კვიპროსის პირველ დივიზიონში მორიგი ტურის მატჩი გამართა “ანორთოსისმა.” ფამაგუსტელებმა გასვლით მატჩში ჩემპიონატის ლიდერი “აპოლონი” დაამარცხეს (3:1). ირაკლი მაისურაძემ მატჩი სრულად ჩაატარა, სასტარტო შემადგენლობაში მოთამაშე გიორგი აბურჯანია კი 79-ე წუთზე შეცვალეს. პირველი ტაიმი “აპოლონის” გამარჯვებით დასრულდა, მეორე ტაიმში კი ედეს, სალვოსა და გონშალვესის გოლებით გამარჯვება სტუმრებს დარჩათ.კვიპროსის პირველი დივიზიონის პირველ ექვსეულს 52 ქულით კვლავ “აპოლონი” ლიდერობს, “ანორთოსისი” კი 44 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, თუმცა მის კონკურენტებს თავიანთი მატჩები ჯერ არ გაუმართავთ.
https://www.youtube.com/watch?v=WTXEtoBsDrE
იტალიის სერია ა-ს 29 ტურის შეხვედრაში “იუვენტუსმა” შინ 2:0 დაამარცხა “ემპოლი.” სტუმართა განაცხადში მოხვდა ლევან მჭედლიძე, რომელიც მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა. ქართველმა ფეხბურთელმა მასიმო მაკარონე შეცვალა. ტურინელთაგან გოლები ტევესისა და ფერეირას ანგარიშზეა. “ემპოლი” იტალიის სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 33 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება და ათეულამდე ხუთი ქულა აშორებს.
ესტონეთის ჩემპიონატში “ფლორამ” სტუმრად 1:0 დაამარცხა “ტრანსი.” გამარჯვებულთა შემადგენლობაში ზაქარია ბეგლარიშვილმა და ირაკლი ლოგუამ მატჩი სრულად ჩაატარეს, თამაშში გასული ერთადერთი გოლი კი ცვლილებაზე გამოსული ტუკიაინენის ანგარიშზეა, მან გოლის მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე გაიტანა. ათგუნდიან ესტონეთის ჩემპიონატში “ფლორა” 12 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერი “კალიუ” მხოლოდ ბურთების უკეთესი შეფარდებით სჯობნის.
უნგრეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში “გიორმა” შინ ფრედ 1:1 ითამაშა “კეჩკემეტთან” შეხვედრაში. მასპინძელთა განაცხადში არ იმყოფებოდა გიორგი ქვილითაია. “სპარტაკუსი” გასვლით მატჩში 3:0 დამარცხდა “პაშესთან” შეხვედრაში. მატჩი სრულად ჩაატარა ზურაბ არზიანმა, რომელმაც 68-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. განაცხადში მყოფი დავით დარციმელია მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა. უნგრეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში “გიორი” 29 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება, “სპარტაკუსი” კი 22 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს.
უზბეკეთის რანგით პირველი ლიგის მესამე ტურში სამარყანდის “დინამომ” საკუთარ მოედანზე “ქიზილქუმს” უმასპინძლა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. სტუმართა შემადგენლობაში მატჩი სრულად ჩაატარა ქართველმა მცველმა გიორგი კვესიეშვილმა. უზბეკეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში “ქიზილქუმი” 3 ტურის შემდეგ 4 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება.
ჩეხეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში პრაღის “სლავიასა” და “ბოჰემიანსის” მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. “სლავიას” განაცხადში არ იმყოფებოდა ლევან ყენია. 16 გუნდიანი ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ქართველი ფეხბურთელის გუნდი 25 ქულით მე-11 ადგილზეა.
სამხრეთ აფრიკის პრემიერლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში “ბიდვესთ ვითსი” გასვლით მატჩში “პოლოკვანეს” დაუზავდა. 32 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი ნერგაძე სტუმართა განაცხადში არ იმყოფებოდა. აფრიკის 16 გუნდიან ჩემპიონატში “ბიდვესთ ვითსი” 41 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება.
ფარერის კუნძულების ჩემპიონატში “ვიკინგურმა” შინ 4:0 დაამარცხა “სუდურუ.” დამარცხებულთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა მამუკა ტორონჯაძემ, ვალერი იობაშვილი კი განაცხადში არ იმყოფებოდა. ფარერის კუნძულების ათგუნდიან ჩემპიონატში “სუდურუ” 5 ტურის შემდეგ 0 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება.