კალათბურთი

17:10 | 4.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონმა თასი მოიგო
“დინამო” საქართველოს თასის ტიტულებით “თბილავიამშენს” და “არმიას” გაუთანაბრდა

დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს ეროვნული საკალათბურთო თასის ფინალური მატჩი შედგა. თბილისის “დინამომ” “რუსთავი” 95:87 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონთა და საკავშირო თასების მფლობელმა მეორედ მოიპოვა ჩვენი ქვეყნის თასი.

ფინალური ორთაბრძოლა მოლოდინისამებრ დაძაბული და მაყურებლისთვის საინტერესო გამოდგა. მატჩის საწყისი 4 ქულა დინამოელთა ამერიკელმა მეფარე გარიკ შერმანმა გააკეთა, რასაც რუსთაველებმა ზუსტი სამიანი ტყორცნებით უპასუხეს და კარგა ხნით დაწინაურდნენ. პირველი პერიოდის მიწურულს ტერენს ოგლესბიმ პერიმეტრს მიღმიდან ზუსტად ჩააგდო და პირველი მეოთხედი რუსთაველებმა 25:20 მოიგეს. მეორეს დასაწყისი უკეთ ქვემოქართლელებმა ჩაატარეს და შუაწელში იმავე ოგლესბიმ თავისიანები 9 ქულით 43:34 დააწინაურა. ამ მომენტის შემდეგ, თავისი ჩვეული ასპარეზობა გვიჩვენა ლაშა გამყრელიძემ. დინამოელთა კაპიტანმა ზუსტი ტყორცნებითაც გამოიჩინა თავი და შედეგიანი პასებიც ჩამოარიგა. მხოლოდ მეორე მეოთხედში ლაშას ანგარიშზე 11 ქულაა და დიდწილად მისი დამსახურებაა “დინამომ” პირველი ტაიმი რომ მოიგო – 50:49.

მეორე ტაიმი კვლავ დაძაბულად ქულა ქულაში მიდიოდა. კარგა ხნის განმავლობაში ანგარიში პრაქტიკულად თანაბარი იყო და მხოლოდ მესამე პერიოდის მიწურულს მოახერხეს დინამოელებმა 5-ქულიანი ჰანდიკაპის მიღება 71:66.

ამ უპირატესობის მიუხედავად, ცხადი იყო რომ გადამწყვეტი ბრძოლა მეოთხე პერიოდში გაიმართებოდა, ასეც მოხდა. თუკი იქამდე რუსთაველები სამქულიანებს შესაშური სიზუსტით იყენებდნენ, მატჩის დასკვნით 10-წუთიან მონაკვეთში მათ სიზუსტემ ოდნავ უმტყუნათ და დინამოელებმაც თანდათან მათ სასარგებლოდ ანგარიშის გაზრდა დაიწყეს.

მატჩის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე, ლონდარიძემ ანგარიში 80:72 გახადა, თუმცა “რუსთავმა” კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ მებრძოლი გუნდია და ფინიშამდე 3 წუთნახევრით ადრე დვალიშვილმა სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა. დარჩენილ დროში “დინამომ” მეტი ყისმათი გამოავლინა, გადამწყვეტი კი საფინალო სირენამდე წუთითა და 20 წამით ადრე მარკო პოპოვიჩის სამქულიანი გახლდათ. ამ ტყორცნის შემდეგ “დინამო” 87:77 დაწინაურდა და მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველები ბოლომდე არ ნებდებოდნენ მაინც ცხადი იყო, რომ “დინამო” მეორედ დაეუფლებოდა საქართველოს ეროვნულ თასს, ასეც მოხდა. საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა საკალათბურთო კლუბმა 95:87 იმარჯვა და საქართველოს თასზე გამარჯვებათა რაოდენობით (2) “თბილავიამშენსა” და “არმიას” დაეწია.

ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, სავსებით დამსახურებულად, დინამოელთა კაპიტანი ლაშა გამყრელიძე დაასახელეს. მან 19 ქულა გააკეთა, 9 შედეგიანი გადაცემა შეასრულა, ფარიდან ასხლეტილი ბურთი სამჯერ მოხსნა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გუნდის მიერ თასის დაუფლებაში.

დინამოელთაგან ორმაგი დუბლები შეასრულეს გარიკ შერმანმა და ილია ლონდარიძემ. პირველი მათგანის ანგარიშზე 22 ქულა და 16 მოხსნაა, ხოლო მეორის 17 ქულა და 10 მოხსნა. 14 ქულა შესძინა “დინამოს” მარკო პოპოვიჩმა, ხოლო 13 ქულა ბესიკ ლეჟავას ანგარიშზეა.

“რუსთავის” მხრიდანაც ორმა მოთამაშემ შეასრულა ორმაგი დუბლი. ქვემო ქართლელთა მეფარე აკაკი დვალიშვილმა 21 ქულას 15 მოხსნა მიამატა, ხოლო ჰაიდენ ჰამსის აქტივში 17 ქულა და 11 მოხსნაა. 18 ქულაა რუსთაველთა უკანახაზელის მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზე.

თბილისის “დინამომ” საქართველოს თასი პირველად 2004 წელს მოიპოვა და გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია მაშინ “დინამოს” კაპიტანი იყო, ხოლო გუნდის დღევანდელი კაპიტანი ლაშა გამყრელიძე 11 წლის წინანდელი ტრიუმფატორიცაა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

მიხეილ ბერუაშვილი (“რუსთავის” მთავარი მწვრთნელი): “დინამოს” დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ. როგორც ფინალს შეეფერება, მატჩი დაძაბული და მაყურებლისთვის საინტერესო გამოდგა. ჩემს ბიჭებს მადლობას ვუხდი. ბოლო პერიოდში ძალა არ გვეყო და ცოტათი იღბალმაც გვიმუხთლა. წინ ჩემპიონატის გადამწყვეტი ეტაპია და ყოველმხრივ შევეცდებით წარმატებით გამოვიდეთ”.

ირაკლი ხოშტარია (“დინამოს” მთავარი მწვრთნელი): “მადლობა მოწინააღმდეგეს კარგი თამაშისთვის, სამომავლოდ რუსთაველებს წარმატებას ვუსურვებ. მოგეხსენებათ სუპერლიგის რეგულარულ პირველობაზე ზედიზედ ორი მატჩი წავაგეთ და მადლობა ჩემს ბიჭებს, რომ ეს მცირედი ჩავარდნა აღმოვფხარით. თამაში ჩვენთვის ძნელად დაიწყო, მაგრამ ბიჭებმა იმუშავეს, იბრძოლეს და საწადელსაც მივაღწიეთ. საქართველოს თასს 11 წლის პაუზის შემდეგ, ამჯერად მწვრთნელის რანგში დავეუფლე და შევეცდები “დინამოსთან” ერთად კიდევ მოვიპოვო გამარჯვებები”.

ლაშა გამყრელიძე (თბილისის “დინამოს” კაპიტანი): “3 წელი “რუსთავში” ვითამაშე და ყოველთვის კარგი მოგონებები გამყვება იქ გატარებული პერიოდისგან. მადლობა მეტოქეს კარგი თამაშისთვის, ჩვენ კი “დინამოს” ნამდვილი სახე ვაჩვენეთ. გადამწყვეტ მომენტში მობილიზებულად, მონდომებით ვითამაშეთ, დაცვაში თამაში დავალაგეთ და შეტევაც შედეგიანი გამოგვივიდა. მოხარული ვარ, რომ საქართველოს თასს მეორედ, ამჯერად გუნდის კაპიტნის რანგში დავეუფლე”.

0.482519