ქალთა რეიტინგსიის ლიდერმა სერენა უილიამსმა მაიამის “მასტერზ1000”-ის მეოთხედფინალში გერმანელ საბინ ლისიცკის 7:6, 1:6, 6:3 მოუგო და ფინალში გასასვლელად კლასიფიკაციაში მესამე ადგილზე მყოფ რუმინელ სიმონა ჰალეპს დაუპირისპირდება. უილიამს-უმცროსმა მიჯრით 19-ე და ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში 700-ე მატჩი მოიგო.
“საუკეთესო შეხვედრა არ ჩამიტარებია. ჩემი დღე არ იყო, ამიტომაც სასურველი შედეგის მისაღწევად ორმაგი ენერგიის დახარჯვა მომიხდა. წარმოდგენაც არ მქონდა, საიუბილეო მატჩი რომ მოვიგე. როდესაც კორტზე ტორტი გამოიტანეს, გავიფიქრე, ნეტავი ვისი დაბადების დღეა-თქო”, - განაცხადა სერენამ მილოცვის მიღების შემდეგ.
შეგახსენებთ, ერთეულთა თანრიგში სერენა ულიამსს 19 სადიდსლემო ტურნირი მოუგია, ამასთან ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონია (სამჯერ წყვილთა, ერთხელაც ერთეულთა შორის).