კალათბურთი

23:16 | 27.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცსკა-მ მარკოიშვილის გარეშე იმარჯვა

ქართველი კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი ცსკა-სთან ერთად ნიჟნი ნოვგოროდში კი გაემგზავრა და ევროლიგის ტოპ-16-ის მატჩისთვის გუნდის სათადარიგოთა სკამზეც იჯდა, თუმცა, თამაშში მონაწილეობა იმ უბრალო მიზეზის გამო არ მიუღია, რომ ბერძენმა თავკაცმა დიმიტრის იტუდისმა განაცხადში არ შეიყვანა.

მოსკოველთათვის თამაში ძალიან მძიმე გამოდგა. პირველ ტაიმში ლევან ფაცაციას ყოფილი კლუბი 15 ქულითაც კი იგებდა, თუმცა, მე-3 მეოთხედში სტუმრებმა მასპინძლები 25:7 გაანადგურეს და ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილას დადგა.

ცსკა-ს რიგებში 21 ქულით საუკეთესო სონი უიმსი იყო, საშა კაუნმა 16 ქულა ჩააგდო, მილოშ ტეოდოსიჩმა კი – 13. “ნიჟნი ნოვგოროდის” ამერიკელმა ლიდერმა ტეილორ როჩესტიმ 21 ქულას 6 პასი წაამატა.

მარკოიშვილის კლუბმა 2 მარცხის წილ მე-10 გამარჯვება იზეიმა და F ჯგუფის ლიდერ სტამბოლის “ფენერბაჰჩეს” გაუთანაბრდა. ცსკა მომდევნო მატჩს 3 აპრილს, შინ, ერთ-ერთ უმთავრეს კონკურენტ პირეოსის “ოლიმპიაკოსთან” ჩაატარებს.

0.111749