კალათბურთი

17:57 | 28.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო ტურის წინ...

ხანგრძლივი სატურნირო მარათონის მსვლელობისას ნებისმიერ გუნდს აქვს აღმასვლისა და უიღბლობის პერიოდი. ჩვენი ქვეყნის მოქმედ ჩემპიონსა და ეროვნული თასის ფინალისტ “დინამოს” სადღეისოდ სწორედ დაღმასვლა დაეტყო. ირაკლი ხოშტარიას გუნდმა დღეს პრაქტიკულად უბრძოლველად დაუთმო პრინციპულ მეტოქე “შსს აკადემიას” და თუკი სუპერლიგის რეგულარული პირველობის საწყის 11 ტურში ერთადერთი მარცხი ჰქონდა, ამჯერად მიჯრით მეორე შეხვედრა წააგო. ისე, დინამოელთათვის დღევანდელ პაექრობას უფრო მეტად ფსიქოლოგიური დატვირთვა ჰქონდა, ვიდრე წმინდა სპორტული, რამეთუ დასკვნით ტურში “სოხუმის” ძლევის შემთხვევაში, ჩემპიონს წლევანდელ რეგულარულ პირველობას ვერავინ შეეცილება.

“დინამოსა” და “შსს აკადემიას” მატჩი ბესიკ ლეჟავას ზუსტი სამქულიანით დაიწყო და როგორც შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, ეს დინამოელთა ყველაზე დიდი უპირატესობა იყო. ჩემპიონი მხოლოდ საწყისი წუთის განმავლობაში იყო წინ, მატჩისთვის განკუთვნილი დანარჩენი 39 წუთის მანძილზე კი კოტე ტუღუშის გუნდი თავის უპირატესობას ზრდიდა და ერთ მომენტში წინ 33 ქულითაც კი იყო დაწინაურებული. ერთი სიტყვით, დღეს დინამოელები “მარცხენა ფეხზე” იყვნენ ამდგრები. გუნდიც და მისი ცალკეული მოთამაშეები (იშვიათი გამონაკლისების გარდა) დუნედ, უინიციატივოდ გამოიყურებოდნენ და როდესაც პირველი პერიოდის მიწურულს ნიკა მეტრეველის სამიანის შემდეგ აკადემიელები 19:9 დაწინაურდნენ, ასპარეზობისა და დინამოელთა ხასიათის შემხედვარე, მათი მარცხი ძნელი სავარაუდო არ გახლდათ. პირველი პერიოდის მიწურულს “დინამომ” სხვაობა 5 ქულამდე დაიყვანა. ჯერ ლაშა გამყრელიძემ ეფექტური პასით გარიკ შერმანს სლემ დანქი შეასრულებინა. ამ მომენტში ჟურნალისტთა ლოჟაში “სოხუმის” ლეგიონერი პელე პაელაე იჯდა (ჩვენ კოლეგა ვაჟა სიმონიშვილთან სასაუბროდ). მან აღტაცებისგან თავი ვერ შეიკავა, ფეხზე წამოხტა და აპლოდისმენტებით დააჯილდოვა კომბინაციის მონაწილენი. ზედ მეოთხედის საფინალო სირენის წინ კი ილია ლონდარიძემ იყოჩაღა და მეორე პერიოდის დასაწყისამდე მაყურებელს საინტერესო ორთაბრძოლის იმედი გაუღვივა, მაგრამ...

მთლიანობაში “შსს აკადემიამ” “დინამოს” ყველა საკალათბურთო კომპონენტში აჯობა, გამარჯვებულთაგან კი 2 კალათბურთელი უნდა გამოვარჩიოთ. ნაყოფიერად და შედეგიანად გაისარჯა ზემოთ ნახსენები მეტრეველი, მატჩის გმირად კი აკაკი ლომოური უნდა მივიჩნიოთ. იგი საოცარი სიზუსტით ისროდა სამქულიანებს (ცხრიდან შვიდი ჩააგდო) და მთლიანობაში 27 ქულას (პირველ ტაიმში 21-ს) მოუყარა თავი.

რომ არა წინა ტურში “ოლიმპთან” მარცხი, “შსს აკადემიას” რეგულარული პირველობის მოგების რეალური შანსი ექნებოდა, რადგანაც მიმდინარე ჩემპიონატში “დინამოს” მეორედ მოუგო და თანაბარი ქულების შემთხვევაში, ურთიერთშეხვედრების უპირატესობით ისარგებლებდა.

თუკი მეცამეტე ტური დასკვნით მატჩში მოგებულის ვინაობა პრაქტიკულად პირველსავე ტაიმში გაირკვა, “სოხუმისა” და “ბათუმის” დაპირისპირებაში ბოლომდე დაძაბული პაექრობა მიმდინარეობდა, თუმცა, საბოლოოდ მაინც იმ გუნდმა იმარჯვა, რომელიც უფრო მეტად იმსახურებდა მოგებას.

თავდაპირველად ვაჟა კვარაცხელიას გუნდი 23:11 დაწინაურდა, რასაც ბათუმელთა გამოცოცხლება მოჰყვა. მათ მატჩის გარკვეული მონაკვეთი 21:4 მოიგეს და წინაც გაიჭრნენ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, დროებით. პირველი ტაიმი “სოხუმმა” 48:44 მოიგო, მისმა წევრმა ბექა ბექაურმა კი საწყისი 2 მეოთხედის განმავლობაში მოახერხა ორმაგი დუბლის (10-10 ქულა და მოხსნა) შესრულება.

მეორე ტაიმის მსვლელობისას წინ ძირითადად სოხუმელები იყვნენ, თუმცა, ბათუმელები მეტოქეს თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ. მატჩის დასრულებამდე ოთხიოდე წუთით ადრე “სოხუმი” 76:71 დაწინაურდა, თუმცა, ზღვისპირელებმა ფარ-ხმალი არ დაყარეს და ირაკლი მიქელაძის სამიანით წინაც გავიდნენ 78:77. მატჩის დასკვნით წუთებზე კი გიორგი ჯგერენაიამ გაიბრწყინა. მან ჯერ ფინიშამდე წუთნახევრით ადრე თავისი გუნდი 81:78 დააწინაურა, ბოლო წამებზე კი ეფექტურად დაუფარა ბათუმელთაგან საუკეთესო მექულესა და მთლიანად მოთამაშე ბობ ჯინ იანგს. საბოლოოდ “სოხუმმა” 87:84 იმარჯვა და რეგულარულ პირველობაში მეშვიდე საფეხურზე დამკვიდრდა.

მომდევნო დასკვნით ტურში პრაქტიკულად ყველა მატჩი სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. “დინამოს” პირველობის გასანაღდებლად ერთი შეხედვით უმოტივაციო “სოხუმის” დამარცხება მართებს. კვარაცხელიას ბიჭების ბოლოდროინდელი გამოსვლის ფონზე ხოშტარიას გუნდს იოლი გასეირნება ნაღდად არ ელის. “ოლიმპისა” და “ბათუმის” დაპირისპირებაში V-VI ადგილების ბედი გაირკვევა, ხოლო უმთავრესი მატჩი “შსს აკადემიასა” და “ქუთაისს” შორის ჩატარდება. რეგულარულ პირველობის მეორე საფეხურზე დასამკვიდრებლად რიონისპირელებს ქულით წაგებაც კი აძლევს ხელს (პირველ წრეში ქუთათურებმა 76:74 იმარჯვეს), აკადემიელებს კი მეტოქის სამქულიანი სხვაობით დამარცხება მართებთ.

სუპერლიგის რეგულარულმა პირველობამ ოთხკვირიანი შესვენება აიღო, 4 აპრილს კი თბილისის სპორტის სასახლის პარკეტზე საქართველოს ეროვნული თასის ფინალში ერთმანეთის პირისპირ “დინამო” და “რუსთავი” წარსდგებიან...

1 დინამო 13 10 / 3 1048 / 932 23
2 ქუთაისი 13 10 / 3 1039 / 991 23
3 შსს აკადემია 13 9 / 4 1031 / 940 22
4 რუსთავი 13 8 / 5 1084 / 1040 21
5 ბათუმი 13 5 / 8 999 / 1012 18
6 ოლიმპი 13 5 / 8 1006 / 1056 18
7 სოხუმი 13 3 / 10 1008 / 1106 16
8 მგზავრები-არმია 13 2 / 11 875 / 1013 15

XIV ტურში ერთმანეთს შეხვდებიან

25 აპრილი

“ოლიმპი” – “ბათუმი”

“მგზავრები-არმია” – “რუსთავი”

“შსს აკადემია” – “ქუთაისი”

“სოხუმი” – “დინამო”

0.370246