სხვა

17:11 | 26.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

სპრინტის დედოფალი

სეულის 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელს მაია აზარაშვილს 100 და 200 მეტრზე რბენაში კიდევ უამრავი ტიტული და ჯილდო მოუპოვებია. მრავალი წლის განმავლობაში გადიოდა სარბენ ბილიკზე და უცილობლად მაღალ შედეგს აჩვენებდა. ერთ-ერთი ასეთი გამოსვლა იმავე სამხრეთ კორეაში ჩატარებული ოლიმპიადის 200 მეტრზე გარბენა გახლავთ.

ქალბატონმა მაიამ წარმატებით დაძლია წინასწარი ეტაპები და ფინალურ გარბენში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. მარტო ეს ფაქტი უდიდესი წარმატება გახლავთ, მით უმეტეს გადამწყვეტი გარბენის 8 მონაწილეს შორის სპრინტის, მძლეოსნობისა და მთლიანად სპორტის ისეთი ლეგენდარული ათლეტები იყვნენ, როგორებიც ამერიკელები ჯესი ჯოინერ კერსი და გვენ ტორენსი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი ჰაიკე დრექსლერი, იამაიკელები ჯულიეტ კეტბერტი და მერლინ ოტი არიან. და აი ასეთ უძლიერეს თანავარსკვლავედში მაია აზარაშვილი მეშვიდე ადგილზე გავიდა, ტიტული კი მსოფლიო რეკორდით ტორენსმა მოიგო.

თითქმის 15 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა მაია აზარაშვილი უმაღლეს სპორტულ ფორმას და მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატებზე, მძლეოსნობის “ოქროს ლიგაზე” ყოველთვის მოწინავეთა შორის იმკვიდრებდა ადგილს. 1994 წელს ჰელსინკის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სახელით გამოსვლისას მეოთხე საპატიო ადგილს დაეუფლა. ქალბატონი მაია 100 და 200 მეტრზე რბენაში დღემდე საქართველოს რეკორდს ინარჩუნებს.

ბევრ ჯილდოთაგან ორ მათგანს გამოვყოფთ. სამშობლოში მაია აზარაშვილს “სპორტის რაინდის” ტიტული უბოძეს, იტალიაში კი მას ორი ვერცხლის ვარდი გადასცეს და 100 და 200 მეტრზე რბენაში “დონა სპრინტ” (სპრინტის დედოფალი) უწოდეს.

აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ მაია აზარაშვილი 9 წლის განმავლობაში კომპეტენტურად, მონდომებით, უნარიანად მუშაობდა საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის გენერალურ მდივნად, ამჟამად კი ორგანიზაცია “სპორტი ყველასთვის” მეშვეობით ეწევა მძლეოსნობის და საერთოდ ცხოვრების აქტიური სტილის პოპულარიზაციას.

ტოტალიზატორი “ლიდერ ბეთი” მის მიერ დამკვიდრებულ ტრადიციას არ ღალატობს და ამჯერად სწორედ მაია აზარაშვილს უმასპინძლა. ქალბატონ მაიას გულთბილად მიესალმნენ ოლიმპიური ჩემპიონები ნინო სალუქვაძე, ვახტანგ ბლაგიძე, კახი კახიაშვილი, სპორტის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი მეძმარიაშვილი, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი დოლაბერიძე, სპორტული ჟურნალისტები. გამომსვლელებმა ქალბატონ მაიას სპორტულ შედეგებთან ერთად, მის პიროვნულ თვისებებზე გაამახვილეს ყურადღება, ჯანმრთელობა, წარმატება და კვლავინდებურად ქართული მძლეოსნობის სამსახურში ჩადგომა უსურვეს.

ძველი ბერძნები ამბობდნენ: თუ გსურს იყო ჯანმრთელი, ირბინე, თუ გსურს იყო ლამაზი, ირბინე, თუ გსურს იყო ჭკვიანი, ირბინე. მაია აზარაშვილის განვლილი ცხოვრების გზა და სპორტული კარიერა ამ სიბრძნეს კიდევ ერთხელ ადასტურებს...

0.143225