯობა. ტაიმის ბოლოს გალისიელებს კიდევ ერთი 100%-იანი მომენტი შეექმნათ, მაგრამ ლარივეი ძალიან ცუდად გაისარჯა და ურეალურესი შანსი ქარს გაატანა. მასპინძელებმა ტაიმის ბოლოს გატანა კი მოახერხეს, მაგრამ ბიკანდი გარიდომ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი გააუქმა.
მეორე ნახევრის დაწყებისთანავე გოლის გატანა ნეიმარმა მოახერხა, თუმცა გვერდითმა მსაჯმა ამჯერადაც ალამი აღმართა და გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. 68-ე წუთზე ნოლიტო ფაქტობრივად მეკარესთან პირისპირ იყო გასული, თუმცა ბურთი კარგად ვერ დაამუშავა, რითაც ბრავომ ისარგებლა და ბურთს დაეუფლა. შანსი ჰქონდა ჩარლესსაც, რომელმაც საჯარიმოში ბმშვენივრად გააჩერა ბურთი და კარშიც დარტყმასაც აპირებდა, მაგრამ პიკემ წამით დაასწრო, თორემ “ბარსას” კართან ძალიან სახიფათო მომენტი იქმნებოდა. გამოუყენებელი მომენტებისთვის მასპინძელები 74-ე წუთზე დაისაჯნენ, ხავის მიერ სტანდარტულიდან ჩაწოდებულს ჟერემი მატიეს ზუსტი თავური მოჰყვა. ფრანგმა მცველმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა გოლი. დარჩენილ დროში მასპინძელები გათანაბრებას შეეცადნენ, თუმცა “ბარსელონა” თავს ძალიან კარგად იცავდა. 87-ე წუთზე კი ვიგოელები 10 კაცით დარჩნენ. სერხიო ბუსკეტსს დრო გაჰყავდა, რამაც ორელიანა მწყობრიდან გამოიყვანა. მან მოედნიდან მინდორი მოგლიჯა და ესპანელს ესროლა სახეში, რაც მსაჯმა არ აპატია და გასახდელისკენ მიუთითა. ჩილელ ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია არ ასცდება. ყვითელი ბარათი დაიმსახურა ბუსკეტსმაც, რომელიც “ალმერიასთან” გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. ამრიგად, “ბარსელონამ” უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და “რეალს” კვლავ 4 ქულით უსწრებს.
რეალი – გრანადა 9:1 (3:0)
მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”
რეალი (4-3-3): კასილასი, რამოსი, ვარანე, მარსელო, არბელოა, კროოსი (ილარამენდი 57), მოდრიჩი, ხამესი (ხესე 61), ბეილი, რონალდუ, ბენზემა (ერნანდესი 61).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
გრანადა (4-2-3-1): ოლაზაბალი, ბაბინი (მურილიო 61), მაინცი, ხ.კარლოსი, ფოლქიერი, ფ.რიკო (ედი 57), იტურა, როჩინა (პიტი 53), იბანესი, კანდეიასი, ელ არაბი.
მწვრთნელი: აბელ რესინო
გოლები: 1:0 ბეილი (25), 2:0;3:0;4:0;6:0;9:1 რონალდუ (30;36;38;54;90), 5:0;7:0 ბენზემა (52;56), 7:1 იბანესი (74), 8:1 მაინცი (83 ს.კ.).
გაფრთხილებები: პიტი
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 29(11)-11(6), ჯარიმა: 6-9, კუთხური: 10-1, თამაშგარე: 4-0, სეივი: 5-2
ვალენსია – ვილიარეალი 0:0
ვალენსია, “მესტალია”
ვალენსია (4-3-3): ალვეში, ოტამენდი, მუსტაფი, ბარაგანი, გაია (ორბანი 67), ფუეგო, გომეში, პარეხო, ფეგული (როდრიგო 65), პიატი, ალკასერი (ნეგრედო 78).
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო
ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, ბაილი, მუსაჩიო, ხ.კოსტა, გასპარი, პინა, ტრიგეირასი, კემპბელი (რუკავინა 64), ჯონათანი (ფელიპე 73), ხ.მორენო (ჯოვანი 61), ვიეტო.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი
გაფრთხილებები: პარეხო, ოტამენდი – გასპარი, ვიეტო, ჯოვანი, ბაილი, ფელიპე
მსაჯი: მელერო ლოპესი
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 13(3)-5(2), ჯარიმა: 14-18, კუთხური: 2-6, თამაშგარე: 2-3, სეივი: 2-3
ხეტაფე – დეპორტივო 2:1 (2:0)
მადრიდი, “კოლიზეუმ ალფონსო პერესი”
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, ველაზკესი, ესკუდერო, ალექსისი, ვიგარაი (ნალდო 84), ლასენი, ხ.როდრიგესი, დ.კასტრო, ლეონი (ჰინესტროზა 62), სარაბია (ფელიპი 91), ვაზკესი.
მწვრთნელი: პაბლო ფრანკო
დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრი, პ.ინსუა, სიდნეი, ლუისინიო, ლაურე, ბორგესი, ბერგენტინოსი, ფარინა (კავალეირო 46), ლ.პერესი, ხუნფრანი (კუენკა 46; ტოჩე 65), რიერა.
მწვრთნელი: ვიქტორ ფერნანდესი
გოლები: 1:0 ალექსისი (18), 2:0 ესკუდერო (34), 2:1 ტოჩე (79)
გაფრთხილებები: დ.კასტრო – კავალეირო, სიდნეი, ლ.პერესი
მსაჯი: კლოს გომესი
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 11(4)-9(2), ჯარიმა: 19-14, კუთხური: 5-1, თამაშგარე: 5-2, სეივი: 1-2
სელტა – ბარსელონა 0:1 (0:0)
ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”
სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, ფონტასი, კაბრალი, ხონი, მალიო, კრონ-დელი (რადოია 67), ა.ფერნანდესი, პ.ერნანდესი (მინა 83), ნოლიტო, ორელიანა, ლარივეი (ჩარლესი 71).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო
ბარსელონა (4-3-3): ბრავო, მატიე, პიკე, ადრიანო, ალვეში, რაფინია (ხავი 58), ბუსკეტსი, ინიესტა (პედრო 75), ნეიმარი, მესი, ლ.სუარესი (რაკიტიჩი 87).
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
გოლი: მატიე 74.
გაფრთხილებები: კრონ-დელი, ნოლიტო – ლ.სუარესი, ბუსკეტსი
გაძევება: ორელიანა 87.
მსაჯი: ბიკანდი გარიდო
ბურთის ფლობა: 38%-62%, დარტყმა: 7(1)-12(3), ჯარიმა: 26-12, კუთხური: 4-3, თამაშგარე: 4-3, სეივი: 2-1