ფეხბურთი

16:16 | 28.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩერნოგორია უეფას გადაწყვეტილების მოლოდინში

უეფა მიიღებს მატჩის დელეგატის და მსაჯის მოხსენებას, რომლის მიხედვითაც დაიწყებს დისციპლინარულ განხილვას – ასეთი წინადადებით სრულდება უეფას პირველადი ცნობა ჩერნოგორიასა და რუსეთის ეროვნული ნაკრებების მატჩის გადადების შესახებ.

ევროპის 2016 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურის მატჩი ჩერნოგორიის ქალაქ პოდგორიცაში გაიმართა და რომ არა გულშემატკივრების უდისციპლინო საქციელი, თამაში იქეთკენ მიდიოდა მეტოქეები უგოლო ფრეზე გაეყრებოდნენ. მატჩი დაიწყო თუ არა რუსთა მეკარეს იგორ აკინფეევს თავში მაშხალა მოხვდა და შეხვედრა 33 წუთით შეწყდა. აკინფეევს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მოედნიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეორე ნახევარში ჩერნოგოერიელმა მეკარემ ვუკასინ პოლეკშიჩმა რომან შიროკოვის მიერ დარტყმული პენალტი მოიგერია, გულშემატკივრები საგნებს კვლავ ესროდნენ ფეხბურთელებს და ამან საბოლოოდ მოთამაშეებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. საბოლოოდ გერმანელმა არბიტრმა დენის აიტეკინმა შეხვედრა შეწყვიტა და ფეხბურთელებს მოედნის დატოვებისკენ მოუწოდა.

აღნიშნული მატჩის მეორე ტაიმის დაწყებამდე, შესვენებაზე, მატჩის ნაადრევად შეწყვეტის შესახებ საუბარი მიდიოდა, რადგან გულშემატკივრები არ ცხრებოდნენ. აგრეთვე ჩერნოგორიული მედია იუწყება, რომ შეხვედრის ჩაშლის შემდეგ, სტუმართა მოთამაშე დმიტრი კომბაროვი აიტეკინს მიანიშნებდა, რომ მოედნიდან გამოსროლილი საგანი მოხვდა.

მატჩის შემდეგ ჩერნოგორიელთა თავკაცმა ბრანკო ბრნოვიჩმა განაცხადა, რომ მისი ფეხბურთელები ამ ფაქტით იმედგაცრუებულნი არიან.

“რუს ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და დელეგაციას ბოდიშს ვუხდი მომხდარისთვის. მეორე ინციდენტის შემდეგ მატჩის ჩაშლა გასაკვირი არც იყო. ჩემი ფეხბურთელები განადგურებულები არიან, სიტყვები არ ჰყოფნით და არც მე მსურს ამ ყველაფრის შემდეგ რამე ვთქვა. ჯგუფიდან გასვლის მცირე შანსი გვაქვს და აგრეთვე დიდი სასჯელის წინაშე ვდგავართ. საბედნიეროდ, ჩვენი ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტ დეიან სავიჩევიჩს უეფაში კარგი რეპუტაცია აქვს და იმედია ძველებურ რელსებზე გადავეშვებით.” – განაცხადა ბრნოვიჩმა.

რუსეთის ეროვნული ნაკრების თავკაცმა ფაბიო კაპელომ კი აღნიშნა, რომ მატჩის შეწყვეტა სწორი გადაწყვეტილება გახლდათ.

“მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. პირველი ინციდენტის შემდეგ დელეგატმა გვითხრა, რომ გაგვეგრძელებინა შეხვედრა და ჩვენც მოგვიწია. ჩვენი მეკარე საავადმყოფოში გადაიყვანეს და იგორს კისრის დამწვრობები აქვს.” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

ჩერნოგორიელმა გულშემატკივრებმა საწადელს მიაღწიეს და მატჩი ჩაიშალა. უეფამ აღნიშნული ფაქტის შესახებ მცირე მიმოხილვა გააკეთა და აღნიშნა, რომ მატჩის დელეგატისა და მსაჯის მოხსენებას ელოდება. აი ამის შემდეგ კი დიდი ალბათობით ბალკანელები მკაცრ სასჯელს ვერ გადაურჩებიან. სავარაუდოდ ჩერნოგორიას 0:3 წაგება ჩაეთვლება, ეროვნულ ფედერაციას ფულადი სანქცია დაეკისრება და რაც მთავარია, ჩერნოგორიის ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებს რამდენიმე თამაშის ხილვა სახლიდან მოუწევთ|, რადგან ბრანკო ბრნოვიჩის შეგირდები საშინაო მატჩებს ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩაატარებენ.

0.216083