ინგლისური მედიის ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსი” მზადაა ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მეკარე პიტერ ჩეხი 10 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაყიდოს. როგორც თავად გოლკიპერმა განაცხადა, აღარ სურს მომდევნო სეზონში ტიბო კურტუას ჩრდილქვეშ ყოფნა.
მიმდინარე სეზონის განმავლობაში ჩეხს რამდენიმე ევროპულ გრანდს უკავშირებდნენ, მათ შორის ყველაზე რეალურ კანდიდატად “რომაა” მიჩნეული. ჯერჯერობით უცნობია მსურველი კლუბი გადაიხდის თუ არა ჩეხი მეკარის სანაცვლოდ 10 მილიონ გირვანქას.
მიმდინარე სეზონში ჩეხმა “არისტოკრატების” მაისურით 14 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 9 გოლი და 8 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოასწრო. პრემიერლიგაში პიტერმა 5 მატჩი გამართა და მისთვის გოლი არ გაუტანიათ. 32 წლის მეკარეს “ჩელსისთან” კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს.