17 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ეგვიპტურ შარმ ელ შეიხში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) გამარჯვებული გახდა.
საინტერესოა, რომ მარიამმა ხუთივე მატჩი ისე მოიგო, სეტიც კი არ დაუთმია. მე-7 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ ჯერ ანგელინა ფედოროვა (რუსეთი) დაამარცხა (6:0, 6:0), შემდეგ – ინდია მაგენი (ბელგია) – 6:1, 6:1, მეოთხედფინალში პირველი რეიტინგის მქონე მარგარიტა ლაზარევას (რუსეთი) 7:6 (7:1), 7:5 სძლია, ნახევარფინალში ეკატერინა იაშინას (რუსეთი) აჯობა – 6:0, 6:2, ფინალში კი მე-3 ნომრად მიჩნეული მაკედონიელი ლინა გორჩესკას მოუგო – 6:1, 6:4.
ცნობისთვის, ბოლქვაძე ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის ამჟამინდელ რეიტინგში 23 ქულით 702-ე ადგილზე იმყოფება, ეგვიპტეში გამომუშავებული 12 ქულის წყალობით კი, წინ დაახლოებით 100 პოზიციით წაიწევს.