ფეხბურთი

12:34 | 4.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის საგზურების გასაყარზე

სანაკრებო მატჩების გამო საკლუბო ფეხბურთი ორკვირიანი პაუზის შემდგომ ისევ ხურდება. რა თქმა უნდა მორიგი ტური გაიმართება იტალიის სერია A-შიც. XXIX ტურის ცენტრალური მატჩი რომშია დაგეგმილი, სადაც “რომა” უშუალო კონკურენტ “ნაპოლის” უმასპინძლებს. საინტერესო შეხვედრა გაიმართება ფლორენციაში, სადაც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლნი, “ფიორენტინა” და “სამპდორია” გაარკვევენ ურთიერთობას. მოქმედი ჩემპიონი და ერთპიროვნული ლიდერი კი ტურის დასკვნით მატჩში “ემპოლის” მიიღებს. აღსანიშნავია, რომ 29-ე ტურის 10-ვე შეხვედრა იტალიელებისთვის არადამახასიათებლად, შაბათ დღეს გაიმართება.

“რომა” – “ნაპოლი”

თარიღი: 4 აპრილი, 14:30 წუთი

ადგილი: რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

XXIX ტური სტარტს ცენტრალური მატჩით აიღებს. “რომა” და “ნაპოლი” სეზონის სტარტზე ჩემპიონობას გეგმავდნენ, მაგრამ ახლა ამბიციები დაუცხრათ და მე-2 ადგილზეც ყაბულს არიან. რუდი გარსიას გუნდი ბოლო დროს ძალზე წარუმატებლად თამაშობს და გასაკვირი არაა, რომ “ჯალოროსის” თანაქალაქელი “ლაციო” კუდზე მიაჯდა. უკანასკნელ ტურში “რომამ” აუტსაიდერ “ჩეზენას” მხოლოდ მინიმალურად აჯობა. ცუდი დროება უდგას მის დღევანდელ ოპონენტ “ნაპოლისაც”. ნეაპოლელებმა ბოლო ოთხ ტურში მხოლოდ ორი ქულა დააგროვეს და მესამე ადგილიდან მეხუთემდე დაქვეითდნენ. რაფა ბენიტესის შეგირდები რომში წესითა და რიგით 3 ქულითვის უნდა ჩავიდნენ, რადგან ასეთ შემთხვევაში გუნდს მეორე ადგილზე გასვლის შანსები მკვეთრად გაეზრდება.. მატჩს გამოცდილი იტალიელი არბიტრი ნიკოლა რიცოლი განსჯის, რითაც უკმაყოფილება ვერ დამალა “აძურას” არგენტინელმა ლიდერმა გონსალო იგუაინმა, ვისი თქმითაც, მის თანაგუნდელებს რომში 11-ის ნაცვლად 14 ადამიანთან მოუწევს დაპირისპირება...

სავარაუდო შემადგენლობები:

“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; ტოროსიდისი, მანოლასი, ინგა-მბივა, ჰოლებასი; ნაინგოლანი, დე როსი, პიანიჩი; ფლორენცი, ლიაიჩი, იბარბო

“ნაპოლი” (4-2-3-1): ანდუხარი; მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ლოპესი, გარგანო; კალეხონი, გაბიადინი, მერტენსი; იგუაინი

მსაჯი: რიცოლი

“ატალანტა” – “ტორინო”

თარიღი: 4 აპრილი, 17:00 საათი

ადგილი: ბერგამო, “ატლეტი აძური”

ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერი ბერგამოს “ატალანტა” საკუთარ მოედანზე “ტორინოს” მიიღებს. ბერგამოელები ბოლო დროს მოუგებლად ასპარეზობენ. ლომბარდიულ გუნდს ვერც ახალი მთავარი მწვრთნელი ედი რეია შველის. მისი ხელმძღვანელობით გუნდი მხოლოდ ფრეებს თამაშობს. ბოლო სამ ტურში “ნერაძური” მეტოქეებს დაუზავდა. რაც შეეხება “ტორინოს”, ტურინელებს მოტივაციის ნაკლებობა მოეძალათ. გუნდს არც გავარდნა ემუქრება და დიდი ალბათობით ვერც ევროსაგზურებისთვის ბრძოლას მოახერხებს. ჯამპიერო ვენტურას გუნდმა ზედიზედ ორი მარცხის შემდგომ ბოლო ტურში ხასიათი გამოიკეთა და “პარმას” მისსავე მოედანზე აჯობა.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ატალანტა” (3-4-1-2): სპორტიელო; ბიავა, სტენდარდო, ბენალუანე; ძაპაკოსტა, ჩიგარინი, კარმონა, დელ გროსო; მორალესი; პინილია, ბიანკი

“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; პერესი, ვივესი, გაცი, ელ კადური, დარმიანი; მაქსი მორალესი, კვალიარელა

მსაჯი: გუიდა

“კალიარი” – “ლაციო”

თარიღი: 4 აპრილი, 17:00 საათი

ადგილი: კალიარი, “სანტ ელია”

ბოლოდან მესამე ადგილზე მყოფი “კალიარი” მესამე ადგილოსან “ლაციოს” უმასპინძლებს. რომაელები ბრწყინვალე ფორმაში არიან და მიჯრით 5 მატჩი მოიგეს, რითაც თანაქალაქელ “რომას” ერთ ქულაზე დაუახლოვდნენ. სტეფანო პიოლის გუნდს უკვე ამბიციებიც მოემატა და ახლა “რომას” გადასწრებაც რეალურად მოსჩანს. “ბიანკოჩელესტეს” წარმატებული თამაშს დიდად განსაზღვრავს გუნდის ბრაზილიელი ლიდერი ფელიპე ანდერსონი, რომელიც გასაოცარ ფორმაშია. სარდინიული “კალიარი” კი პირიქით ისე ცუდად თამაშობს, მეტი რომ არ შეიძლება. ბოლო ხუთ მატჩში კუნძულელებმა კინკილა ქულა მოიპოვეს. “ჯალობლუს” ჩეხი სპეციალისტი ზდენეკ ზემანი დაუბრუნდა, თუმცა გუნდი ვერც მისი თავკაცობით ახერხებს გამარჯვების მოპოვებას.

სავარაუდო შემადგენლობები:

“კალიარი” (4-3-3): ბრკიჩი; ბალცანო, როსეტინი, დიაკიტე, აველარი; ჟოაო პედრო, კრესეტიჯი, ეკდალი; ფარიასი, საუ, მპოკუ

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, დე ვრეი, მაურისიო, კავანდა; პაროლო, ბილია, ლულიჩი; კანდრევა, კეიტა, ანდერსონი

მსაჯი: როკი

“ჯენოა” – “უდინეზე”

თარიღი: 4 აპრილი, 17:00 საათი

ადგილი: გენუა, “მარასი”

გენუაში “ჯენოა” “უდინეზეს” მასპინძელი იქნება. არც მასპინძლებს და არც სტუმრებს რაიმე განსაკუთრებული ამბიცია სეზონის დარჩენილ ნაწილში არ ამოძრავებთ. ორივე გუნდი ცხრილის მშვიდ ნაწილშია მოკალათებული და ამ მატჩსაც ყოველგვარი წნეხის გარეშე ხვდებიან. უფრო კარგი მდგომარეობა ლიგურიელებს აქვთ. ზღვისპირელები 37 ქულით მე-9 ადგილზე არიან, ხოლო უდინელებს ოთხი ქულით ნაკლები აქვთ დაგროვილი და მე-12 პოზიციას ამაგრებენ.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ჯენოა” (3-4-3): ლამანა; რონკალია, ბურდისო, დე მაიო; ედენილსონი, კუჩკა, რინკონი, ბერგდიხი; ნიანგი, ბორიელო, პეროტი

“უდინეზე” (3-5-1-1): კარნეზისი; ვაგუე, ჰეტრო, პირისი; ვიდმერი, ალანი, გილერმე, პინცი, გაბრიელ სილვა; კონე; დი ნატალე

მსაჯი: მაცოლენი

“ინტერი” – “პარმა”

თარიღი: 4 აპრილი, 17:00 საათი

ადგილი: მილანი, “სან სირო”

ერთ დროს “ინტერისა” და “პარმას” მატჩი დიდ ინტერესს იწვევდა, მაგრამ დრონი მეფობენო და არა მეფენიო... ახლა ორივე გუნდს შავი ხანა უდგას. მილანური გრანდი მისთვის ერთობ შეუფერებელ მე-10 ადგილზეა და შეიძლება ითქვას მიმდინარე სეზონი მისთვის უკვე დასრულებულია. რობერტო მანჩინის ისღა დარჩენია დარჩენილ ტურებში გუნდი მომავალი სეზონისთვის მოამზადოს. კიდევ უფრო რთულადაა პარმეზანელების მდგომარეობა. “ჯალობლუ” ბოლო ადგილზე უიმედოდაა და ამასთან გაკოტრებულიცაა. რაც იმას ნიშნავს, რომ “პარმას” მომავალი ბურუსითაა მოცული. და მაინც, ამ შეხვედრაში “ნერაძური” უდავო ფავორტია თანაც, “ინტერნაციონალეს” პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის (0:2) რევანში აქვს ასაღები.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; სანტონი, რანოკია, ფელიპე, ჟუან ჟესუსი; გუარინი, მედელი, ბროჟოვიჩი; შაქირი; პოდოლსკი, პალასიო

“პარმა” (4-3-2-1): მირანტე; კასანი, მენდესი, კოსტა, გობი; ლილა, ხორკერა, ნოჩერინო; ვარელა, მაური; ბელფოდილი

მსაჯი: პერუცო

“პალერმო” – “მილანი”

თარიღი: 4 აპრილი, 17:00 საათი

ადგილი: პალერმო, “რენცო ბარბერა”

სატურნირო ცხრილის მეზობლებია “პალერმო” და “მილანი”. ამას კი სეზონის სტარტზე ბევრი ვერ წარმოიდგენდა. მათ შორის განსხვავება მხოლოდ 3 ქულაა. თამაშის ხარისხს თუ ავიღებთ უფრო კარგად სიცილიური გუნდი გამოიყურება. “პალერმოს” სეზონის წინ მხოლოდ არგავარდნა აფიქრებდა, ერთი პერიოდი კი ჯუზეპე იაკინის გუნდი ევროპის ლიგის ზონასთან ტრიალებდა. აი, “მილანის” საქმე კი რთულადაა. ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვინ ჩივის, ფილიპო ინძაგის გუნდს ევროპის ლიგაც სანატრელი გაუხდა. მიუხედავად ამისა, იტალიის ნაკრების ექს ფორვარდი ხელმძღვანელობის ნდობას ჯერ კიდევ ინარჩუნებს, თუმცა როდემდე გასტანს ეს ნდობა არავინ უწყის. “პალერმომ” პირველ წრეში” “სან სიროზე” ლაღად იბურთავა და მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით აჯობა. ახლა “როსონერის” პირადი რევანში მართებს. სხვა მოტივაცია ლომბარდიულ გრანდს ვგონებთ, მაინც აღარ გააჩნია...

სავარაუდო შემადგენლობები:

“პალერმო” (4-3-1-2): სორენტინო; რისპოლი, ვიტიელო, გონსალესი, ლაზაარი; რიგონი, მარესკა, ბარეტო; ვასკესი; დიბალა, ბელოტი

“მილანი” (4-3-3): დიეგო ლოპესი; აბატე, პალეტა, მექსე, ანტონელი; ვან გინკელი, დე იონგი, ბონავენტურა; ჩერჩი, დესტრო, მენეზი

მსაჯი: დოვერი

“სასუოლო” – “კიევო”

თარიღი: 4 აპრილი, 17:00 საათი

ადგილი: რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

“სასუოლოსა” და ვერონას “კიევოს” 32-32 ქულა აქვთ აქტივში და გასავარდნ ზონას მთელი 11 ქულით არიან დაშორებულნი, რაც იმას ნიშნავს, რომ ორთავე გუნდს თავი პრაქტიკულად ქუდში აქვთ. “ნეროვერდი” ბოლო დროს ისე რიხიანად ვეღარ თამაშობს, როგორც სეზონის პირველ ნაწილში, მაგარმ მაშინ დაგროვილი ქულებით ეუსებიო დი ფრანჩესკოს შეგირდები ახლაც სულდგმულობენ. აი, “კიევოს” კი უკვე მიჯრით 4 ტურია არ წაუგია. მეტიც, ბოლო ორ მატჩში “მფრინავმა ვირებმა” ქულათა მაქსიმუმს მოუყარეს თავი და რეჯიო ემილიაში ჩინებულ განწყობაზე ჩადიან.

სავარაუდო შემადგენლობები:

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, აჩერბი, კანავარო, პელუზო; ტაიდერი, ბიონდინი, მისიროლი; ბერარდი, ძაძა, სანსონე

“კიევო” (4-4-2): ბიძარი; ფრეი, ცეზარი, გამბერინი, ძუკანოვიჩი; სკელოტო, იცკო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; მეჯორინი, პალოსკი

მსაჯი: პაირეტო

“ვერონა” – “ჩეზენა”

თარიღი: 4 აპრილი, 17:00 საათი

ადგილი: ვერონა, “ბენტეგოდი”

“ჩეზენა” გასავარდ ზონაშია და თუ გადარჩენა უნდა ეს თამაში აუცილებლად მოსაგები აქვს. პირველ რიგში იმიტომ, რომ “ვერონა” უშუალო კონკურენტთაგან ერთ-ერთია და მეორეც იმიტომ, რომ დომენიკო დი კარლოს გუნდს უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს. ემილია-რომანიელები სამშვიდობოს მყოფ “ატალანტას” 5 ქულით ჩამორჩებიან. “ჰელასი” კი 32 ქულით თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ვეტერანი ლუკა ტონი მეორე ახალგაზრდობას განიცდის, არ იქნება გასაკვირი, რომ ვერონელებმა ელიტაში ადგილი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ვადაზე ადრე დაიბევონ.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ვერონა” (4-3-3): ბენუსი; მარტიჩი, მორასი, როდრიგესი, პიზანო; სალა, ტაკჩიდისი, ჰალფრედსონი; იანკოვიჩი, ტონი, გომესი

“ჩეზენა” (4-3-1-2): ლეალი; პერიკო, კაპელი, კრაინჩი, მაგნუსონი; ჯორჯი, მუდინგაი, პულძეტი; ბრიენცა; დეფრელი, ჯურიჩი

მსაჯი: ორსატო

“ფიორენტინა” – “სამპდორია”

თარიღი: 4 აპრილი, 20:30 წუთი

ადგილი: ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

XXIX ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი “არტემიო ფრანკიზეა” დაგეგმილი. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი და ბოლო დროს კარგ ფორმაში მყოფი გუნდები ერთმანეთს ეთამაშებიან. “ფიორენტინა” – “სამპდორიას” წინააღმდეგ. უკეთეს სიტუაციაში სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი იმყოფება. ლიგურიელებს მეტოქეზე ორი ქულით მეტი აქვთ დაგროვილი და თანაც, ზედიზედ ოთხი ტურია მოედანს გამარჯვებულნი ტოვებენ. “ფიორენტინამ” კი “მილანის” ძლევის შემდგომ “უდინეზეს” ქულა გაუყო. გარდა ამისა, ფლოენციელებს ამ მატჩიდან ოთხ დღეში იტალიის თასზე ტურინის “იუვენტუსთან” რთული თამაში ელოდებათ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამავე ტურში ფლორენციელების და გენუელების უშუალო კონკურენტები “რომა” და “ნაპოლი” ერთმანეთს ხვდებიან, დიდია ალბათობა, რომ ამ მატჩში წარმატებული გუნდი გაისად ჩემპიონთა ლიგაზე თუ არა, ევროპის ლიგაზე მაინც ვიხილოთ.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ფიორენტინა” (3-5-1-1): ნეტო; ტომოვიჩი, როდრიგესი, ბასანტა; ხოაკინი, აკვილანი, ბადეი, ბორხა ვალერო, ალონსო; სალაჰი; გომესი

“სამპდორია” (4-3-3): ვივიანო; დე სილვესტრი, სილვესტრე, რომანიოლი, რეჯინი; აკქუა, პალომბო, ობიანგი; ედერი, მურიელი, ეტო’ო

მსაჯი: ბანტი

“იუვენტუსი” – “ემპოლი”

თარიღი: 4 აპრილი, 23:00 საათი

ადგილი: ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

ტურის დასკვნითი მატჩი “იუვენტუს სთედიუმზე” გაიმართება. ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი და ფავორიტი “იუვენტუსი” კარგად მოასპარეზე “ემპოლის” უმასპინძლებს. ტურინელებს სკუდეტო ლამის უკვე გაფორმებული აქვთ და ჩემპიონატზე უფრო ჩემპიონთა ლიგა და იტალიის თასი აფიქრებთ. “ბებერი ქალბატონი” ამ შეხვედრას სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდება. მეტწილად კი შუახაზში, სადაც მასიმილიანო ალეგრი ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად სამ წევრს, ანდრეა პირლოს, პოლ პოგბასა და კლაუდიო მარკიზიოს მოისაკლისებს. “ემპოლის” მიმართ კი მხოლოდ ქება და დიდება გაისმის. ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდი ახერხებს და ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს. ჩვენდა სამწუხაროდ სავარაუდო შემადგენლობაში არ ფიგურირებს ტოსკანელთა ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე, რომელსაც თავის დროზე “იუვესთვის” გადამწყვეტი გოლიც გაუტანია...

სავარაუდო შემადგენლობები:

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, ოგბონა; ლიხშტაინერი, სტურარო, პადოინი, ვიდალი; ევრა; მორატა, ლორენტე

“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰისაი, რუგანი, ტონელი, მარიო რუი; ვესინო, ვალდიფიორი, კროჩე; საპონარა; მაკარონე, პუჩიარელი

მსაჯი: ჯაკომელი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.312971